Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:04 06.11.2019
"ყველა პროგნოზით, ინფლაცია მომავალ წელს დასტაბილურდება" - გიორგი ცუცქირიძე

ყველა პროგნოზით, ინფლაცია, რომელიც დღეს 7 %-ზეა , მომავალ წელს დასტაბილურდება, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომ ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, ან მის ახლოს იქნება, დაახლოებით 3 %-ის ფარგლებში , – ამის შესახებ საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ცუცქირიძე წლიური ინფლაციის მაჩვენებლის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.


„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არა მარტო ოქტომბერშია გაზრდილი, სექტემბერშიც გაზრდილი იყო. ზოგადად გაზრდილი იყო, როგორც სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ასევე სამრეწველო ფასებისაც. ხშირად არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, ინფლაციის გამომწვევი რა ძირითადი მიზეზები შეიძლებოდა ყოფილიყო.


პირველი უნდა აღვნიშნო, როცა სასურსათო კალათას და ფასებს ვეხებთ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი იმპორტდამოკიდებული ეკონომიკა, მათ შორის სასურსათო პროდუქციის იმპორტის თვალსაზრისით. ბუნებრივია, სავალუტო კურსი აისახება ფასების ზრდაზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფლაციის იმპორტი თურქეთიდან. თურქეთი ჩვენი წამყვანი სავაჭრო-პარტნიორი ქვეყანაა, განსაკუთრბით იმპორტის თვალსაზრისით. თურქეთში ბოლო ორი წელია არის ძალიან მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი, 9%. ბუნებრივია, ინფლაციის იმპორტი საქართველოშიც ხორციელდება. ეს ორი მნიშვნელოვანი მაჩვენებლია, რაც ფასებს აძვირებს: კურსი და ინფლაციის იმპორტი.


კურსის ზეგავლენა მაღალია ინფლაციაზე ორი რამის გამო: ლარის გაუფასურება ბოლო წლებში მხოლოდ შიდა ფაქტორებით განპირობებული არ ყოფილა , ეს გამოწვეული იყო გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებით. მეორე ფაქტორი, რომელიც ლარის გაუფასურებაზე მოქმედებდა, ასევე დამოკიდებულია გარკვეულწილად თურქეთზე. თურქეთში ეკონომიკური ვარდნაა. მესამე ფაქტორია 20-21 ივნისის შემდეგ ლარის გაუფასურების ტრენდი. ეს დამოკიდებული იყო ნეგატიურ მოლოდინებზე. არის მოსაზრება, რომ ეროვნულ ბანკს უფრო აქტიურად უნდა ემოქმედა ბაზარზე, რომ ლარის გაუფასურება შეენელებინა. ეროვნულ ბანკს რომ დროზე ადრე აეწია მონეტარული განაკვეთი, ეკონომიკური ზრდა უნდა შეენელებინა, ანუ სავალუტო კურსის გაუფასურება გაეცვალა ეკონომიკურ ზრდაზე, რაც წმინდა მონეტარული თვალსაზრისით, შეიძლებოდა სწორი არც ყოფილიყო.
ასევე არის ახალი კრიტიკა და გარკვეული ტენდენცია იქმნება, რომ, თურმე ლარიზაციის ბრალია კურსის გაუფასურება, რაც არასწორია. სწორედ მაღალი დოლარიზაცია იყო გასულ წლებში, 2014-2015 წლებში, ყველაზე მაღალი რყევების მაპროვოცირებელი გარე შოკების ზეგავლენა ეკომონიკაზე. ლარიზაცია იყო არა მთავრობის აჩემება, არამედ სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, ფართო დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში. ყველა პროგნოზით, ინფლაცია, რომელიც დღეს 7 %-ზეა, მომავალ წელს დასტაბილურდება, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომ ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, ან მის ახლოს იქნება, დაახლოებით 3 %-ის ფარგლებში“-
განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

​ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის მაისის (7.1%) შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. წლიური ინფლაცია ნიშნავს მიმდინარე წლის ოქტომბრის ფასების წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებას. ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო საქონელზე ფასები, ჯამში, 1.6%-ით არის გაზრდილი. სურსათის კატეგორიაში ფასები ყველაზე მეტად, 2.7%-ით რძეზე, ყველსა და კვერცხზე გაიზარდა. ოქტომბერში ფასები თითქმის 6%-ით გაიზარდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (26.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 პროცენტი), ასევე პური და პურპროდუქტები (11.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8 პროცენტი), ასევე, ალკოჰოლურ სასმელებზე (3.0 პროცენტი); დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.3 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0- პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.7 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 6.9 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.3 პროცენტი).

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge