Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:17 23.10.2019
"საქართველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში"

საქათველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საინვესტიციო ფორუმზე განბაცხადა

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ინვესტიციების შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში 8 მილიარდ დოლარს გასცდა.

 

„დღეს, საქართველო გარე სამყაროს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, გადასახადების მცირე რაოდენობასა და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ჩვენს საგადასახადო სისტემაში ნულოვანი განაკვეთით იბეგრება რეინვესტირებული მოგება. არ არსებობს აქტივების ფასის ნაზარდზე კაპიტალის გადასახადი და არც კაპიტალის რეპატრიაცია იზღუდება.


აი ეს ინიციატივა გარდაქმნიდა ჩვენს ქვეყანას ღია საბაზრო ეკონომიკის წყობად და სავაჭრო პოლიტიკად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლიბერალურია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გარდა, საქართვლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით სარგებლობს თურქეთთან, დსთ-სთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან;

 

„პრეფერენციების საერთო სისტემა გაგვაჩნია აშშ, კანადასა და იაპონიასთან. ასევე, მოლაპარაკებებს ვიწყებთ ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე, ხოლო ისრაელთან თითქმის დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე.

ამ შეთანხმებების არსებული ქსელი საქართველოში მოქმედ სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებს საშუალებას აძლევს გავიდნენ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრებზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერის თქმით, ძლიერი სავაჭრო ქსელის გარდა, საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებაში, რათა დაკავშირებადობის ხარისხი გაძლიერდეს.

 

„მიზნად გვაქვს დასახული საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად. ამასთანავე, საქართველოს წინსვლა დადებითად წარმოჩინდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და შეფასებაში.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივით.

Heritage Foundation-ის თანახმად, 180 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით.

Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 41-ე ადგილი უკავია და მას რეგიონის ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიან.

სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები აისახება ბოლო წლების გაუმჯობესებულ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში.

იმედი მაქვს ყოველივე ეს გვეხმარება საქართველოს ეკონომიკური ხედვა და საინვესტიციო მიმზიდველობა ერთიან კონტექსტში წარმოვაჩინოთ. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალი აბრეშუმის გზის  საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება საქართველოს ჩათვლით მისი ყველა მონაწილე ქვეყნისთვის.

ოდითგანვე აბრეშუმის გზაზე შემდგარი მოგზაურები საქართველოში შემოდიოდნენ და ახალ სამყაროს აღმოაჩენდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი დაგეხმარებათ ახლებურად გაიაზროთ ეს რეგიონი და ეს ქვეყანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge