Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:30 06.11.2019
აშშ საქართველოში გააქტიურებას იწყებს - ვაშინგტონის ჩართულობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შესაძლოა გაიზარდოს

"აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის და უფრო მაღალ საფეხურზე ინაცვლებს. უახლოეს პერსპექტივაში, საქართველოში აშშ-ს ჩართულობის ზრდა, რაზეც ექსპერტმა დევიდ კრამერმა ისაუბრა, შესაძლოა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით იყოს მოსალოდნელი, რაც დადებითი ფაქტია. მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, აშშ საქართველოსთან დაკავშირებით შედარებით პასიური იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ილუზიას უწოდებს, რაც საქართველოში აშშ-ის ელჩის არდანიშვნის ფაქტს უფრო უკავშირდება. ეს მოვლენა შესაძლოა იმით აიხსნას, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში სხვა რიგი პრობლემები გაუჩნდა, სწორედ ამან გამოიწვია აქცენტის გადატანა სხვა საკითხებზე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, აშშ საქართველოში გააქტიურებას იწყებს - ვაშინგტონის ჩართულობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შესაძლოა გაიზარდოს.

 

"საქართველოში აშშ-ს ჩართულობის ზრდაზე განცხადება ექსპერტმა დევიდ კრამერმა 4 ნოემბერს გააკეთა. მან „ღამის დებატები - ფრენსის ფუკუიამასთან" დაწყებამდე, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. „საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, როგორც დემოკრატიის კუნძულს ამ რეგიონში. აშშ-ს კონგრესში "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები" საქართველოს დიდ მხარდაჭერას უცხადებენ და არ მაქვს მიზეზი იმის ფიქრის, რომ ეს შეიცვლება. "მალე აქ იქნება აშშ-ს ახალი ელჩი და ვფიქრობ, ეს მხარს დაუჭერს ელიზაბეთ რუდის მიერ დიდ ძალისხმევას და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, ვნახავთ ამერიკის ჩართულობის ზრდას საქართველოში და ეს დადებითი ცვლილება იქნება", - განაცხადა კრამერმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, კრამერის ამ განცხადებაში შესაძლოა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით აშშ-ს გააქტიურებაც მოიაზრებოდეს. "ჩვენი თანამშრომლობის არსებობის პრაქტიკას და გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ეს უკვე ნიშნავს ჩართულობაში დამატებითი იმპულსის გაზრდას. გარდა ამისა, უამრავი საკითხია, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს ეხება. ჩვენი თანამშრომლობის გააქტიურების რეალური პერსპექტივები ამ მიმართულებითაც ისახება. ეს რამდენიმე თემაა, რომელიც შეუწყობს ხელს გააქტიურებას. „ბატონ კრემერს ამის გარდა შესაძლებელია კიდევ ჰქონდეს მხედველობაში სხვა რამ, მაგრამ კონკრეტულად ეს საკითხები ზედაპირზე დევს," - ამბობს მენაღარიშვილი. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის კანდიდატურა სექტემბერში წარადგინა. მანამდე ამას წინ უძღოდა დაახლოებით ერთწლიანი დუმილი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, ელჩი, როგორც სრულუფლებიანი დიპლომატიური ფიგურა, 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავდა. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ამ დრომდე ელიზაბეთ რუდია”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ამ ფაქტს მენაღარიშვილი იმით ხსნის, რომ ვაშინგტონს სხვა უამრავი პრობლემა შეექმნა ახლო აღმოსავლეთსა და ზოგადად, აშშ-ში. „პასიურობის პერიოდი არ მახსოვს; ეს მოსაზრება შეიძლება ეფუძნება იმას, რომ აქამდე ჩვენთან ელჩი არ დაინიშნა. აშშ-ს უამრავი სხვა თავსატეხი გამოუჩნდა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებში. ამან ყურადღების ცენტრის გადატანა მოითხოვა. „შესაძლოა, სწორედ ამან შექმნა ეს ილუზია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი თანამშრომლობა რაიმე კუთხით შესუსტდა, შენელდა ან ენერგია დაკარგა. ეს უკანასკნელი გადაწყვეტილებებიც, მათ შორის ორპარტიული კონგრესის, უცებ ერთ ღამეში არ აღმოცენებულა. ეს იყო საქართველოსთან თანამშრომლობის და ამოცანების განსაზღვრაზე ფიქრის შედეგი. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ეჭვის საფუძველი ნაკლებად არსებობს," - აცხადებს ის”, - დასძენს გამოცემა.

 

"მკვლევარისა და ანალიტიკოსის, ლუკ კოფის განცხადების შესახებ საუბრისას, სირიიდან გასული აშშ-ის ჯარის საქართველოში, ახალქალაქში გაგზავნის თაობაზე, მენაღარიშვილი ამბობს, რომ მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დგას და „ზედმეტი ჯარი, რომელიც სადმეა მოსათავსებელი, აშშ-ს არ ჰყავს". "ჩვენი და ამერიკის ურთიერთობის გააქტიურების ყველა წინადადება სერიოზულად უნდა განიხილოს, თუმცა, ამ განხილვის საფუძველზე შესაბამისად უნდა მოხდეს რეაგირება. ეს კონკრეტული საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან აშშ-ის ჯარების ის ჯგუფი, რომელიც ჩრდილოეთ სირიის ქურთების დასახლებული რეგიონიდან აშშ-მა გაიყვანა, სულაც არ არის უმოქმედოდ დარჩენილი. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, დამატებითი კონტიგენტიც დაემატა და ეს დაჯგუფება სირიის დასავლეთში უფრო ძლიერდება. ამ ჯგუფის ერთი ნაწილი ერაყში, მეორე - ამ ლოკაციაზეა განლაგდება. "ასე რომ, ჯერჯერობით რაიმე ზედმეტი ჯარი, რომელიც სადმეა მოსათავსებელი, აშშ-ს იდეაში არ ჰყავს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზაონანსი