Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

01:33 14.12.2019
„მათ აქ ისეთი ბაზა შექმნეს, ქვეყანა დღემდე ნეოლიბერალურ წუმპეში რჩება - ვიღაც კრამერები და ბრაიზები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენენ, საქართველოში დასაყრდენს პოულობენ“

ბრძოლა, კოდური სახელწოდებით „პროპორციული არჩევნებით გაბრწყინდება საქართველო,“  წარმატებით გრძელდება. ე.წ. ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს, ხელისუფლება კი ნებით თუ უნებლიედ, პროცესების გამწვავებას  ხელს უწყობს. პოლიტიკურ ველზე გათამაშებული სცენა, ვინ შევა პარლამენტში,  განსაკუთრებით ტრაგიკომიკურ სახეს  იმ ფონზე იძენს, როდესაც საქართველოს ქართველების გარეშე დარჩენის პერსპექტივა არცთუ უსაფუძვლო ხდება. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, მეისტრიმული ადგილობრივი პოლიტელიტა კვლავაც ნეოლიბერალური იდეოლოგიით შეპყრობილ, ვიწრო, პარტიული ინტერესებით შემოფარგლულ, კოლონიალისტთა ერთგულ ქვეშევრდომად რჩება.

 

Black on white-ს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ესაუბრება:

 

-ბატონო დემურ, როგორია თქვენი შეფასება მიმდინარე პროცესების შესახებ? ფიქრობთ, რომ საქართველოში მართლაც წინარევოლუციური სიტუაციაა?

-თავისთავად, საქმე აქამადე არ უნდა მისულიყო, ეს არის დაბრუნება ისევ 90-იან წლებში. ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებამ, უვარგისმა კონსტიტუციამ არამყარი ვითარება შექმნა. ვინც ხელისუფლებაში მოდის, კონსტიტუციას ყველა თავის თავზე ირგებს. ვფიქრობ, ქუჩის აქციები არ გაჩერდება და არც ხელისუფლებაა კომპრომისზე წამსვლელი, თუ კი მას ჩვენი მეგობარი ქვეყნები არ აიძულებენ.

-როგორ ფიქრობთ, პროპორციული არჩევნების ჩატრება პანაცეაა არსებულ ვითარებაში?

 -დავა არის არაფერზე, „პარლამენტში მინდა“ და „პარლამენტში არ შეგიშვებ“- აი, ეს არის მთელი დღევანდელი სიტუაცია.

-ანუ, თვლით, რომ ბრძოლა მიდის ძალაუფლებისთვის?

 -მოდით ასე ვთქვათ, ბრძოლა 30 წელია მიდის საკუთარი კეთილდღეობისთვის, ამ დროს კი ქვეყანა უკან მიდის. კონსტიტუცია დაულაგებელია, თვითმმართველობები არაფერს წარმოადგენენ, რადგან ექსკლუზიური უფლებების განსახორციელებლად საკუთარი ფინანსები არ გააჩნიათ,  არჩევნების მიმართ სრული უნდობლობაა და ა. შ.  ასეთ სიტუაციაში რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, დიდი მნიშვნელობა არც აქვს. მახინჯი სისტემის კატასტროფულ მაჟორიტარ დეპუტატებს, ორი-სამი გამონაკლისის გარდა, პარლამენტში და საერთოდ პოლიტიკურ სივრცეში არაფერი ესაქმებათ. აი, ეს სისტემა პარლამენტში სრულიად არაპოლიტიკურ ადამიანებს წარმოქმნის.

რატომ არ ვარგიან ამ სისიტემაში ადამიანები? რატომ არ არის პანაცეა პროპორციული არჩევნები? სახელმწიფო გაწონასწორების და შეკავების მექანიზმებზეა აგებული, რა გააწონასწორებს პარტიული ინტერესის მქონე პარლამენტს? თქვენ გგონიათ პარლამენტში თუ მხოლოდ პარტიის წარმომადგენლები მოხვდებიან, ხვალ გარდაიქმნებიან და სახელმწიფოს აღმშენებლობაზე იფიქრებენ? არა, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ თავიანთი ინტერესები. დასავლეთში ამ კერძო ინტერესებს სისტემა და ადამიანთა აქტიურობა ბორკავს. ხალხი სთხოვს საკუთარ ხელისუფლებას, ქართველები კი არაფერს ითხოვენ, მათ მარტო უყვართ ბელადი და მზად არიან  ბელადისთვის საკუთარ მომავალს ძირი გამოუთხარონ.  ახლაც  იგივე ხდება. შიშველი ბრძოლა მიმდინარეობს, მხარს მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას უჭერენ. მოუწყობელ ქვეყანაში რომელი არჩევნები ჩატრდება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა მაინც უმჯობესი იქნებოდა.

-სისტემის შეცვლა არსებულ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენიათ?

-სისტემის შეცვლა პოლიტიკური ნების საკითხია. ჩვენ ისევ შევარდნაძის ეპოქაში ვცხოვრობთ, წინ ვერ მივდივართ, საზოგადოების ბრალიც ძალიან სერიოზულია.  დღეს გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე 90-იან წლებში იყო. თითქმის ყველაფერი გაყიდულია, ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე ნელ-ნელა კონტროლს კარგავს, ტერიტორიები ოკუპირებულია. ამ სიტუაციაში ჩვენ ვერ ვხედავთ საზოგადოებრივ დაკვეთას პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც გამოიყვანენ ქვეყანას კრიზისული სიტუაციიდან.

– შეთქმულების თეორიას თუ გავყვებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ პროცესები შეთანხმებულია და ყველაფერი ხელისუფლების გადაბარებისკენ მიდის?

 -ამის თაობაზე მე ორი-სამი წლის წინ ვწერდი, ვადამდელი არჩვენების ჩასატარებლად მაშინ ყველაზე საუკეთესო დრო. ეს არ მოხდა, მაშინ ვთქვი, რომ ხელისუფლება აპირებს ძალაუფლება ორგანიზაციულად ძლიერს  გადააბაროს. პოლიტიკური შეცდომა „ოცნებამ“ მაშინ დაუშვა, როდესაც კონსტიტუციას წაეპოტინა და ძირი გამოითხარა. ბიძინას მატარებელს შემთხვევითი ხალხი მოჰყვა, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები არ არიან. ადამიანებს შემთხვევით გაუმართლათ და მოსწრებაზე არიან. როგორც შევარდნაძემ ყველანაირად შეუწყო ხელი მომხდარიყო მაშინდელ პროცესებს, არ არის გამორიცხული, ახლაც იგივე სცენარი განმეორდეს. თუ მეგობარმა ქვეყნებმა ხელისუფლება კომპრომიოსზე არ წაიყვანეს, მაშინ ქუჩის აქციები არ გაჩერდება. არგუმენტაცია, რომლის გამოც ხელისუფლება დიალოგზე არ მიდის, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მე ეს პროცესი შიგნიდან ვიცი და შემიძლია გითხრათ, რომ წინადადებებს აყალიბებენ პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც პოლიტიკური ძალა არ გააჩნიათ. თუ თქვენს უკან არ არის გავლენა და წონა, მაშინ რატომ მოგელაპარაკებიან? ისიც თამაშობს, თითქოს რაღაც პროცესი მიდის, ამ დროს არაფერზე თანხმდება. თუ  გარედან ზეწოლა არ იქნა და კომპრომისს ვერ მიაღწიეს, მაშინ ქუჩის აქციების პროგნოზირება შეუძლებელი გახდება. როდის, რა ააფეთქებს ქართველს, არავინ იცის, ქართული ხასიათი ასეთია. ხომ ხედავთ, 2012-ში ერთმა კადრმა რა ქნა?! ახლა რა  საბაბი იქნება, შეიძლება კარგად წარმოდგენილი არც გვქონდეს.

-საერთაშორისო ვითარება რამდენად არის ამ ე.წ. „პროტერსტანტული“ მოძრაობის ხელშემწყობი?

-ყველგან უმძიმესი სიტუაცია. შეერთებულ შტატებში მომავალ წელს ფანტასტიკურად მძიმე არჩევნებია, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, ძალიან საღი, კონსერვატიული ელიტის წარმომადგენელი, ბატონი ტრამპი გაიმარჯვებს. ეს სჭირდება ამერიკას და მთელს მსოფლიოს. საკმაოდ სერიოზული სიტუაციაა რუსეთშიც. სანქციებით, ეკონომიკური პრობლემებით მოქალაქეთა უკმაყოფილების აკუმულაცია ხდება, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. რთული ვითარებაა სხვა ქვეყნებშიც, საქართველოსთვის არავის სცალია, თუმცა მთავრი პოლიტიკური მოთამაშეები შეეცდებიან გარე ბალანსი არ დაირღვეს და საქართველოში მარტო ერთი მხარის უპირატესობები არ გამოიკვეთოს. ტრამპის მოწინააღმდეგე  ლიბერალურმა ძალებმა და მათმა მხარდამჭერებმა საქართველო სრული კრახის წინაშე დააყენეს. ჩვენ მოსახლეობისგან დაცლილი ქვეყანა მივიღეთ. შემოდიან აბსოლუტურად გაუგებარი ადამიანები, ეპატრონებიან მიწას, ქონებას. ამ დროს კი, პირდაპირ ვიტყვი, ადამიანების თახსირი ჯგუფი მზად არის პირადი კეთილდღეობისთვის სახელმწიფო გაყიდოს და დაღუპოს. ლიბერალური იდეოლოგიიდან გამომდინარე ამ სიტუაციაში გვამყოფებენ. ეს ძალიან საშიში ძალაა, ნეოლიბერალიზმმა მსოფლიოში სრული კრახი განიცადა და საქართველო განუვითარებლობის ჭაობში გადააგდო. ხელისუფლება ძალიან სუსტი აღმოჩნდა, ამ ჯგუფის ლიდერი გამოდის და ამბობს, საზღვარგარეთ უნდა წახვიდეთ და იქ დასაქმდეთ, აქ არაფერი იქნებაო. მოკლედ, ურთულესი სიტუაციაა, რა მოხდება, ამის პრონოზირება შეუძლებელია.

-ნეოლიბერალური ძალები დასავლეთში პოზიციებს კარგავენ და ამ პროცესების სიო რატომ იგვიანებს საქართველოში?

– უდიდესი ცვლილებები მიდის მსოფლიოში, მე ამაზე წლებია ვწერ. 1995 წლის მერე მათ აქ ისეთი ბაზა შექმნეს, ქვეყანა დღემდე ნეოლიბერალურ წუმპეში რჩება. ვიღაც კრამერები და ბრაიზები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენენ, საქართველოში დასაყრდენს პოულობენ. საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი მათგან ინტერვიუს იღებს და პროპაგანდას ეწევა, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელიც იმავე ჭაობშია. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე პერსპექტივას ქმნის. საქართველოში აუცილებლად ჩამოყალიბდება კარგი და დალაგებული სახელმწიფო, ოღონდ მას შემდეგ, რაც ქართველები ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდებიან და ქვეყანაში რაიმე სახის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენენ… სწორედ აქეთკენ მიდის მიზანმიმართული პროცესი, რომელიც 90-იანების დასაწყისში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო და ქართველების ხელით განხორციელდა… მას შემდეგ ყველაფერი საქართველოში ქართველების ხელით ხორციელდება… შედეგი თავად განსაჯეთ!

-ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე გარკვეულწილად ყურადღების მიღმა დარჩა აფხაზეთის ყოფილი .პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბას განცხადება. შამბა საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარკადა. მისივე თქმით,  „აფხაზეთს უპასუხისმგებლო ხელისუფლება ჰყავსრომელსაც არ შეუძლია მართვა. კრიზისის გაღრმავების შემთხვევაშიმათ საქართველოს ან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მუხლებზე მოუწევთ დადგომა.  თქვენ როგორ შეაფასებთ აღნიშნულ განცხადება?

 -საქმე რაშია იცით, აფხაზებს აქვთ ადამიანის რესურსის უკმარისობის პრობლემა. მოგეხსენებათ, ძალიან მცირერიცხოვანი ერია და მათ თვითმყოფადობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. აფხაზები იდეალურად იყვნენ ქართულ გარემოში, აფახაზური ოჯახები ეს  იყო ერთი მძლავრი სუბკულტურა ერთიან ქართულ სივრცეში. სამწუხაროდ, ქართველებმა ძალიან სერიოზული შეცდომები დავუშვით და ასეც გაგვითამაშეს ჩვენმა მეზობლებმა და არა მხოლოდ მეზობლებმა. ახლა მათაც არ აწყობთ ასეთი სიტუაცია, მაგრამ ამ ნეოლიბერალური იდეოლოგიის გამო ქართველებმა ოღონდაც რუსეთისკენ არ გაიხედონ. რუსეთი მართლაც ოკუპანტია, მაგრამ იგივე ნეოლიბერალები ოკუპანტს არ უწოდებენ იმ სახელმწიფოებს, რომელთაც ასევე უზარმაზარი ტერიტორიები აქვთ მიტაცებული. ათასობით უცხოელმა ქონება შეიძინა, ქართული სოფლების შევიწროების ხარჯზე ვითარდებიან, ქართველები კი იძულებულნი არიან ქვეყანა დატოვონ. ჩვენს მოქალაქეებს მესაკუთრედ გახდომის უფლებას არ აძლევენ  და სრულიად სხვა ტომის ადამიანებზე ქონებას ჩუმად ასხვისებენ.  აი, ამას ნეოლიბერალები ნორმალურად მიიჩნევენ. საქართველო არის გარკვეული პროექტის ქვეშ, ქართველების მიამიტობა და უპასუხისმგებლობა კი ქვეყანას ძალიან მძიმე მომავლისკენ ექაჩება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია!

 

 

 

 



blackonwhite.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge