Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:46 04.11.2019
საქართველოს ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ლიეტუვაში ბინის ქირის დავალიანება აქვს

ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ლიეტუვაში ბინის ქირის დავალიანება აქვს. როგორც სალუქვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ბინის მეპატრონე არაკეთილსინდისიერად მოიქცა და კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა გაზარდა. სალუქვაძის განცხადებით, დავა არის უსაფუძვლო. მისივე თქმით, ბინის მეპატრონემ მისი ქვეყნიდან წასვლით ისარგებლა. როგორც სალუქვაძე ამბობს, სტატია, რომ ლიეტუვის სასამართლომ მას ბინის ქირის დავალიანების გადახდა დაავალდებულა, მისთვის ზიანის მისაყენებლად, შეკვეთით დაიბეჭდა.

 

„აბსოლუტური სიცრუე და თითიდან გამოწოვილი ამბავია, დაიბეჭდა შეკვეთით. ზუსტად მითხრეს, რომ ვიღაცას აინტერესებდა და იმიტომ. რეპუტაციის დაზიანება აინტერესებდა ვიღაცას, როგორც დიპლომატის და ჩემი, როგორც ქართულ-ლიეტუვური ურთიერთობის სიმბოლო. დიდი ხანი მომიწია იქ ყოფნა, ექვსი წლის განმავლობაში და ლიეტუველებისთვის გავხდი სიმბოლო საქართველოსი. სწორედ ამისთვის ზიანის მიყენება იყო მიზანი. რაც დაწერა ლიეტუვურმა სააგენტომ და მისი გავრცელება მოხდა ქართული მედიით, არც გაუჩნდათ კითხვა, ხომ არ არის დეზინფორმაცია, ფეიკნიუსი, ვიღაცის ინტერესი და ამიტომ აიტაცეს. ფაქტი არის ის, ესპანეთის მოქალაქეს, ჩემი ბინის მეპატრონეს, ვის ბინაშიც ვცხოვრობდი ქირით, კონტრაქტით, ექვსი წლის განმავლობაში, თანხა რამდენჯერმე შეიცვალა და ბოლოს, როდესაც უნდა წამოვსულიყავი, მისი მადაც უზომოდ გაიზარდა, გადაწყვიტა ასე არაკეთილსინდისიერად ემოქმედა და მოეთხოვა მეტი, რასაც ვერ გადავიხდიდით, ვიხდიდით კონტრაქტით. ის ეცადა რომ მიეღო მეტი, მაგრამ გამორიცხულია რომ ყოფილიყო გადაუხდელობა და ე.წ. გადაგდება, იმიტომ რომ ნებისმიერი კონტრაქტის მექანიზმით არის ჩადებული დეპოზიტის თანხები. ეს ყველაფერი ელექტრონულია. ჩვენ ხომ სახელმწიფოს წარმოვადგენთ, სახელმწიფო გვეხმარება თანხების გადახდაში და გამორიცხულია, რომ როგორც ელჩს, სხვანაირად ყოფილიყო. დავა არის უსაფუძვლო, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად დავტოვე ქვეყანა და ისარგებლა ამ ადამიანმა. მაგრამ პირიქით, აქეთ მოვთხოვო პასუხი ცილისწამებისათვის მასაც და იმ მედიასაშუალებასაც, რომელმაც გაავრცელა“,- აცხადებს სალუქვაძე.

 

ყოფილი ელჩის თქმით, დადასტურების გარეშე ძნელია და მისი მხრიდან არ იქნება სწორი საუბარი იმაზე, თუ ვისი ინტერესები იკვეთება აღნიშნულ საქმეში. „ვარაუდით, მტკიცებულებების გარეშე ვერ გეტყვით, ვის ინტერესშია. ვაპირებ ბოლომდე და სრულად გამოვიკვლიო, რაც არის ამის მიღმა. ის, რომ დავალიანება დარჩა, ან არ იყო გადახდილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. მას სურდა მეტი ფულის მიღება. კონტრაქტი როდესაც ამოიწურა, ვიდრე ქვეყანას დავტოვებდი, ბინაში ვიხდიდი იმავე თანხას, 2900 ევროს ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, რადგან ელჩის უფლებამოსილებას აღარ ვასრულებდი. მან გადაწყვიტა მოეთხოვა 5000 ევრო და ეს იყო შანტაჟი მისი მხრიდან, გაზრდილი მადა. უსიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ ამ ბინაში მოხდა ძარცვა, ჩემი და ჩემი ოჯახის, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე გამოვემგზავრებოდი. ამაზე ინფორმირებული იყო ვილნიუსის პოლიცია, რომ მას უნდა უზრუნველყო სახლი უსაფრთხოების ზომებით, რაც მან არ შეასრულა და აქეთ იყო ოჯახის პრეტენზია მის მიმართ. თავის დროზე მოვერიდეთ ამ ფაქტის გახმაურებას, ურთიერთობებიდან გამომდინარე. ჯობდა, გახმაურებულიყო და იქნებ აღარ ექნებოდა მას ასეთი ბრალდებების საფუძველი“,- აცხადებს სალუქვაძე.

 

ლიეტუვის მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ლიეტუვაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ხათუნა სალუქვაძეს ბინის ქირის დავალიანების გადახდა დაავალდებულა. როგორც მედია წერს, სალუქვაძეს სასამართლოში მის მიერ ნაქირავები ბინის მეპატრონემ, მანუელ რუის გარსიამ უჩივლა.

 

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge