Home Blog

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს.

თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო მომდევნო დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

“იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ” – კახა კალაძე რადიკალ ოპოზიციონერებზე

ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, არ შეცვლილან ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იმავეს აკეთებდნენ, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან კონკრეტული ტელეკომპანიების ჟურნალისტების ბულინგს.

მისივე განმარტებით, ევროპული ღირებულებებისგან შორსაა, განსხვავებული აზრის გამო, ჩაგვრისა და შეურაცხყოფის მოწოდებები.

„ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაშიც იმავეს აკეთებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ და რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ – ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. ნახეთ, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს. იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ. შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ცხვირ-პირი უნდა დავუმსხვრიოთ ერთმანეთს? ეს არ არის ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ჩვენმა პოლიციელებმა მოითმინეს ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, მადლობა მათ ყველაფრისთვის”

ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მათ შეურაცხყოფას მიაყენებს.

„ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, თავს უფლება მისცეს და ესროლოს სხვადასხვა საგანი, სცადონ მათი ღირსების შელახვა. ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ ყველაფრისთვის. მაშინ, როცა 24 საათის განმავლობაში შენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახარ, არ არის მარტივი ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან მართული მოქალაქეებისგან ისმინო შეურაცხყოფები. თითოეული პოლიციელის უკან დგას მათი ოჯახები, შვილები, მშობლები. დამერწმუნეთ, რომ ძალიან რთულია ამ ყოველივეს მოსმენა. კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს და ვთქვა, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს, მიაყენებს მათ შეურაცხყოფას. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, თქვენ ყველას, ვინც მხარს უჭერდა პოლიციელებს იმ მძიმე ღამეს“, – განაცახდა ვახტანგ გომელაურმა.

“აქციის მესამე დღეს ისმოდა მოწოდებები, შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები”

საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

„რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. ჩვენ სრულად დავტოვეთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და პოლიციელები უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადანაწილდნენ რუსთაველის გამზირზე. აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც მთავარ მიზანს კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, კანცელარიის შენობისკენ გადაენაცვლათ. საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ აქ სახელებსა და გვარებს. ტელეეთერებშიც კარგად ისმოდა პოლიციისადმი მათი მიმართვები და ძალადობრივი მოწოდებები. საზოგადოებამ ნახა მათ გვერდით მდგარი ცივი იარაღით – დანით შეიარაღებული აქციის მონაწილეც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მისი დაკავების პროცესში ამავე დანით ხელი დაუზიანდა ჩვენს თანამშრომელს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

“პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი” – ვახტანგ გომელაური

მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირება არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა გარკვეული ძალების მიზანი ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ.

„პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით, მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათი ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და დამერწმუნეთ, არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი. თუმცა, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

“ამ ქვეყანაში თუ ვინმემ გააკეთა ევროპული საქმე, ეს „ქართული ოცნებაა“ – ანრი ოხანაშვილი

ამ ქვეყანაში თუ ვინმემ გააკეთა ევროპული საქმე, ეს არის „ქართული ოცნება“, რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს მორალური უფლება არ აქვთ, საზოგადოებას ესაუბრონ, თითქოს თავად არიან ევროპული და ჩვენ – არა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა ისაუბრა ნაბიჯებზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.

„„ქართული ოცნების“ გუნდმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შეძლო, უზრუნველყო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთანხმების მოპოვება. ეს ყველაფერი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს არ გაუკეთებიათ. რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა რა გააკეთეს, გავიხსენოთ. ეს არის ხალხი, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა, მათ რეზოლუციას მოაწერეს ხელი; სწორედ ამ ხალხმა აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მოაწერა ხელი; ამ ადამიანებს მინისტრად ჰყავდათ კაცი, რომელიც რუსულ წარმოშობასთან უფრო აიგივებდა თავს, ვიდრე ქართულთან; ეს არის ხალხი, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას კრემლში სტუმრობდა და, დიდი ალბათობით, საკუთარ ბიზნესს რუსეთში აწარმოებს. ამ ხალხს არავითარი მორალური უფლება არ აქვს, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მაღალი სტანდარტით ესაუბროს, თითქოს თავად არიან ევროპული და ჩვენ – არა. ამ ქვეყანაში თუ ვინმემ გააკეთა ევროპული საქმე, ეს არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ბუნტი რუსეთის „უკანა ეზოში“ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ“ – Newsweek

ამერიკული ჟურნალი „ნიუსვიქი“ (Newsweek) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბუნტი რუსეთის „უკანა ეზოში“ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ“ (ავტორი – დევიდ ბრენანი), რომელშიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვნებათაღელვაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს – სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთკავკასიურ რეგიონში მდებარე სახელმწიფოს – საპროტესტო აქციები არყევს. მთავრობამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მიუღებელი რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტის ინსპირირება განახორციელა და ეს ხდება იმ დროს, როცა პატარა შავიზღვისპირა ქვეყანა, რომელიც დიდ რუსეთს ესაზღვრება და პარალელურად ამბიციურად ცდილობს ევროკავშირისკენ გზის გაკვლევას.

მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი გახდა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის საშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტით ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად“ უნდა დარეგისტრირდნენ. თუ ასე არ გააკეთებენ, ისინი დაჯარიმდებიან. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები შიშობენ, რომ თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, ქვეყანას ხელი შეეშლება ევროინტეგრაციის ისედაც რთულ პროცესში.

ოპოზიციაში ამ კანონპროექტს „პრორუსულს“ უწოდებენ, რადგან ანალოგიური სამართლებრივი აქტი რუსეთმაც მიიღო 2012 წელს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში კრემლი სხვაგვარად აზროვნების ჩასახშობად და დასათრგუნავად იყენებს.

საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ბევრი მოსკოვთან დაკავშირებულ ძალად თვლის, ამ კანონპროექტის მიღება პირველად გასულ წელს – 2023 წლის გაზაფხულზე სცადა, მაგრამ იძულებული გახდა პარლამენტიდან უკან გაეტანა – მასობრივი პროტესტების გამო.

ახლაც, შარშანდელის მსგავსად, „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ მიმართულმა „პრორუსულმა“ კანონპროექტმა მოსახლეობაში ანტირუსული განწყობის ზრდა გამოიწვია. საქართველოში ბევრი ახალგაზრდა პროევროპულად არის ორიენტირებული და ამიტომ მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. ისინი აპროტესტებენ კრემლის გავლენის გაძლიერებას – იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მობილიზაციიდან თავის ასარიდებლად ათასობით რუსმა თავშესაფარი საქართველოში პოვა.

როგორც ნატალია საბანაძე – ბრიტანული „ჩეთემ-ჰაუსის“ ანალიტიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროკავშირში – „ნიუსვიქთან“ ინტერვიუში ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცოდა, რომ პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი განხილვა საზოგადოებაში იმავენაირ პროტესტებს გამოიწვევდა, როგორიც 2023 წელს იყო: „ჩემთვის აშკარაა, რომ მმართველი პარტია მზად არის გარისკოს და ფიქრობს, რომ ვითარების გაკონტროლება შეუძლია. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ [ევროპა] სხვა პრობლემებითაა დაკავებული, საქართველოსთვის არავის სცალია და ამიტომ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს“], – ამბობს ნატალია საბანაძე.

ამასობაში კი კრემლი უარყოფს რაიმე კავშირს ქართულ კანონპროექტთან და აცხადებს, რომ ორი სამართლებრივი დოკუმენტის ერთმანეთთან შედარება „აბსურდულია“. თუმცა, თუ ქართულ კანონპროექტს და რუსულ კანონს ყურადღებით წავიკითხავთ, მათი მსგავსება საკმაოდ მკაფიოა.

როგორც ნატალია საბანაძე ამბობს, კანონპროექტის მიღება ნაკარნახევია რუსეთიდან და გამოწვეულია ვლადიმერ პუტინის შიშით „ფერადი რევოლუციების“ მიმართ. „ის სახელმწიფოები, რომლებიც მსგავს კანონებს იღებენ, ამას ერთი მიზეზით აკეთებენ – რეჟიმის დაცვის მიზნით სხვადასხვა საფრთხეებისაგან: სავარაუდო საპროტესტო აქციებისგან, დემონსტრაციებისგან, რომლის გამოც ხელისუფლების სტაბილურობა ეჭვქვეშ დგება. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებაც“ სწორედ ასე მოქმედებს“, – ამბობს „ჩეთემ-ჰაუსის“ თანამშრომელი..

ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკრიტიკებენ რუსეთთან სავარაუდო დაახლოების გამო, წინ მძიმე საპარლამენტო არჩევნები ელოდებათ, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი: როგორც რამდენიმე თვის წინ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, ქართველთა 42% ჯერ უპირატესობას ვერცერთ პოლიტიკურ ძალას ვერ აძლევენ და მხოლოდ 19% უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“.

ლიბერალური ოპოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაქსაქსული, არჩევნებში გამარჯვებისათვის იბრძოლებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პირველად ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, რაც საკმაო საფრთხეს უქმნის იმ სტატუს-ქვოს, რომლითაც „ქართული ოცნება“ პარლამენტში დომინირებს.
„ეს იქნება ყველაზე რთული არჩევნები „ქართული ოცნებისათვის“, – ამბობს ნატალია საბანაძე, – „მეოცნებეებს“ ხელისუფლების შენარჩუნება სურთ, თანაც ისე, რომ ძალაუფლების არავისთან გაყოფა არ სურთ“.

ნატალია საბანაძის თქმით, ის ქართველები, რომლებიც დღეს თბილისის ქუჩებში არიან გამოსულნი, კანონპროექტს მასშტაბური გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილად თვლიან: „საქმე ეხება რუსეთის გავლენის გავრცელებას და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის ხელის შეშლას“, – აღნიშნავს ყოფილი ელჩი, – „ქართული კანონპროექტი რუსული კანონების კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც, ერთობლიობაში, საქართველო მოსკოვთან იდეოლოგიური დაახლოებისაკენ მიჰყავს“.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „უცხოური აგენტების“ გარდა, ეხება „ლგბტ-საზოგადოების“ პროპაგანდის აკრძალვასაც, იმ ანალოგიურ ზომებს მოგვაგონებს, რომლებმაც რუსეთში ვლადიმერ პუტინის მმართველობა განამტკიცა. „საქართველოსა და რუსეთის მმართველი ძალები ერთმანეთთან სოლიდარობას გამოხატავენ და იდეოლოგიურად ერთ მხარეზე დგანან. ვლადიმერ პუტინს არც ჭირდება რაიმე მითითება მისცეს „ქართულ ოცნებას“, ისინი ხომ ერთნაირები არიან“.

ქართველი ევროფილების საკანონმდებლო მარცხი მტკივნეული დარტყმა იქნება საქართველოს დასავლელი მოკავშირეებისათვის. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პავლე ჰერჩინსკიმ განაცხადა, აღნიშნული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან, რაც ძირს გამოუთხრის ქვეყნის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მსგავსი კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა კანონპროექტის განხილვის დაწყების გამო.

საქართველოს რეალობა ისეთია, რომ ქვეყანაში წესით მძლავრი ანტირუსული მოძრაობა უნდა არსებობდეს, რადგან ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული (აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები), მაგრამ პარადოქსულია, რომ მმართველი პარტია მოსკოვის მიმართ კეთილგანწყობილია და ახლო კავშირები აქვს რუს ტრადიციულ პარტნიორებთან.

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომში დამამცირებელი დამარცხება და ამიტომ რუსეთს ბევრი ამრეზით უყურებს. 2023 წელს კი რუსული მიგრაციის დიდმა ტალღამ უკმაყოფილება გააძლიერა, მით უმეტეს, რომ რუსი მიგრანტების ჩამოსვლამ ცხოვრების დონე დააქვეითა, მოიმატა ფასებმა უძრავ ქონებაზე და ა.შ. ქართველები მხარს უჭერენ უკრაინას რუსეთთან ომში, კიევთან სოლიდარობის დონე მაღალია და ასობით ქართველი უკრაინაში მოხალისის სტატუსით ომობს.

 

წყარო

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების 2028 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის პირველ იანვრამდე.

“საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი”- პრეზიდენტი

საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ, კოშმარია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, – „როგორც ეს 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს იყო, შიშობთ, რომ ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადის დროს კიდევ იქნება რუსეთის თავდასხმა თქვენს ქვეყანაზე?“ – ზურაბიშვილმა განაცხადა:

„იცით, რუსეთთან დაკავშირებით არასოდეს უნდა თქვა „არასოდეს“. მაგრამ დღეს ნათელია, რომ რუსეთის სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირია. ეს ჰიბრიდული ომის სტრატეგიაა პროპაგანდისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მეშვეობით, რათა მათ მიიღონ რუსული კანონები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მიგრანტების შემოდინების მეშვეობით. ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ, რომელსაც წინააღმდეგობას ვუწევთ, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

“თავმოყვარეობა რომ არ გაქვთ და როგორც ჩანს, არც არასოდეს გქონიათ, გავიგეთ!” – გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

“ეს არა პრორუსული, არამედ რუსული კანონია, პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლი”, – სალომე ზურაბიშვილი. თავმოყვარეობა რომ არ გაქვთ და როგორც ჩანს, არც არასოდეს გქონიათ, გავიგეთ! საჯაროდ რომ ცრუობთ და არც გრცხვენიათ, ჩვენი საზოგადოება მიეჩვია,” – წერს გოგა ხაინდრავა.

“საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა შეიზღუდა” -სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი “არასამთავრობო ორგანიზაციების“ მიმართ მიდგომები მკვეთრად გამკაცრდა. სუს-ი პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მათ მადისკრედიტებელ განცხადებებს ავრცელებდა, ცენტრალური ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში ადანაშაულებდა და “საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესების“ არევაში სდებდა ბრალს.

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. საერთაშორისო ორგანიზაციების დაბლოკვით საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის გავლენების გაზრდასა და აფხაზებსა და ქართველებს შორის კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობდა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დასაწყისში საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ რეგიონში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები არ შეუშვა. აღნიშნულის მიზეზად, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თანათავმჯდომარეების ინიციატივით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რამდენჯერმე გადადება დაასახელეს.

ასევე, საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმმა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის წესში “ცვლილებები“ შეიტანა, რომელიც ორგანიზაციებსა და ე.წ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობებს მკაცრად აკონტროლებდა. სუს-ის ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაეროს სააგენტოებს ე.წ. საგარეო უწყებასთან უნდა შეეთანხმებინათ ადგილობრივი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფის საკითხი.

“2023 წლის 7 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით აღარ “მტკიცდებოდა“ USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით წარმოდგენილი პროექტები. ასევე შეჩერდა UNDP-ის პროექტების მიღება. იკრძალებოდა იმ პროექტების რეალიზება, რომელთა მიზანს ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტის დამყარება წარმოადგენდა.

იზღუდებოდა იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის “შიდა და საგარეო პოლიტიკის“ საკითხების გაშუქებას ისახავდა მიზნად“, – ვკითხულობთ სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში.

სუს-ი ასევე წერს, რომ 2023 წელს ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმები რუსეთის ფედერაციის დახმარებით აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე “პოზიციონირებას“ – მუშაობა შეინიშნებოდა სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.

“აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ გააგდეს პოლიტიკოსები და უთხრეს, არ გვჭირდებითო, მერამდენედ უნდა შეეტენონ?”

აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ გააგდეს პოლიტიკოსები და უთხრეს, არ გვჭირდებითო. მერამდენედ უნდა შეეტენონ? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს ექვსი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას მათი არ სჯერა.

„სამადაშვილი რომელი ევროპული ღირებულებაა? პარლამენტში თავისი ბოღმის ბუკეტით დადის. რა გააჩნია ევროპული ღირებულების, თავისი კოლეგები არ ესალმებიან. თუ შარვალჩახდილი „გირჩია“ ევროპული ღირებულება? მათი სახეა სისხლის დაღვრა და „სულს ამოგხდით“ მუქარა. საზოგადოებას მათი არ სჯერა. ყველაფერი ევროპული სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო მიღწეული და ასეც იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.