Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:24 11.01.2020
პირთა ნაწილს, რომელიც სურსათსა და რძის ნაწარმს აწარმოებს ან 300-მდე ფრთა ფრინველი ყავთ, მთავრობა ვალდებულებებს უწესებს

მთავრობამ „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესი“ დაამტკიცა.

 

დადგენილების მიხედვით, სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი პროდუქტის წარმოება წარმოადგენს არაორგანიზებულ წარმოებას, თუ ოჯახური წარმოების სუბიექტის საკუთრებაშია, ფლობს ან/და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც ჩამოთვლილთაგან:

 

  • არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველი და მისგან წარმოებული ხორცი ან/და კვერცხი;
  • არაუმეტეს 10 ფუტკრის სკა და მისგან წარმოებული თაფლი;
  • არაუმეტეს 30 სული ბოცვრისნაირი და მისგან წარმოებული ხორცი;
  • იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი, იმ შემთხვევაში, თუ ამ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5 სულს;
  • იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული წვრილფეხა საქონლისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი, იმ შემთხვევაში, თუ ამ წვრილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 15 სულს;
  • არაუმეტეს 2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე წარმოებული სურსათი ან/და ცხოველის საკვები.

ამასთან, როგორც დადგენილებაშია განსაზღვრული, ოჯახური წარმოების სუბიექტის მიერ წარმოებულ სურსათს/ცხოველის საკვებს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია, სულ მცირე, ოჯახური წარმოების სუბიექტის რეგისტრაციის ნომრის შესახებ.


„ოჯახური წარმოების სუბიექტი ვალდებულია: რეგისტრაცია გაიაროს − სურსათის ეროვნულ სააგენტოში; შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას; უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა; უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს; შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას; საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს,“ - ვკითხულობთ დადგენილებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge