Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

11:43 17.01.2020
"დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი მასშტაბური ობიექტი - „გარდაბანი 2"

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი მასშტაბური ობიექტი, ესაა „გარდაბანი 2“, კომბინირებული ციკლის 230 მეგავატიანი თბოსადგური, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

 

თურნავა აცხადებს, რომ თბოსადგური ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას მოსახლეობის, ბიზნესის უწყვეტი ენერგომომარაგებით.


„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური და არის ორჯერ უფრო ეფექტური ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები. იცით, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმის და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის აუცილებლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით და დავალებით, ჩვენ ეს რეფორმა 2019 წელს დავიწყეთ. შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა. შევქმენით ღია, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა“, - აღნიშნა თურნავამ.

 

მინისტრის თქმით, პრიორიტეტად რჩება განახლებადი ენერგიის ათვისება და 2020 წელი ამ მხრივ გამორჩეულია. მან ასევე ხაზი გაუსვა ახალი თბოსადგურების მშენებლობის მნიშვნელობას, რაც თურნავას თქმით, სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.

 

„ესაა ჩვენი რეზერვი, რაც სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. მაგალითისთვის, მხოლოდ ამ თბოსადგურს, შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა“,-განაცხადა თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge