Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:25 07.11.2019
ანგელა მერკელი და იენს სტოლტენბერგი ემანუელ მაკრონის მოსაზრებას „ნატო-ს ტვინის სიკვდილის“ შესახებ არ იზიარებენ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელმაც ნატო-სა და აშშ-ს შორის კოორდინაციის არ არსებობას და თურქეთის მიერ სირიაში ცალმხრივ მოქმედებას „ნატოს ტვინის სიკვდილი“ უწოდა, არ იზიარებს. მერკელმა ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საჭირო არ არის ნატო-ზე ასეთი შეტევა. მერკელმა ალიანსს შეუცვლელი უწოდა.

 

 

ამავე საკითხის კომენტირებისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას „ნატო-ს ტვინის სიკვდილის შესახებ“ და აცხადებს, რომ ალიანსი კვლავაც ძლიერია, აშშ და ევროპა კი, განაგრძობენ ერთობლივი ძალისხმევით კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებას. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ისინი აღარ უნდა დაეყრდნონ შეერთებულ შტატებს, რომ ის დაიცავს ნატო-ს მოკავშირეებს. ემანუელ მაკრონი The Economist-თან ინტერვიუში, სირიაში შეერთებული შტატებისა და თურქეთის მოქმედებებს აკრიტიკებს. „ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი“,- აცხადებს მაკრონი. მისი თქმით, ევროპა „უფსკრულის პირასაა“ და ის თავად უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები „ვეღარ შეძლებენ საკუთარი ბედის გაკონტროლებას“.

 

ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge