Home Blog

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის ფედერალური მთავრობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დახმარების ახალი პაკეტით უკრაინამ ბუნდესვერის მარაგებიდან გერმანიის ქარხნებში წარმოებული 18 ათასი 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი მიიღო, ასევე, Leopard-ის ტანკებისთვის ჭურვები, 14 სადაზვერვო Vector-ის დრონი და 30 სადაზვერვო Heidrun დრონი.

ამის გარდა, გერმანიამ უკრაინას გადასცა 5 სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Warthog, 6 ყველგანმავალი მანქანა – Warthog, 6 გამნაღმველი მანქანა -WISENT 1, 2 , BEAVER, 3 მანქანა საზღვრის დასაცავად და ა.შ.

დახმარების პაკეტში, ასევე, ნახსენებია SATCOM დაკვირვების სისტემა, 330 ინფრაწითელი კამერა, 2,056 Matador ყუმბარმტყორცნი და ა.შ.

გერმანიის მთავრობამ ასევე დახმარების სია განაახლა, რომლის უკრაინისთვის გადაცემაც მომავალში იგეგმება. მასში შედის საბრძოლო მასალა საზენიტო-სარაკეტო Patriot კომპლექსებისთვის, 20 Marder ჯავშანმანქანა და სხვა აღჭურვილობა.

“იმედგაცრუებული ვართ რუსეთის გადაწყვეტილებით, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიმართ გაერო-ს სანქციების მონიტორინგის განახლებას ვეტო დაადო|

აშშ იმედგაცრუებულია რუსეთის გადაწყვეტილებით, რომელმაც ვეტო დაადო გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების მონიტორინგის განახლებას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, და ჩინეთის გამო, რომელმაც თავი შეიკავა კენჭისყრისგან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„აშშ ძალიან იმედგაცრუებულია რუსეთის ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ ასევე იმედგაცრუებული ვართ, რომ ჩინეთმა 14 წლის შემდეგ გადაწყვიტა, თავი შეიკავოს ამ მნიშვნელოვანი მანდატის მხარდაჭერისგან. ექსპერტთა პანელი იყო ოქროს სტანდარტი ფაქტებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ანალიზისა და რეკომენდაციების მიწოდებისთვის ჩრდილოეთ კორეის მიმართ გაერო-ს სანქციების განხორციელების შესახებ. ამ 15 წლის განმავლობაში ექსპერტთა საბჭო სარგებლობდა უშიშროების საბჭოს ერთსულოვანი მხარდაჭერით და ამ წლამდე ხდებოდა მისი განახლება კონსენსუსით. რუსეთის ქმედებებმა დღეს ცინიკურად შეარყია საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება. ეს ყველაფერი ხდება იმ კორუფციული გარიგების წინსვლისთვის, რომელიც მოსკოვმა დადო ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთის ვეტო იყო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის გამოყენებასაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაძლიერებლად შეძლებს“, – განაცხადა მილერმა.

“სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოა“ პასუხისმგებელი გასულ კვირას მოსკოვში მომხდარ საზარელ თავდასხმაზე”

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ უარყო რუსეთის „აბსურდული“ ბრალდება მოსკოვის ოლქში განხორციელებულ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობაზე.

ჯონ კირბის თქმით, აშშ-მა რუსეთის უშიშროების სამსახურებს გადასცა წერილობითი გაფრთხილება მოსკოვში ექსტრემისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ.

„სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოა“ პასუხისმგებელი გასულ კვირას მოსკოვში მომხდარ საზარელ თავდასხმაზე. აშშ ცდილობდა ამ ტერაქტის თავიდან აცილებას და კრემლმა ეს იცის“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემსრულებლებმა თანხები და კრიპტოვალუტა უკრაინიდან მიიღეს.

“იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა”

დღეს რომ ერთად ვართ შეკრებილნი სასულიერო პირები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა, – ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაიგ ნაბიევმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუსლიმთა სამმართველო მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს შორის მყარი ხიდის როლს ასრულებს.

„ტოლერანტულ, ძმურ და მეგობრულ გარემოში ორგანიზებულ ამ იფთრის ვახშამზე თქვენთან ერთად ყოფნის საშუალება რომ მოგვეცა, ამისათვის ღმერთს მადლობას ვუხდი. ეს ტრადიცია უკვე წლებია, გრძელდება. ამ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის შედეგად რესტავრირდა და აშენდა არაერთი მეჩეთი და სამლოცველო. მუსლიმური თემის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიებები, კონფერენციები და შეხვედრები. წლებია, ტრადიციად ჩამოყალიბდა იფთრის ცერემონიების გამართვა. სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური თემისადმი გამოჩენილი ყურადღება და პატივისცემა კარგი ტრადიციაა, რასაც მუსლიმები ყველგან პატივისცემით აღვნიშნავთ“, – აღნიშნა შეიხმა.

“ოპოზიცია გეგმავდა გამოეყვანა ხალხი ქუჩაში და იმედოვნებდა, რომ მოეწყობოდა გადატრიალება, მაგრამ გამოუვიდათ ფალსტარტი”

საქართველოში ფინანსები შემოდის დასავლეთიდან და არა მხოლოდ დასავლეთიდან. ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ან ევროპის გავლით რუსული ფულით ფინანსდება. თუმცა, როდესაც დასავლური დაფინანსება ხდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ საქართველოში შემოსული თანხების გამჭვირვალობისათვის აუცილებელია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი „გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის“ მსგავსი კანონის მიღება.

სოზარ სუბარის თქმით, დასავლეთის მხრიდან იყო მცდელობა იმის, რომ ხალხს დაეჯერებინა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მავნებლობის, თუმცა ამ მცდელობამ, საბოლოოდ აჩვენა ის, რომ რადიკალური ოპოზიცია მოქმედებდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ოპოზიციის ქმედებას, „ხალხის ძალის“ ლიდერის თქმით, ფარდა აეხადა და ახლა მოსახლეობას მათი ტყუილების აღარ სჯერა.

„უტიფრები, თავხედები და მატყუარები არიან ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და ამიტომაცაა მათი ნდობა ქართულ საზოგადოებაში დასულია ნულის დონეზე. რაც შეეხება კანონს, დიახ ეს კანონი (საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი „გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის“ მსგავსი კანონი) გვჭირდება იმიტომ, რომ პირველ რიგში, თუ ვინმეს ცუდი მიზნები აქვს საქართველოში, ამის შესახებ ვიცოდეთ და მეორე, ხალხმა იცოდეს კარგი მიზნების შესახებაც. საქართველოში ფინანსები შემოდის დასავლეთიდან და არა მხოლოდ დასავლეთიდან.

ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ან ევროპის გავლით რუსული ფულით ფინანსდება. თუმცა, როდესაც დასავლური დაფინანსება ხდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ. მადლობას ვეტყვით ორგანიზაციას, რომელიც ვთქვათ, იტყვის, რომ დააფინანსებს მცხეთის ჯვრის რეაბილიტაციის პროექტს, ან დაეხმარება უქონელ ბავშვებს, ან გასცემს სხვადასხვა დაავადებული ბავშვებისთვის გრანტებს და ა.შ. მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ ვინ აფინანსებს ტრენინგებს სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, ესწრება თუ არა ამ ტრენინგებს აშშ-ს ელჩი (ამ შემთხვევაში ეჭვი გვაქვს ყოფილ ელჩზე, კელი დეგნანზე, რომელიც ესწრებოდა აკერმანის ტრენინგებს ბაკურიანში), ფინანსდება თუ არა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ფულით ისეთი ტრენინგები, სადაც ასწავლიან ახალგაზრდებს როგორ შეიჭრან პარლამენტში ბულდოზერების გამოყენებით, როგორ ესროლონ „მოლოტოვის კოქტეილები“ პოლიციელებს, როგორ დაწვან პოლიციის მანქანები და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, რათა მადლობა ვუთხრათ მეგობრებს, იმ ორგანიზაციებს და დონორებს, რომლებიც კარგ საქმეებს აკეთებენ და ისიც უნდა ვიცოდეთ, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ვინ ცდილობს.

გასული წლის მარტში ძალიან ცუდი იყო ის, რომ ხალხს დააჯერეს თითქოს არასწორი რამ კეთდებოდა. ადამიანებმაც დაიჯერეს ეს ისე, რომ არც წაუკითხავთ კანონი. ესეც იმიტომ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერი ივიწყებდა იმას, რაც უკრაინაში ხდებოდა, საზარელ სისხლისღვრას, ომს და დღეში სამჯერ ბრიფინგს ატარებდა უწყინარ, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან საჭირო კანონის თემაზე. ხალხმა დაიჯერა, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა და 7 და 8 აპრილის გამოსვლების შემდეგ, გადაწყდა კანონპროექტის გაწვევა. თუმცა, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს იყო პიროსის გამარჯვება მაშინდელი ოპოზიციისთვის და რადიკალური NGO-ებისთვის, იმიტომ, რომ ზუსტად ამ უკან დახევამ მოგვცა საშუალება ფარდა ჩამოგვეხსნა მათი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის. მას შემდეგ ხალხი ასე ადვილად არ იჯერებს მათ ტყუილებს და კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც ეს იყო პიროსის გამარჯვება – ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ მუხტი გასული წლის ბოლოსათვის, რათა თუ საქართველო არ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ეს დაებრალებინათ ხელისუფლებისათვის, რის შემდეგაც გეგმავდნენ გამოეყვანათ ხალხი ქუჩაში და იმედოვნებდნენ, რომ მოეწყობოდა გადატრიალება, მაგრამ გამოუვიდათ ფალსტარტი, გამოუვიდათ პიროსის გამარჯვება და ვერაფერსაც ვერ მიაღწიეს. საბოლოოდ საქართველომ მიიღო დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“ვემზადებით რაფაჰში შესასვლელად” – ნეთანიაჰუ

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცების ოჯახებთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ მთავრობა არავის მიატოვებს.

„ვიცი, რომ ყოველი დღე ჯოჯოხეთია. თქვენი შვილები ჩვენი გმირები არიან. ისრაელის გმირები“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახებს განუცხადა, რომ მხოლოდ სამხედრო ზეწოლა უზრუნველყოფს მძევლების გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ ისრაელი „ემზადება რაფაჰში შესასვლელად“.

“საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მუსლიმ თემს რამადანის ერთთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა და ბედნიერება, კეთილდღეობა, წარმატებები უსურვა.

„მუსლიმ თემს,  ჩვენს განუყოფელ ნაწილს, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის  აღმშენებლობაში და ჩვენს ძმობას ძალიან დიდი ისტორია უმაგრებს ზურგს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძმობის  ეს ტრადიცია და ამას საქმითაც ვამტკიცებთ. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დღემდე გადასცა 237 მეჩეთი, გადასაცემად გამზადებულია კიდევ 20. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დაფინანსება გაუზარდა 4 150 000 ლარამდე და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა. დღესაც, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას, საზოგადოების ყველა ჯგუფს, ყველა რელიგიურ თემს, თითოეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეა და ამისთვის ჩვენ, სახელმწიფო, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ,”- განაცხადა პრემიერმა.

იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

“უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა სწრაფად დაამტკიცოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კიევისთვის”

უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა სწრაფად დაამტკიცოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კიევისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„კონგრესის მიერ უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების სწრაფი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ წარმომადგენელთა პალატაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ მთავარია, უკრაინის დახმარების საკითხი გამაერთიანებელ ფაქტორად დარჩეს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯონსონს მიაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ და ასევე ისაუბრა „რუსეთის საჰაერო ტერორის დრამატულ ზრდაზე“.

ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, სამძებრო სამუშაოები შეწყდა

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო, დროებით შეწყვეტილია.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა დღეს ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული.

“ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში” – ნიკა გვარამია

მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია წერს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და მას ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

„ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. კომიტეტის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოსთვის და მის პრაქტიკაში მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება (მით უმეტეს, ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე) სრულიად უგულვებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული.

მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება. სხვა თუ არაფერი, სამართლებრივი ეთიკის საკითხია, რომ უფრო მეტად აღარ განვავრცო ეს საკთხი“,- წერს გვარამია.

ინფორმაციისათვის, „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ნიკა გვარამიას სარჩელი. ამის შესახებ თავად გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მაშ დემდეგ მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

“რუსეთის შეტევა მაისის ბოლოს ან ივნისში შეიძლება დაიწყოს, ხოლო უცხოური დახმარება უკრაინას ახლა სჭირდება”

უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის შეტევა მაისის ბოლოს ან ივნისში შეიძლება დაიწყოს, ხოლო უცხოური დახმარება უკრაინას ახლა სჭირდება, რათა ვითარების სტაბილიზება მოახდინოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ სუმის ოლქში მისცა, რომელიც მუდმივი საარტილერიო დაბომბვების პირობებშია.

“ჩვეულებრივ, როდესაც არტილერიით უტევენ და სოფლებს ანადგურებენ, ამის შემდეგ ისინი ყოველთვის მათ ოკუპირებას ცდილობენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, მან სასაცილო უწოდა მოსკოვში ტერაქტის მომზადებაში უკრაინის დადანაშაულების მცდელობებს.

“მას [პუტინს] არ აღელვებს ეს ტერორისტული აქტია, ეკონომიკური აქტია, ნავთობის მრეწველობაა თუ ამ სფეროებიდან რომელიმე… [ის] გამოიყენებს ამას თავისი საზოგადოების მაქსიმალურად გასაერთიანებლად – მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მსხვერპლისა და დაჭრილების ასეთი რაოდენობაა, ის ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზნისთვის იყენებს – გაამართლოს, რომ უკრაინა არ არსებობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანია საბჭოთა კავშირს მისი იმპერიული დიდება და გეოგრაფიული საზღვრები დაუბრუნოს.

“მისთვის ჩვენ რუსეთის ფედერაციის სატელიტი ვართ. ამ მომენტისთვის ეს ჩვენ ვართ, შემდეგ – ყაზახეთი, შემდეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ პოლონეთი, შემდეგ გერმანია. როგორც მინიმუმ გერმანიის ნახევარი…

ეს აგრესიაა და პუტინის არმია შეიძლება ევროპაში მივიდეს, და მაშინ შეერთებული შტატების მოქალაქეებს, შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ევროპის დაცვა მოუწევთ, ვინაიდან ნატოს წევრი არიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

„მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ნებსით თუ უნებლიეთ, საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას“

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღიდან დევნილი გარკვეული წრეები ნებსით თუ უნებლიეთ დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ სომხეთს ერთი მთავრობა ჰყავს და ის ახლა ამ დარბაზშია. მინდა, ეს გზავნილი მკაფიოდ დააფიქსიროთ და საჭიროების შემთხვევაში, უნდა იყოს მიღებული შესაბამისი ზომები, რომ გარე ძალების გარკვეულმა წრეებმა ასევე არ გამოიყენონ ეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შესაქმნელად. რა გამოდის, რომ ყველას შეუძლია ბინის დაქირავება და აბრის ჩამოკიდება წარწერით – „რაღაც მთავარობა“. უკაცრავად, მაგრამ მსგავსი ქმედებები სახელმწიფოს მისამართით პატივისცემის ხაზს კვეთს, სხვა ლოგიკას იძენს და არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს სომხეთის მხრიდან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ეს განცხადება ფაშინიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფრანგულ გამოცემა „ლე ფიგაროში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ სამველ შახრამანიანთან, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე „არსებობს თუ არა მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო და მისი გახიზნული მთავრობა“, ასე უპასუხა: „დიახ, შენობაში, სადაც თქვენ ახლა გმასპინძლობთ, ერევანში, მდებარეობს არცახის პრეზიდენტის ოფისი, ასევე სასამართლო და საკანონმდებლო სტრუქტურების ოფისები“.

ცნობისთვის, შახრამანიანმა შარშან სექტემბერში ხელი მოაწერა ბრძანებას თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ყველა უწყების თვითლიკვიდაციის შესახებ.