Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

15:44 10.01.2020
აფხაზური რევოლუცია - ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღო

“ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა და შეტაკებებია - ოპოზიციის წარმომადგენლებმა დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაცია შტურმით აიღეს და შენობაში შეიჭრნენ. ოკუპირებულ სოხუმში აქციაზე შეკრებილებსა და ე.წ. ადმინისტრაციის დაცვას შორის შეტაკებაც მოხდა. ხმაური ამ წუთებშიც გრძელდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, აფხაზური რევოლუცია - ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღო.


"დემონსტრანტები ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდიან და ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც სექტემბერში ჩატარდა. ხმების უმრავლესობა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში ასევე გადავიდა ოპოზიციური პარტია "ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია. სწორედ კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს შენობის შესასვლელი კარი.7 ოქტომბერს პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატმა კვიცინიამ ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრა. მოსამართლემ სარჩელი მიიღო, თუმცა, სხდომა რამდენიმე თვით გადადო. სწორედ მის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცის მხადამჭერების მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"6 იანვარს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მომხრეებს მოუწოდეს, 9 იანვარს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოედანზე შეკრებილიყვნენ. "აფხაზეთის მოქალაქეებო, დადგა დრო ჩვენი სამშობლოს დასაცავად დავდგეთ, პატრიოტების სისხლით მოპოვებული ჩვენი ქვეყანა დამნაშავე ხელისუფლების მიერ ცუდად მართულ ტერიტორიად იქცა“ - ნათქვამია ოპოზიციური პარტია "ერთიანი აფხაზეთის“ მიმართვაში. პარტია „ამცახარის“ განცხადებით, აფხაზეთის მოქალაქეები თავს დაცულად ვერ გრძნობენ, "ხელისუფლების საკონსტიტუციო განუკითხაობის ფონზე“ და სამართალდამცავი უწყებები რაულ ხაჯიმბას პირად გვარდიად იქცა. "მხოლოდ იმ დანაშაულთა გამოძიება ხდება, რომლებიც არანაირ ზიანს არ მოუტანს ხელისუფლების იმიჯს“,- ნათქვამია „ამცახარის“ მიმართვაში”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა. 9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. 11 სექტემბერს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, არჩევნები მისი გამარჯვებით დასრულდა და ამას სასამართლოც დაადასტურებს. ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახლა რა პროცესებიც აფხაზეთში ვითარდება, მოულოდნელი და უცნაურია. მისი თქმით, სასამართლომ ოპოზიციისგან მოულოდნელადაც კი მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩევნებთან დაკავშირებით საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა, სხდომა რამდენიმე თვის შემდეგ ჩაინიშნა”, - დასძენს გამოცემა.

 

"ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ აფხაზეთში პროცესი მინელდა, თუმცა, სრულიად მოულოდნელად სიტუაცია ისევ აფეთქდა და ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ მომიტინგეებმა შტურმი დაიწყეს. ზაქარეიშვილი აბობს, რომ როგორც ხაჯიმბა ასევე მეორე კანდიდატი კვიცინია, ორივე რუსეთისთვის მისაღები ფგურები არიან. თუმცა, კრემლი ყოველთვის ცდილობს, რომ მისთვის მაინც ყველაზე ერთგული და სანდო პირი შეარჩიოს. თუმცა, თუ კი ე.წ. არჩევნების შედეგებს გავითვალსიწინებთ, ხაჯიმბამ თავისი დე ფაქტო მმართველობის პერიოდში აფხაზ მოსახლეობაში საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება გააჩინა. ის კორუფციაში არის ჩაბმული და ასევე, კრიმინალებთან თანამშრომლობითაც გამოირჩევა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ახლა პროცესებს აკვირდება. ის იმის მიხედვით იმოქმედებს, სიტუაცია უფრო გამწვავდება თუ არა. ყოფილი მინისტრი ვადამდელ არჩევნების დანიშვნასაც არ გამორიცხავს. „ახლა ორივე მხარე რუსეთისთვის თამაშობს. ოპოზიციაც და ე.წ. ხელისუფლებაც რუსეთს უმტკიცებს რომ ყველაზე კარგები ისინი არიან. აქ ახლა ბრძოლა იმისთვის მიდის, კრემლს თავს ვინ უფრო მოაწონებს. გვახსოვს ალბათ, რომ პუტინმა ხაჯიმბას პრეზიდენტობა მიულოცა, ამიტომაც აფხაზეთში რაღაცა პერიოდის განმავლობაში სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა ახლა ყველასთვის მოულოდნელად ისევ აფეთქდა. ხაჯიმბა იმდენად არის კორუფციაში ჩაფლული და კრიმინალებთან თანამშრომლობაში ჩაძირული, რომ მოსახლეობას მისი მმართველობა აღარ უნდა. რა თქმა უნდა, ორივე კანდიდატი რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს. “იქ ანტირუსული ძალა არ არსებობს, მაგრამ კრემლისთვის ასეთ სიტუაციაში მთავარია ხოლმე ერთგულებით ვის უფრო აფასებს, მაგრამ, თუ კი ამის გამო აფხაზეთში სიტუაცია აირევა, მას ეს უკვე აღარ აწყობს. ამიტომაც მოვლენების განვითარებას დაელოდებიან. წესით პროცესები ერთ კვირაში უკვე უნდა დასრულდეს. “კვიცინიას უკან დგას ბჟალია, რომელიც აფხაზეთში ავტორიტეტით სარგებლობს. ის ახლა რუსეთთან კავშირზე იმყოფება და რა შუქსაც იქიდან აუნთებენ, მომინტიგეებსაც იმას მოუწოდებენ. ვნახოთ, თუ კი ის აქციის მონაწილეებს ეტყვის, რომ სასამართლოს დაელდონ ასეც, იქნება. თუმცა თუ კი მოსკოვიდან თანხმობას მიიღებენ, მაშინ ხაჯიმბას დაამხობენ“, - აცახდებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. რაც შეეხება საქართველოს, როგორ შეიძლება ამ პროცესებით ისარგებლოს, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლება რომც შეიცვალოს, ჩვენთან დაკავშირებით დამოკიდებულება იგივე დარჩება. მისი თქმით, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი გეგმა არც ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი