Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:55 06.11.2019
"ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით სრულიად მიუღებელია" - არჩილ თალაკვაძე

გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ ნათელ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან 27 წლისა და ყირიმის უკანონო ანექსიიდან 5 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ რჩება უდიდეს საფრთხედ.

 

„თუმცა, წარმოვადგენთ რა იმ ერს, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიის, ტოლერანტობისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიხიოთ უკან. გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ ნათელ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით სრულიად მიუღებელია. გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნებენ რუსეთს, იმოქმედოს საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში“,- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართველებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების სირთულე და კარგად აცნობიერებენ საკუთარ წვლილს ამ გამოწვევებთან გამკლავებაში.


„მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ მესამე მხარეს არ ძალუძს განსაზღვროს ჩვენი მომავალი. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც საკუთარ მომავალს ააშენებს და უზრუნველყოფს უწყვეტ მშვიდობასა და სტაბილურობას. მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ღირსეული მიზნის მისაღწევად“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge