Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:52 30.11.2019
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!

ნანა გაგუა, „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი:

 

"ჯორჯიან თაიმსისა" და "გორბის" ტრადიციული ბიზნეს რეიტინგის გრანდიოზული, საზეიმო ღონისძიება 2019 წლის 27 ნოემბერს ''შერატონ გრანდ მეტეხი პალასში'' გაიმართა. ღონისძიებას 2018-19 წლის რჩეული ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, ეკონომიკური ექსპერტები, ჟურნალისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. წლევანდელი ღონისძიება, იუბილესთან დაკავშირებით ოდნავ განსხვავებულ ფორმატში წარიმართა - იყო ბევრი სასიამოვნო მოულოდნელობა და ღონისძიების სცენარით გაუთვალისწინებელი სიურპრიზები. საღამოს ულამაზესი თეა დარჩიას ანსამბლი "თედასი", მომხიბვლელი ჯულიანა ბარგ-ნარი და ფანტასტიური ოთო ფოლადაშვილი განსაკუთრებულ ხიბლს მატებდნენ. ღონისძიებაზე პირველად შესრულდა, ჩვენი - მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" საიუბილეო ჰიმნი "ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით", რომელიც ახალგაზრდა მეცოსოპრანომ, ნინო სალუქვაძემ შეასრულა. დარბაზი უმაღლეს დონეზე გაფორმდა "სანო სტუდიას" მიერ, დიჯეი რემბოს ლაივ სტრიმი კი განსაკუთრებულობას მატებდა ამ შესანიშნავ საღამოს. დარბაზის დიზაინი ბესო დუღაშვილმა განსაზღვრა, ღონისძიების წამყვანი გური სალუქვაძე კი, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყო, თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბიზნეს დღესასწაულზე ბიზნესმენების ერთმანეთისადმი უპრეცედენტო სოლიდარობა, კეთილგანწყობა და ურთიერთსიმპატია სუფევდა.

 

სწორედ ეს არის ჩვენი ღონისძიების უმთავრესი მიზანი, მეტიც - ბიზნესმენები თავად აჯილდოვებდნენ ერთმანეთს, გადასცემდნენ ნომინაციის დიპლომებს და სამკერდე "ლომებს", რომელიც ''ზარაფხანას'' მიერ იქნა დამზადებული. ღონისძიების დასასრულს, ტრადიციისამებრ ფარული კენჭისყრით და "გორბის" მიერ შემუშავებული პროგრამით, ბიზნესმენებმა რჩეულთა შორის რჩეული კომპანია თავად შეარჩიეს. წლევანდელი ბიზნეს რეიტინგის გარდამავალი, ''ბოლნური ჯვრის" კავალერი - დავით ბარდაველიძე და მისი კომპანია ''ჯორჯიან პროდაქტი'' გახდა. ღონისძიებაზე ჩვენი მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი მედია, ჟურნალისტები და ფოტო-რეპორტიორებიც დაჯილდოვდნენ. საიუბილეო საღამოზე ნოდარ ხადურიც გავიხსენეთ, რომელიც ჩვენი ბიზნეს რეიტინგის სათავეებთან იდგა, ჯერ კიდევ შორეულ 95-ში - ჯილდო და საპატიო სამკერდე ''ლომი'' მის მეუღლეს, ნინო ცირეკიძეს გადაეცა.... ღონისძიების მთავარი ჯილდო, ოქროს "ბოლნური ჯვარი", რომელიც ერთადერთი, ხელნაკეთი და ექსკლუზიურია, ძვირფასი თვლებით არის მოოჭვილი და ის მრავალი წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კონკრეტულად "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგისთვის თავად აკურთხა და ბოლოს: წელს საქართველოს პატრიარქმა ჩვენს ღონისძიებას და მონაწილე ბიზნესმენებს პირადი წერილით მოგვილოცა 20 წლის იუბილე, ბიზნესმენები და ღონისძიების ორგანიზატორები კი დალოცა, ყველას კეთილდღეობა და წარმატება გვისურვა და ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის მთავარი მოვალეობა, პირველყოვლისა, შრომა და ქველმოქმედებაა ...

 

 

ნომინაციები და გამარჯვებულები

 

წლის საუკეთესო დამსაქმებელი - პეტროკას ჯგუფი, ივანე ნაკაიძე (საბა ჯიშიაშვილი)
წლის ინვესტორი - აი გრუპი, დიმიტრი აბდუშელიშვილი (კახაბერ გულედანი)
წლის ექსპორტიორი - არ ემ ჯი ჯგუფი (ლაშა მეფარიშვილი)
წლის სოციალურად პასუხისმგებლური კომპანია - არ ემ ჯი (კახაბერ მჭედლიშვილი)
წლის ბიუჯეტში უმსხვილესი გადამხდელი - სოკარ ენერჯი ჯორჯია, მაირ მამედოვი (აზერ მამედოვი)


კომპეტენტურ ჟიურის 
ხელმძღვანელობდა ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე. ჯილდო გადასცა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ!

 

 

 

ბიზნეს რეიტინგის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ: https://www.facebook.com/nananingagua/media_set?set=a.2564653176933605&type=3

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge