Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:35 03.11.2019
ჯო ბაიდენს კათოლიკურმა ეკლესიამ ზიარებაზე უარი განუცხადა - აბორტების მომხრე რატომ ხარო

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე ამერიკულ პრესაზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: 

 

როგორც აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატის გაზეთი The South Carolina Morning News იტყობინება, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს და პრეზიდენტობის ამჟამინდელ კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენს სამხრეთ კაროლინის შტატში, ფლორენსში, დილის 9 საათიან წირვაზე ყოფნის დროს, ადგილობრივმა წმინდა ანტონის კათოლიკურმა ეკლესიამ ზიარებაზე უარი განუცხადა. მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკოსი, თავისი პარტიის პოზიციის მიხედვით, მხარს უჭერს აბორტების პროცედურას. ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმა, მამაო რობერტ მორიმ ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის გადაწყვეტილებას: „წმინდა ზიარება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვართ ერთმანეთთან, უფალთან და ეკლესიასთან. შესაბამისად, ჩვენი მოქმედებაც ამას უნდა ასახავდეს... ხოლო ყოველი ის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს აბორტებს, თავის თავს საეკლესიო მოძღვრების მიღმა აყენებს“.

 

საერთოდ, ჯო ბაიდენს ადრეც უთქვამს, რომ პირადად თვითონ აბორტების პრაქტიკა არ მოსწონს, მაგრამ იმავდროულად არ თვლის, რომ მისი პირადი შეხედულებები პოლიტიკურ პროგრამას უნდა განსაზღვრავდეს. ამის პასუხად ეპისკოპოსმა მიქაელ სალტარელიმ განაცხადა: „პოლიტიკოსისთვის მსგავსი ქმედება ისეთივე აბსურდულია, როგორიც ასეთი გამონათქვამი - „მე პირადად რასიზმისა და მონობის მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა შეხედულებებმა პოლიტიკურ პროგრამაზე გავლენა მოახდინოს“. ამ საკმაოდ სკანდალური ფაქტის გამო ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ წინასაარჩევნო რბოლაში შეიძლება ხმების 20,8% დაკარგოს - სწორედ ამდენი კათოლიკე ცხოვრობს აშშ-ში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge