Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

16:27 16.01.2020
პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკონსტოტუციო ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, მან ამის შესახებ განცხადება ფედერაციული კრების წინაშე გამოსვლისას გააკეთა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ პუტინს საკონსტიტუციო ცვლილებებით სურს, რომ რუსეთზე საკუთარი გავლენები გაახანგრძლივოს, რადგან მას უკვე 2024 წელს საპრეზიდენტო ვადა ეწურება. ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას ამცირებს იმისთვის, რომ როგორც კი გაუვა მას 2024 წელს საპრეზიდენტო ვადა, რომ მოერგოს ისეთ სიტუაციას, როგორც ყაზახეთის პრეზიდეტს აქვს, ჰქონდეს ე.წ. ეროვნული ლიდერის ფუნქციები, გახდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ასევე შემოიტანოს სპეციალური ტერმინი “ეროვნული ლიდერი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “პუტინი პრეზიდენტობას ეროვნულ ლიდერობაში ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში.


“როგორც ჩანს ბოლო პერიოდში ამ ტიტულს შემოიტანს, სამაგიეროდ პრეზიდენტის უფლებამოსილებას ამცირებს და გადაანაწილებს სახელმწიფო სათათბიროსა და პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე. დაიწყო ახალი პოლიტიკის, მემკვიდრის სტრატეგიის განხორციელება, მედვედევის გადაყენება ამას უკვე მოასწავებს. როგორც ჩანს, ვინც ახლა პრემიერ-მინისტრი გახდება ის ალბათ პუტინს პრეზიდენტის ამპლუაში ჩაანაცვლებს. პუტინმა შესაძლოა “ეროვნული ლიდერის” საკითხი კონსტიტუციის ცვლილებების პაკეტშიც შეიტანოს, ასევე, როგორც ჩანს იგი აპირებს, რომ ფედერალურ უშიშროების საბჭოს განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭოს, ანუ ეს ფაქტობრივად საგარეო, თავდაცვის, ეკონომიკური უსაფრთხოების, ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა იქნება.შემთხვევით არაა, რომ მას უშიშროების საბჭოს მოადგილედ მედვედევი გადაჰყავს, როგორც ჩანს, როცა პუტინს საპრეზიდენტო ვადა გაუვა, ის სწორედ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდება და უშიშროების საბჭოს განსაკუთრებული მაღალი ფუნქციები მიენიჭება, რაც პუტინისთვის საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“პუტინი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილი სახელმწიფო დუმას უნდა გადაეცეს, სახელმწიფო დუმას უფლება მიენიჭება, დაამტკიცოს მთავრობის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, ასევე ფედერალური მინისტრების კანდიდატურები. პრეზიდენტი ვალდებული იქნება, დაამტკიცოს შეთავაზებული კანდიდატურები და მას მათი უკუგდების უფლება არ ექნება. პრეზიდენტის უფლებამოსილებებში პრემიერ-მინისტრისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მოხსნა დარჩება. მისი ერთ-ერთი შეთავაზებაა, დამკვიდრდეს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის პრიორიტეტულობა საერთაშორისო სამართალთან მიმართებით. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის მიღება არ არის საჭირო, თუმცა მასში რამდენიმე ცვლილების შეტანა მიზანშეწონილია. რუსეთის კონსტიტუციას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს უპირატესი უფლება საერთაშორისო შეთანხმებებთან და კონვენციებთან მიმართებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თანამდებობის პირებს, მინისტრებს, დეპუტატებსა და მოსამართლეებს არ უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან ბინადრობა. საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს რუსეთში მინიმუმ 25 წლის განმავლობაში (დღეს მოქმედი რედაქციით ეს ხანგრძლივობა 10 წლით არის განსაზღვრული) და არ უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ მანამდეც. რუსეთში შეიქმნას საზოგადოებრივი უფლებამოსილების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს დანიშნავს პრეზიდენტი ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ. ფედერაციის საბჭო მიიღებს უფლებას გაათავისუფლოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება, პრეზიდენტის თხოვნით, შეამოწმოს კანონპროექტების კონსტიტუციურობა, სანამ ხელმოწერილი იქნება პრეზიდენტის მიერ”, - დასძენს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი