Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:13 14.02.2020
მარია ზახაროვა თინა კანდელაკთან ერთად: მიხეილ სააკაშვილის, სავიზო რეჟიმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სავარაუდო ჩასვლის ირგვლივ

 

რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდას“ წამყვანმა თინა კანდელაკმა ეთერში მიიწვია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი მარია ზახაროვა. მათი საუბარი შეეხო რუსეთის საგარეო პოლიტიკას, რუსეთის ურთიერთობას დასავლეთისა და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან, მოსკოვის პოზიციას და ხედვას სხვადასხვა საერთაშორისო პრობლემების მიმართ. რასაკვირველია, სტუდიაში ისაუბრეს საქართველოს შესახებაც.


გთავაზობთ ამონარიდებს საუბრიდან:


მიხეილ სააკაშვილი:

მყვირალა ფსიქოპატი თუ ქარიზმატული პიროვნება?

სტუდიაში საქართველოს ექს-პრეზიდენტის შესახებ ისაუბრეს. ვინაა მიხეილ სააკაშვილი - მყვირალა ფსიქოპატი თუ ქარიზმატული პიროვნება?

თინა კანდელაკი: საქართველოში 2003 წლის ბოლოს მომხდარმა ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ტერიტორიებთან და საზღვრებთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში პოლიტტექნოლოგიური ექსპერიმენტატორის როლი შეასრულა...

მარია ზახაროვა: არადა, ტალანტიური არამზადაა, უნდა ვაღიაროთ....

თინა კანდელაკი: საუბედუროდ, მე საკმაოდ კარგად ვიცნობ მიხეილ ნიკოლაევიჩს. იგი ტალანტიური არ არის. დიახ, კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ლეგენდა მისი ტალანტიურობის შესახებ დაკავშირებულია იმასთან, რომ მან კარგად იცის რუსეთის „ვერცხლის ეპოქის“ (XIX საუკუნის დასასრული და XX საუკუნის დასაწყისი) პოეტები და მათი ნაწარმოებები. რასაკვირველია, რუსულენოვან ადამიანთან შეხვედრისას მას შეუძლია ლექსების ზეპირად თქმა, მღერა და ამით მასზე, შეიძლება ითქვას, „კარგ“ შთაბეჭდილებას ახდენს...

მარია ზახაროვა: და მაინც, მე ვიტყოდი, რომ მიხეილ სააკაშვილს ქარიზმა ნამდვილად აქვს...

თინა კანდელაკი: არა, იგი მყვირალა ტრიბუნია... ფსიქოპატური პიროვნება, რომელიც სრულიად ჯდება რაღაც პროექტის ჩარჩოებში გარკვეული გეგმის რეალიზების მიზნით. იმან, რაც მის დროს გაკეთდა, რაც მან გამოამჟღავნა თავისი მმართველობის დროს, ჩვენი ქვეყნები ისეთ დონემდე მიიყვანა, რომ მე ვერც კი წარმოვიდგენდი საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთ ურთიერთობას.

სავიზო რეჟიმი:

„ყველაფერი მზად იყო გასაუქმებლად, მაგრამ...“

რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შესაძლებელ გაუქმებაზე საუბრისას აღინიშნა, რომ ამის შანსი შარშან ზაფხულის დასაწყისისათვის ნამდვილად არსებობდა...

თინა კანდელაკი: როგორც ვიცი, თითქოსდა იყო იმის შანსი, რომ ჩვენ ახლოს ვიყავით სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან... მითხარი, არის დღესაც ვიზების გაუქმების ვარიანტი?

მარია ზახაროვა: ჯერ იმას ვიტყვი, რომ საქართველოში ნამყოფი არ ვარ...

თინა კანდელაკი: პირადად გიწვევ! ვიცი, რომ შენთვის არ შეიძლება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ პირველად ერთად გავფრინდებით.

მარია ზახაროვა: არა, მე არანაირი აკრძალვა არ მაქვს. უბრალოდ, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ამიტომაც საქართველოში წასვლა არ შემიძლია, ჩემი დიპლომატიური სტატუსის გამოყენებით...

თინა კანდელაკი: და განა ჩვეულებრივი პასპორტით არ შეგიძლია?

მარია ზახაროვა: იცი, ნამდვილად ვფიქრობდი ამ საკითხზე, მაგრამ რომ მახსენდება რა დამართეს თბილისში ქართული მხარის მიერ ოფიციალურად მიწვეულ რუს დეპუტატს... კი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი პასპორტი შეიძლება გამოვიყენოთ პროვოკაციული თვალსაზრისით და წავიდეთ საქართველოში არა მარტო შენთან ერთად, არამედ სოფიკო შევარდნაძესთან ერთადაც...

თინა კანდელაკი: გვითხარი, რა უნდა გავაკეთოთ [ვიზების გასაუქმებლად]?

მარია ზახაროვა: ჩვენ ერთი წლის უნდა გადავსულიყავით უვიზო რეჟიმზე. ყველაფერი უკვე თითქმის მზად იყო, რომ არა თბილისში იმ პირების მიერ გათამაშებული პროვოკაციული ინციდენტი, რომლებსაც გულწრფელად სძულთ საკუთარი სამშობლო. თუ ადამიანს თავისი ქვეყანა უყვარს, მსგავს რამეს არასოდეს არ გააკეთებენ. არ ვიცი, ის ხალხი ასე არაშორსმჭვრეტელობით თუ უგუნურობით აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი თავიანთ ქვეყანას აზიანებენ.

სერგეი ლავროვი თბილისში:

ჩამოვა თუ არ ჩამოვა?

როგორც ცნობილია, მაისში საქართველოს დედაქალაქში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრების კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს. რუსეთის ფედერაცია, ისევე როგორც საქართველო, ევროპის საბჭოს წევრია. ანუ გამოდის, რომ სერგეი ლავროვი თბილისში უნდა ჩამოვიდეს. პრობლემა იმაშია, რომ სერგეი ლავროვი რამდენჯერმე იმყოფებოდა აფხაზეთში, სოხუმში, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე, რაც დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს და იგი ამისთვის უნდა დაისაჯოს.

მარია ზახაროვა: საქართველოში უკვე საკმაო ხანია მთელი დისკუსია მიდის იმაზე, ჩავა თუ არა თბილისში სერგეი ლავროვი. მირეკავენ, მეკითხებიან: ჩამოვა თუ არ ჩამოვა? მოკლედ, რა... ვეკითხები ქართველებს: ხალხო, ნუთუ ამ ინფორმაციის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება? განა არ სეიძლება, რომ მშვიდად მოემზადოთ საერთაშორისო ფორუმისათვის და არა იმაზე იფიქროთ, ვინ ჩამოვა მოსკოვიდან?

თინა კანდელაკი: სერგეი ვიქტოროვიჩისადმი რომ საქართველოში გულგრილნი არ არიან, ეს ყველამ მშვენივრად იცის

მარია ზახაროვა: აი, სანამ ასე ფიქრობენ, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არ ჩავა, მანამ პრობლემები იქნება... საქართველო ხომ სუვერენული სახელმწიფოა? ეს ვიღაცამ ხომ უნდა გააცნობიეროს საქართველოში? განა მთავრობები იმიტომ უნდა გადადგნენ, მინისტრები იმიტომ უნდა შეიცვალონ, რომ თბილისში რუსეთიდან სერგეი ლავროვი ჩავა?

მე მინდა მეგობრულად მივმართო ქართველ ხალხს - იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ნამდვილად გულშემატკივრობენ. მე, უბრალოდ, უპირველესად იმის თქმა მსურს, რომ რუსეთისათვის საქართველო სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენს, რუსეთი საქართველოს სუვერენულ ქვეყნად აღიქვამს, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. იმავდროულად რუსეთი აცნობიერებს, რომ საქართველოსაც აქვს თავისი ინტერესები;

მეორე - სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი არ უნდა შეიცვალოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩასვლით თუ არჩასვლით... და თუ იცვლება, მაშინ გამოდის, რომ იმ სახელმწიფოში ყველაფერი წესრიგში არ არის... ეს ნიშნავს, რომ მუშაობენ პროვოკატორები, რომლებიც მოცემულ მომენტში თავიანთი ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს წყვეტენ. ამის გაგება აუცილებელია. და როცა ამას გააცნობიერებენ, მაშინ, ალბათ, არავინ არ მისცემს ნებას ასეთ ადამიანებს პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობას, სხვის გრძნობებზე თამაშის უფლებას.

-----------


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: რადიო «Комсомолская правда» (რუსეთი)

https://radiokp.ru/politika/mariya-zakharova-esli-pokazatelem-uspeshnosti-stanovitsya-kolichestvo-laykov-my-priekhali_nid11131_au414au66

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge