Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:00 02.12.2019
"მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა და გადავიდა რეპრესიულ მოქმედებებზე" - ეკა ბესელია

სასამართლოს ხელით ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა ქმნის სურათს, რომ მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნიღაბი ჩამოხსნა და რეპრესიულ მოქმედებებზე გადავიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

 

დეპუტატი აცხადებს, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას საპარლამენტო მანდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ უნდა იჩქაროს და მას შეუძლია, სასამართლოს ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებას დაელოდოს.

 

"2013 წელს დაიწყო ეს საქმე და ახლა 2019 წელი სრულდება. ამდენი წლის განმავლობაში - 6 წელი დაკიდებული საქმე, როგორც წესი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტია, რადგან სწრაფი მართლმსაჯულება, რომელიც არის ერთ-ერთი პრინციპი, თავის დროზე უნდა განახორციელო და როცა 6 წლის განმავლობაში გრძელდება ეს საქმე, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აცოცხლებ საქმეს და ააქტიურებ იმის შესაბამისად, რამდენად სჭირდება ეს ოპონენტის დევნას. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ჩანს საქმეში.


ეს სამწუხარო სურათია და ბოლო რეპრესიების და მკაცრი პოლიტიკის ფონზე ისევ სასამართლოს ხელით, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა ქმნის სურათს, რომ უკვე მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა და გადავიდა რეპრესიულ მოქმედებებზე," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge