Home Blog

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მარტისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6953 ლარი ეღირება, ევრო – 2.9063 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4007 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ღირდა, ევრო – 2.9112 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4035 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 მარტს ამოქმედდება.

საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბერში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პ.გ.-მ ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა.

„აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებულ იქნა.

სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

“ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით” – პრემიერი

ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5 % და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქსტატის ანგარიშს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

„ყველაფერი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021-ში, 2022-ში, შარშან გვქონდა 7.5 %, ახლა, თებერვალში გვაქვს 9.5%. საბოლოო ჯამში, გვაქვს იმედი, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იქნება შარშანდელზე უკეთესი. ეს არის მთავარი, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, მოსახლეობის დაახლოებით 15% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, სწორედ ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, იგივე სიღარიბის შემცირების კუთხით, გვექნება ეკონომიკური წინსვლა,“- განაცხადა პრემიერმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა.

“უცხოეთში მყოფმა ქართველებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის მიმდინარე წლის არჩევნებისთვის დამატებითი უბნების გახსნას მხარს უჭერს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მისივე განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, ქართველებმა საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ.

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის. ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!“- წერს სააკაშვილი.

“სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არ აქვს არჩევნებზე საუბრის მორალური უფლება, რადგან ვეტოს გამოყენებით პირდაპირ მხარს უჭერდა ცესკო-ში ჩიხის შენარჩუნებას”

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტს საერთოდ არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, რადგან ის თავისი ვეტოთი პირდაპირ მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად, რატომ? იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს ხვდებოდეს კალანდარიშვილს, ეს ერთი და მეორე – მას საერთოდ არ აქვს მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე, რადგან თავის ვეტოთი პირდაპირ მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი და ეს სპეკულაციებიც, რომელსაც შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია. ამ კამპანიას შეუერთდა დღეს კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანი არის, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია” – ირაკლი კობახიძე

მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მის კომუნიკაციას შეეხებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ტიპის რჩევა მისცა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურს, პრემიერმა ასე უპასუხა:

„რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე. რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს, მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი შიდა საქმე. ყველაფერი, მერწმუნეთ, წარიმართება ისე, როგორც გათვალისწინებულია პარტიის წესდებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მთავარი პოლიტიკური მრჩეველი და სწორედ, ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილებასთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარესთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას მართავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს, რაც, ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ხარვეზია.

„ჩვენ შევიკრიბეთ მეორედ, ამჯერად ცესკო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან ერთად და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან, რათა განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დიასპორისთვის ხმის მიცემის საშუალების გამარტივებას ეხება. ეს საკითხი დიდი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და საინტერესოა არა მხოლოდ დიასპორაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოში მყოფი მოქალაქეებისთვის. პრაქტიკულად, ყოველ ოჯახში არის ვიღაც, რომელიც წასულია და ცხოვრობს საზღვარგარეთ. ამდენად, საკითხის მიმართ ერთობლივი ინტერესი არსებობს საქართველოში მაცხოვრებელი მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების მხრიდან. ჩვენ უკვე გვქონდა ერთია შეხვედრა, ასევე ორი საუბარი „სკაიპით“ დიასპორის წარმომადგენლებთან, რასაც გავაგრძელებთ. საჭიროა, განვიხილოთ, რა ვითარება არსებობს.

პირველი მნიშვნელოვანი ხარვეზი არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში, უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც საკმაოდ გაუგებარია. მთელი პროცესი დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნის შესახებ.საკონსულოებიდან საგარეოს უნდა გადაეცეს ინფორმაცია უბნების გახსნის თაობაზე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადმოსცეს ცესკო-ს. ეს არის პირველი ეტაპი. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ჩატარდეს საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია, საინფორმაციო კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერი გაკეთებული არ არის. ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია მნიშვნელოვანია ახლა და არა ოთხ-ხუთ თვეში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შემდეგ ეტაპზე ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროზე არის დამოკიდებული საარჩევნო აღრიცხვა, რეგისტრაცია, სიების გადაცემა ცესკო-სთვის. მისივე თქმით, ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობა საჭირო.

„ვიდრე დრო არის, ეს უნდა გამოსწორდეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად ყველა ხარვეზი გამოსწორდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის თანახმად, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკონსულო აღრიცხვაზე თუ არიან და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, იქ გაიხსნას საარჩევნო უბანი. ამაზე კანონი არსებობს, მეორე მხრივ კი ოფიციალურად გვეუბნებიან პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა აცხადებს, რომ ვერ და არ შეასრულებენ ამ კანონს. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნითო, კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ შეუძლებელიაო. ხან ამბობენ, რესურსები არ გვაქვსო, ხან ყოველ პადიეზდში არ გავხსნითო, რაც ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება გაკეთდეს.

ჩვენ მომავალ კვირას კიდევ გვექნება შეხვედრა ელჩებთან და საკითხი შეიძლება მოგვარდეს. რამდენადაც ვიცი და თუ ასე არ არის, მზად ვარ, მოვისმინო შესწორება, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი საუბარი არ ყოფილა აქ მყოფ ელჩებთან, რათა ამ საკითხმა წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები. ეს არის სრულიად შესაძლებელი. ამის მაგალითი არსებობს ძალიან ახლოს ჩვენთან, მოლდოვამ ჩაატარა არჩევნები და 150 საარჩევნო უბანი გახსნა არჩევნებისთვის. მოლდოვას თუ შეუძლია, ალბათ ჩვენც შეგვიძლია და რატომ ვამბობთ, რომ ამისი რესურსები არ გვაქვს. გასულ შეხვედრაზე განცხადება მოვისმინე ცესკო-სგან, რომ გვაქვს რესურსები, რაც იქნება საჭირო დამატებითი უბნების გასახსნელად, თუ მივიღებთ ინფორმაციას საგარეოსგან. ამიტომ ვამბობ, რომ ერთგვარი პინგ-პონგია დაწყებული – საგარეოსგან თუ მივიღებთ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, დავიწყოთ მუშაობა უბნების გახსნაზეო.

სხვადასხვა ქალაქში, სადაც ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის სივრცეები – ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართი, რასაც იყენებენ დიასპორული ორგანიზაციები და აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდო, ან ვიმუშაოთ, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, ასეთი სივრცე მოვიპოვოთ. არსებობს პრაქტიკაც, მოლდოვის მაგალითზე, როცა პარტნიორი ქვეყნები ჩვენს სასარგებლოდ გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი გამოსავალია.

მთავარია, ადგილი არ ჰქონდეს არავითარ დისკრიმინაციას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და ჩვენ შევუწყოთ ხელი. გასაგებია, რომ ყველგან და ყველა ადგილას, სადაც 50 ადამიანი ცხოვრობს, ალბათ შესაძლებლობა არ იქნება უბნების გახსნის, მაგრამ უნდა დაიწყოს პროცესი, რომ რამდენიმე ქვეყანაში, ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობაა დიასპორის, გაიხსნას საარჩევნო უბნები. ეს პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც შემდგომ არჩევნებში ალბათ კიდევ სხვა ფორმას მიიღებს.

დღევანდელი ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას მივცეთ საარჩევნო უფლება და არ გამოვიყენოთ მათ მიმართ არც დისკრიმინაცია, არც შეურაცხმყოფელი გზავნილები, რაც ჩემთვის და, მგონი, მთელი საზოგადოებისთვის გაუგებარია. არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, როდესაც ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას, პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ. საჭიროა, მათ, ვინც იქ მოღვაწეობოენ ან წვალობენ კიდეც, მივცეთ ის საშუალება, რაც ეკუთვნით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა” – პრემიერი

საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

„გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მისთვის გაეროსთვის მიმართვა არის პატარა ტრიუკი, რომლითაც ცდილობს გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას, თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა. ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რა დანაშაული ჩაიდინა გვარამიამ, კონკრეტულ შემთხვევაში. წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია თავიდან ვერ აირიდებს”, – განაცხადა პრემიერმა.

„რატომ არის თურქეთი მნიშვნელოვანი ენერგიით მდიდარი ქვეყნებისთვის?“ – TRT

თურქეთის ტელერადიომაუწყებლობის TRT-ის (Türkiye Radyo ve Televizyon) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არის თურქეთი მნიშვნელოვანი ენერგიით მდიდარი ქვეყნებისთვის?“, რომელშიც განხილულია თურქეთის როლი ევროპაში ერაყული, ირანული, თურქმენული, რუსული, კატარული და აზერბაიჯანული ენერგეტიკული რესურსების მიწოდების თვალსაზრისით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თურქეთი, ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული რეზერვების ევროპაში მიწოდებისთვის გზაჯვარედინზე მდებარეობს.

ამ მიზეზით დაიწყო თურქეთის ენერგოცენტრად ქცევის პროექტი. ამ კონტექსტში თრაკიაში ენერგოსადგური შენდება. ასევე იგეგმება ენერგო ბირჟის დაარსება სტამბოლში, ათაშეჰირის ფინანსურ ცენტრში. პროექტით თურქეთი აღარ იქნება მხოლოდ ბუნებრივი გაზისა და ნავთობის სატრანზიტო ქვეყანა. ის გახდება ქვეყანა, რომელიც უშუალოდ აწარმოებს ენერგეტიკულ ვაჭრობას.

თურქეთის გარშემო არსებულ ყველა ქვეყანას სურს მონაწილეობა მიიღოს ზემოთ აღნიშნულ პროექტში, რადგან რესურსების არსებობის გარდა, მყიდველთა რაოდენობის გაზრდა თანაბრად მნიშვნელოვანია ენერგორესურსების მფლობელ ქვეყნებისთვის.

ერაყი: ქვეყანას აქვს 9 ნავთობის უდიდესი მარაგი მსოფლიოში, დაახლოებით 150 მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგით. ბუნებრივი აირის მარაგი შეესაბამება მსოფლიო მარაგის 1,9%-ს. ერაყისა და თურქეთის მიერ ერთობლივად განხორციელებული განვითარების გზისა და ფავის პორტის პროექტები დიდ გავლენას მოახდენს საერთაშორისო კონიუნქტურაზე. 2028 წელს დაგეგმილი პროექტის დასრულება, სუეცის არხისა და კეთილი იმედის კონცხის ხაზებს დაემატება. ერაყის ნახშირწყალბადების რესურსების გარდა, ყურის რეგიონის ენერგორესურსების ტრანსპორტირება შესაძლებელია ევროპასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის გავლით. განვითარების გზის პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ერაყსა და თურქეთს შორის ბუნებრივი აირისა და ნავთობის ახალი მილსადენების მშენებლობაც.

ირანი: თეირანის მთავრობას აქვს დაახლოებით 156 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობის მარაგი და 34 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი. ამჟამად თურქეთსა და ირანს შორის გადის ბუნებრივი აირის მილსადენი, რომელიც ყოველწლიურად საშუალოდ 6 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ატარებს. თუმცა, ირანის ადმინისტრაცია დიდი ენთუზიაზმით არის დაინტერესებული თავისი ბუნებრივი აირის ევროპაში თურქეთის გავლით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შემდეგ, ანკარა დარწმუნებულია, რომ თეირანი კარზე დააკაკუნებს ევროპაში ნავთობის მიყიდვის მიზნით.

აზერბაიჯანი: ქვეყანას აქვს 1,5 მილიარდი ტონა ნავთობი და 2,2 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი, რომელიც დადასტურებულია დღევანდელი ტექნოლოგიით. არსებული ბუნებრივი გაზსადენით თურქეთში ყოველწლიურად 12 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იგზავნება. ამ გაზის 6 მილიარდი კუბური მეტრი ევროპის ქვეყნებში TAP-ის მილსადენით ტრანსპორტირდება. უახლოეს წლებში მილსადენის გამტარუნარიანობის გაორმაგება იგეგმება. მოგვიანებით, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ახალი მილსადენების მშენებლობაც.

რუსეთი: რუსეთი, დაახლოებით 38,9 ტრილიონი კუბური მეტრი მარაგით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა ბუნებრივი აირით. რუსეთი ასევე მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში 107 მილიარდ 804 მილიონი ბარელი ნავთობის მარაგით. რუსეთს სურს იყოს თურქეთის ენერგეტიკული ჰაბის მთავარი მიმწოდებელი. ომის დროს, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ფუნქციონირების დაკარგვამ რუსეთი აიძულა მთლიანად თურქეთს მიბრუნებდა. რუსეთს, რომელიც ამ გზით მთლიანად გვერდს აუვლის უკრაინას, სურს გაზარდოს ბუნებრივი აირის ევროპაში გაყიდვები თურქეთის გავლით. რუსეთი თავისი ენერგეტიკული ცენტრის მსოფლიოსთვის გადაცემასთან ერთად „თურქული ნაკადი 2“-ის განხორციელებას გეგმავს.

თურქმენეთი: შეფასებულია, რომ 15 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგით მე-4 ქვეყანაა. ქვეყანა ყოველწლიურად თითქმის 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწარმოებს. თურქმენეთი თითქმის მთელ ბუნებრივ აირს ყიდის ჩინეთს. ამ მიზეზით, ქვეყანა მიზნად ისახავს საკუთარი რესურსების დივერსიფიკაციას. ცოტა ხნის წინ თურქეთსა და თურქმენეთს შორის ბუნებრივ გაზზე თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ორ ქვეყანას შორის პროექტი მიზნად ისახავს თურქმენეთის ბუნებრივი აირის ბაქოში ტრანსპორტირებას ტანკერებით და TANAP-ის ხაზით მისი ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ევროპის ქვეყნებში გადატანას.

კატარი: ნავთობის მთლიანი მარაგი შეფასებულია 25,2 მილიარდ ბარელად. ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურად აწარმოებს 75,9 მილიონ ტონა ნავთობს, ასევე აქვს 24,7 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი. კატარი, რომელიც ყურის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ახორციელებს დიდი რაოდენობით ბუნებრივ აირს ექსპორტს ევროპაში, 2020 წლის შემდეგ გაზარდა თავისი ექსპორტი ევროპის ქვეყნებში 65 პროცენტზე მეტი რაოდენობით. ერაყის, ფავის პორტის პროექტს ასევე მოუთმენლად ელის კატარი. ფავის პორტის პროექტის წყალობით, ქვეყანა მიზნად ისახავს გააგზავნოს თავისი ბუნებრივი აირი და ნავთობი ევროპის ქვეყნებში თურქეთის გავლით ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებით.

საუდის არაბეთი: საუდის არაბეთი მეორე ადგილზეა ნავთობის ყველაზე მაღალი მარაგის მქონე ქვეყნებს შორის. საუდის არაბეთს აქვს 266 მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგი. ქვეყანა ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს აწარმოებს და ამ ნავთობის 7 მილიონი ექსპორტზე გადის. საუდის არაბეთს ასევე აქვს დაახლოებით 9 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი. საუდის არაბეთი მჭიდროდ არის დაინტერესებული ერაყის ფავის პორტით და განვითარების გზების პროექტებით, რაც ხელს შეუწყობს მის გახსნას ევროპაში თურქეთის გავლით.

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა: შეფასებულია, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არის 1,7 მილიარდი ბარელი ნავთობი და 3,5 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი, სადაც ამჟამად დიდი დავებია სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის ცალმხრივი ნაბიჯების გამო.

წყარო

“სტრასბურგის სასამართლოს ვენდობი, მაგრამ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყო” – პაატა მანჯგალაძე

არაფერი ვიცი, ნიკა გვარამია გაერო-ში რატომ მიდის ან სტრასბურგში რა მოხდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, საფუძველი არ აქვს, სტარსბურგის სასამართლოს არ ენდოს.

„საქმის პოლიტიკურობის თაობაზე აზრს ასე მარტივად არ ვიცვლი და იმავე აზრზე ვრჩები, მიუხედავად იმისა, სტრასბურგის სასამართლოში რა პროცედურული შეცდომები დაუშვეს ადვოკატებმა. ავტომობილის გადაადგილების გამო ადამიანს როცა აკავებენ, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურია. ხელისუფლებას უნდა, ვთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ ვენდობი, რასაც ასე არ ვიტყვი. ნიკა გვარამიას იურისტების კარგი ჯგუფი ჰყავს და ამ საქმეს მიხედავენ. სტრასბურგთან არანაირი გამოცდილება არ მქონია, ამიტომ ვერ გეტყვით, უნდა ვენდო თუ – არა, მაგრამ საფუძველი არ მაქვს, არ ვენდო. სტრასბურგის სასამართლოს ვენდობი, მაგრამ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყო. ეს ჩვეულებრივი და მარტივი ლოგიკაა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.

ამასთან, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი საქმით „გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს“.

„ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა გვარამიამ.

“ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი”

მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს საფეხბურთო წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ემოციები ჯერ არ განელებულა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ საფეხბურთო წარმატებას. ემოციები ჯერ არ განელებულა და არც განელდება კიდევ დიდი ხანი. მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა და ეს გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი. აქვე მინდა გისურვოთ მომავალში, თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან დიდი წარმატება და გამარჯვებები,”- განაცხადა პრემიერმა.

“ნიკა გვარამიას საქმის დასრულებას ვურჩევდი, მისი საქმე არც სტრასბურგში იყო წასაღები”- იაგო ხვიჩია

ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკური იყო. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტის საქმე პოლიტიკური არ ყოფილიყო, რომელიც იმ მუხლით დაიჭირეს, რომლითაც ციხეში სხვა არავინ ზის და არც მჯდარა, თუმცა სტრასბურგის სასამართლო განსახილველად ყველა პოლიტიკურ საქმეს არ იღებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას ადგილზე რომ ყოფილიყო, ამ საქმეს არ გაასაჩივრებდა.

„ნიკა გვარამიას ვურჩევდი, რომ ამ საქმის დასრულება სჯობს. ეს საქმე არც სტრასბურგში არ იყო წასაღები. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ქვეყანაში უნდა ვცდილობდეთ, სასამართლო ავაწყოთ. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ადამიანები საერთაშორისო სასამართლოების იმედად ვერ იქნებიან. საქმეების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მოტივით განსახილველად არ მიიღება. ვფიქრობ, „გასაჩივრე ისევ“ ასე შეიძლება დასრულდეს არა იმიტომ, რომ გვარამია მტყუანია ან მართალი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სახის ისტორიები ეფექტური არ არის. მის ადგილზე, ამ საქმეს არ გავასაჩივრებდი. გვარამიამ უნდა გადაწყვიტოს, სამართლებრივ დავაზე რა სამართლებრივ სტრატეგიას აირჩევს. სტრასბურგში განსახილველად ჩვეულებრივი საქმეები არ მიიღება და არ ვიცი, გვარამიას და მის ადვოკატებს რომელ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკური იყო. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტის საქმე პოლიტიკური არ ყოფილიყო, რომელიც იმ მუხლით დაიჭირეს, რომლითაც ციხეში სხვა არავინ ზის და არც მჯდარა. როგორ შეიძლება, ეს საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკური არ ყოფილიყო, თუმცა სტრასბურგის სასამართლო განსახილველად ყველა პოლიტიკურ საქმეს არ იღებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.

ამასთან, ნიკა გვარამიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი საქმით „გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს“.