Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:24 05.11.2019
„ეს იყო ძალიან პოზიტიური ვიზიტი და ამ ფაქტის ისტორიულობა ის არის, რომ სხვა დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დონეზე, არასდროს შემდგარა მსგავსი ფორმატის შეხვედრა“

ეს იყო ძალიან პოზიტიური ვიზიტი და ამ ფაქტის ისტორიულობა მდგომარეობს იმაში, რომ სხვა დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დონეზე არასდროს შემდგარა მსგავსი ფორმატის შეხვედრა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრის ნიდერლანდებში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა.

 

„ნიდერლანდები არის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში. ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ მაღალ დონეზეა ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან, ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით ეს მიმართულება გაგვეძლიერებინა ამ ქვეყანასთან. ძალიან დიდია სავაჭრო ბრუნვა ნიდერლანდების სამეფოსთან და აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად ლიდერია საქართველოში ინვესტიციების თვალსაზრისით. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მისი თქმით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. „მან თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იქნება ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი იმ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, რომელიც არის ოკუპაციის ხაზს მიღმა. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, თუ რაოდენ მძიმეა ვითარებაა ოკუპაციის ხაზზე, რა პირობებში გვიწევს ქვეყნის განვითარება. რა თქმა უნდა, საუბარი იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც ემსხვერპლნენ ამ ოკუპაციას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge