Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:23 26.11.2019
“გამარჯობა ძვირფასო სტუმარო"-ახალი გზავნილით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისათვის ღვინის დარიგება დაიწყო

ახალი გზავნილით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისათვის ღვინის დარიგება დაიწყო. 

 

ღვინის ბოთლზე ტექსტია დატანილი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო  აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს საჩუქრად გადასცა. 

 

“გამარჯობა, ძვირფასო სტუმარო, 


ეს-ეს არის რაც  ღვინის სამშობლოში ჩამოხვედი და უკვე იცი, რომ  ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „გამარჯობაა“,


საქართველო კულინარიის სამოთხეა,


აქ თქვენ გულღია და დადებითი ემოციებით სავსე ადამიანები გიმასპინძლებენ. „მასპინძლობა“ ჩვენი მეორე სახელია, ამის დასტურად გთხოვთ, პატარა საჩუქარი მიიღოთ, როგორც წინასწარი ნიშანი განუმეორებელი მოგზაურობისა!


გისურვებთ სასიამოვნო დროის გატარებას! შეხვედრამდე!


პატივისცემით,

 

საქართველო!

 

თბილისის, ბათუმისა და  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსული ტურისტები საჩუქრად საფერავის ღვინოს მიიღებენ. 

 

პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, საქართველოს პოზიციონირება, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანა, გარდა ამისა, ღვინის ბოთლზე დატანილი მესიჯებით აქცენტი კეთდება, რომ საქართველო თავისი უნიკალური ტრადიციებით, კულტურითა და კულინარიით ღვინის სამშობლოა.

 

საჩუქრის ეს ფორმა ორიგინალური გზავნილით, ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მოგზაურებს დადებით განწყობას უქმნის და სურვილს უჩენს, საქართველოში კვლავ იმოგზაურონ და ქვეყნიდან წაღებული დადებითი ემოცია თავიანთ ახლობლებს გაუზიარონ.  

 

„ჩვენ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ძალიან პოზიტიური კამპანია დავიწყეთ. კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ქართულ ღვინოს სიმბოლურად გადავცემთ, რომელზეც ის ძირითადი მესიჯებია დატანილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტუმართმასპინძლობას სწორად წარადგენს, ვასწავლით სიტყვა გამარჯობას. მოხარულები ვართ, რომ ამ კამპანიამ ტურისტებში ძალიან პოზიტიური ემოციები გამოიწვია, მათი თქმით, მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას არასდროს ჰქონიათ,-განაცხადა  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვამელმა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge