Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

14:16 21.11.2019
"ხელისუფლებას ამ შეჯიბრში დიდი ფორა აქვს, თვალსაჩინოა, რომ ე.წ. ოპოზიცია უკვე ისეა გაბრაზებული, რომ ამეთვისტოს შეკავება ძალიან გაუჭირდება"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"საუბედუროდ, ახლა სწორედ ეს არის პოლიტიკის შინაარსი: არა რაიმე საზოგადოებრივი სიკეთის მიღება, არა მეტი უსაფრთხოება და კეთილდღეობა, რაიმე მიმართულებით მაინც თუნდაც ძალიან მცირე, მაგრამ რაღაც შედეგის მიღება, არამედ ის - ვინ ვის "წამოიკიდებს": ოპოზიცია ხელისუფლებას თუ პირიქით. საერო, საზოგადოებრივი შედეგის და საქმის ინტერესების თვალსაზრისით, რაც ჩავარდნილმა ბოლო ინიციატივამ ასე შთამბეჭდავად ცხადჰყო - ჩვენი პოლიტიკა ოდენ "ნულოვანი" თამაშია; საზოგადოებრივი სიკეთის მიღების და საქმის კეტების თვალსაზრისით - "ფშუტია", არარაა მისი შედეგი. არარას ქმნა აურზაურის შექმნით - აი, ეს არის ქართული პოლიტიკა, ხოლო ამ აურზაურში კი გამარჯვებულ-დამარცხებული უნდა გაირკვეს. მეთოდი იგივეა - ვინ ვის "წამოიკიდებს"!


ეს მეთოდი ქართული ზღაპრებიდან კარგად არის ცნობილი და "ლონდრეშია" ნაჩვენები - ვინც პირველი გაბრაზდება, წყობიდან გამოვა და თავს ვერ შეიკავებს, პიწმინდად წაგებულია და მისი ცოლიც ამეთვისტოსავით მისცემს....


რასაკვირველია, როცა ოპოზიცია ფიქრობს, რომ თურმე ხელისუფლება უკვე "წამოიკიდა", როგორც აგერ გუბაზი და აქუ ასე კომიკურად ცდილობენ რომ დაგვაჯერონ, უკვე თავადვე არის "წამოკიდებული"! სწორედ ასე ფიქრობდა ნოშრევანიც, რომ ლონდრე იმთავითვე უკვე წამოკიდებული ჰყავდა....


ნათელია: ხელისუფლებას ამ შეჯიბრში დიდი ფორა აქვს, თვალსაჩინოა, რომ ე.წ. ოპოზიცია უკვე ისეა გაბრაზებული, რომ ამეთვისტოს შეკავება ძალიან გაუჭირდება... ხელისუფლება ამ ე.წ. ოპოზიციას ბრაზსა და ბოღმას, სიშმაგეს ე.ი. "რევოლუციურ ჟინს" დღითი-დღე უცხოველებს და ალბათ, ამასაც ემსახურება მაჟორიტარების ბოლო გამაოგნებელი ინიციატივაც (პროპორციული არჩევნების საერთოდაც გაუქმების შესახებ!), მალე ნოშრევანივით საერთოდაც გაიყვანს გაღმა, სადაც ბოქლომების მწარე დეფიციტის პირობებში ოპოზიცია თავადვე გამოჭედავს საკუთარ ხუნდებს ანდაც გიჟის პერანგს ისე მოირგებს, რომ საერთოდაც ვერც მოვა გონს, რასა სჩადის!


ცხადია, მთელი დაგროვილი ორთქლი ბოლომდე გამოიშვება და საარჩევნოდ, ე.ი. 2020 წლის ზაფხულში, ილაჯგამოცლილი ე.წ. ოპოზიცია, თუკი მანამდე საგიჟეთში არ წავიდა თავისივე ფეხით, უკვე ხოხვითა და ფორთხვით თუ მიაღწევს არჩევნებამდე...


აი, არჩევნების მერე გახდება ყველასთვის ნათელი, თუ ვინ არის წამოკიდებული და ვინ კიდევ წამომკიდებელი...


მაგრამ ჩვენ, ხალხს რა ხეირი ამითი?!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge