Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:24 12.12.2019
აზერბაიჯანელი მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

“დავით გარეჯში 6 დეკემბერს მომხდარი სროლის და საქართველოს მოქალაქის დაჭრის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “რეზონანსს” სოფელ ლამბალოს მცხოვრებლები უყვებიან, რომ 26 წლის რამინ ნიზამი ოღლუ თავის არეში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე დაჭრა. შემთხვევა სოფელ იორმუღანლოსთან დავით გარეჯიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. მათი თქმით, შელაპარაკების და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მესაზღვრემ მწყემსს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თავის არეში დაჭრილი კი განჯის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.


“როგორც ჩანს, მწყემსსა და მესაზღვრეს შორის დავა საზღვრის გამო მოხდა. მწყემსები შეჩვეულები არიან და იციან კონკრეტული ადგილები, რომელიც საქართველოს წესით ეკუთვნის და მათ იქ ცხვრის გადევნის უფლება ჰქონდათ. ახლა ხომ ეს საზღვრების დადგენა მიდის თუ რა ხდება კაცმა არ იცის, ამაზე შელაპარაკებულან. მწყემსს უთქვამს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და საზღვარს არ არღვევდა. ამაზე იჩხუბეს, მერე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადასულა და მესაზღვრეს თავში უსვრია. ახლი ვერსია მოიფიქრეს, რომ ვითომ თავს ძაღლები დაესხათ. შემთხვევა იორმუღანლოსკენ მოხდა”,-აცხადებს “რეზონანსთან” სოფელ ლამბალოს მცხოვრები. მწყემსის დაჭრის ფაქტს სოფელ ლამბალოს რწმუნებული მიხეიდარ ალიხანოვიც ადასტურებს. ის ამბობს, რომ დაჭრილი მწყემსის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ის ახლა განჯის საავადმყოფოში მკურნალობს. მასთან სანახავად კი მის მშობლები ჩავიდნენ. თუმცა საზღვარზე რეალურად რა მოხდა რწმუნებული ამბობს, რომ ამის შესახებ ზუსტად არაფერი იცის. ადგილობრივებისგან განსხვავებით კი აზერბაიჯანული მხარე და მედია შემთხვევის სრულიად სხვა ვერსიაზე საუბრობენ. აზერბაიჯანული გამოცემა წერს, რომ ინციდენტი ჯეირანჩოლის მახლობლად მოხდა, სადაც მწყემსმა ცხვრის ფარასთან ერთად საზღვრის გადაკვეთა სცადა, სადაც ის მესაზღვრეებმა შეაჩერეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“აზერბაიჯანის სასაზღვრო დანაყოფმა ცხვრის ფარა ტერიტორიიდან გაიყვანა, რა დროსაც ფარის მცველი 10 ძაღლი მესაზღვრეებს თავს დაესხა. მათ კი თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლეს, თუმცა, გამაფრთხილებელმა გასროლამ შედეგი არ გამოიღო და მათ ძაღლებს დაუწყეს სროლა. გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაიჭრა მწყემსიც - მესაზღვეებმა ის თავის ცხენთან ერთად მიწაზე დავარდნილი იპოვეს. აზერბაიჯანული მხარე კი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახენ განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ორი მწყემსი ცდილობდა, რომელთაც თან ძაღლები ახლდათ. განცხადების მიხედვით, ძაღლები აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დაესხნენ თავს, რა დროსაც აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს და ინციდენტისას შემთხვევით, ერთ-ერთი მწყემსი დაჭრეს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ მას თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მწყემსის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის, საქართველოს მოქალაქე და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრია”,- წერია განცხადებაში. მომხდარს საქართველოს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. მათ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს საქართველოს მოქალაქე შემთხვევით დაშავდა და ამ ფაქტს იძიებენ. თუმცა შსს დამატებით არაფერს ამბობს თუ რა ვითარებაში, კონკრეტულად რა ადგილას დაჭრეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე მწყემსი. შსს-ს ცნობით, პაციენტი უკვე მოინახულეს შს სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. საქმეზე ასევე აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო”, - დასძენს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : რეზაონანსი