Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

14:35 22.11.2019
"რატომ უნდა დავმარცხდეთ ყველა, როცა შესაძლებელია ყველამ ერთად გავიმარჯვოთ"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რადად მე: ვეთანხმები უსუფას, რომ ე.წ. გერმანული მოდელი - გონივრულად კომპრომისული გამოსავალია; მეტიც - ჯერ კიდევ დღევანდელ კრიზისამდე დიდი ხნით ადრე ვამტკიცებდი და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ პერსონალიზებულ-პროპორციული სისტემა ყველაზე ახლოს დგას საქართველოსთვის საუკეთესო საარჩევნო სისტემასთან;


უსუფას არ ვეთანხმები, რომ "გერმანული მოდელის", ე.ი. პერსონალიზებულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე შესაძლებელია; ამ ინტერვიუში თავად უსუფაც აღნიშნავს:


" ..თუკი ამ თემის განხილვით აღმოჩნდება, რომ მათ მაჟორიტარებს გერმანული მოდელი უგვარებს პრობლემას, მაშინ რატომ არ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებაზე?" - ანუ აღარ არის ისეთი კატეგორიული და აღარ იცავს ხისტად თავის იმ მცდარ პოზიციას, რომ "გერმანული მოდელის" შემოღება მხოლოდ "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებითაც შესაძლოა;


აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციურ ცვლილებას, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთაც, ძალიან მაღალი ქვორუმის (პარლამენტში 3/4-ის) კონსენსუსი სჭირდება;


ასეთი ეროვნული კონსენსუსის მიღწევის რესურსი, როგორც ჩანს - არსებულ ვითარებაში ჩვენს პოლიტიკურ-პარტიულ სისტემას, საუბედუროდ არ გააჩნია.

რომ გააჩნდეს, მაშინ:


1. სწორედ უსუფას, ე.ი. კონსტრუქციული მიმართულებით და არა დესტრუქციული ნაცების გარშემო მოხდებოდა ოპოზიციის კონსოლიდირება;


2. ხელისუფლება მზად იქნებოდა დიალოგისთვის ასეთ კონსტრუქციულ ოპოზიციასთან.


მიუხედავად პარტიულ-პოლიტიკური სისტემის არასათანადო მზაობისა, ჩიტი ბრდღვნად ღირს:


ორივე მხარემ ყველაფერი უნდა სცადოს, რომ ჯერ დიალოგის, ხოლო საბოლოოდ კონსენსუსის მიღწევის გზა და რესურსი როგორმე გამონახოს!


სხვაგვარად - ამ დაპირისპირებაში ვერც ერთი მხარე ვერ მოიგებს, ქვეყანა და ხალხი - აუცილებლად დამარცხდება!


რასაკვირველია, ამ დაპირისპირებაში, დესტრუქციულ ოპოზიციას წარმატების არავითარი შანსი არა აქვს, მაგრამ, თუკი ხელისუფლებამ ოპოზიციაზე "გაიმარჯვა", ეს პიროსის გამარჯვება თუ იქნება მხოლოდ!


არა მგონია, "ოცნებას" ბევრი ჰყავდეს ჩემზე ერთგული მხარდამჭერი, მაგრამ ჩემთვისაც კი ასეთი "გამარჯვება" ოპოზიციაზე, თუნდაც ნაცებზეც კი, როცა ხალხისა და ქვეყნისათვის შედეგი მაინც ნულია, სრულიად ფუჭი და ამაოა!


სწორედ ამიტომ:


1.მოუწოდებ ხელისუფლებას, ჩაეჭიდოს უსუფას ამ პოზიციას, რათა იქნებ მოხერხდეს და გამოინახოს კონსტრუქციული დიალოგის თუნდაც მცირე შესაძლებლობა;


2. მოუწოდებ უსუფასაც და ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასაც, კონსოლიდირდნენ ამ კონსტრუქციული პოზიციის გარშემო და უარი თქვან "რიგგარეშე არჩევნების", 
"მთავრობის გადადგომის" და ა.შ. არაკონსტიტუციურ, დესტრუქციულ, მავნე და საშიშ მოთხოვნებზე, ასევე, უპირობოდ შეწყვიტონ ძალადობრივი სცენარისკენ მიდრეკილი საპროტესტო აქციები! ყველა ძალისხმევა გამოიყენონ (მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერაც), რათა აჩვენონ მზაობა გონივრული კომპრომისისათვის და შეძლონ კონსტრუქციული დიალოგის უალტერნატივობის მკაფიო დემონსტრირება. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მათი წარმატება, ისევე როგორც მთლიანად ქვეყნისა - გარანტირებულია!


ასევე შევახსენებ ყველას: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთადერთ სწორ გამოსავლად სწორედ დიალოგს მიიჩნევენ და დაჟინებით მოუწოდებენ მხარეებს კონსტრუქციულობისკენ, რათა სწორედ ასეთი დიალოგის გზით გამოინახოს გონივრული კომპრომისი და ყველამ ერთად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი!


რატომ უნდა დავმარცხდეთ ყველა, როცა შესაძლებელია ყველამ ერთად გავიმარჯვოთ?",-აღნიშნავს დავით ზარდიაშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge