Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:54 12.10.2019
„პრეზიდენტ ერდოღანის იმპულსურმა ქმედებამ, რომელიც ჩრდილოეთ სირიის დაპყრობას ისახავდა მიზად, შეერთებული შტატები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო“

პენტაგონი უარყოფს ბრალდებებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, ქურთი მოკავშირეები სირიაში მიატოვა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. „ჩვენ ჩვენი ქურთი პარტნიორები არ მიგვიტოვებია და შეერთებული შტატების ჯარები მათ გვერდით რჩებიან. პრეზიდენტ ერდოღანის იმპულსურმა ქმედებამ, რომელიც ჩრდილოეთ სირიის დაპყრობას ისახავდა მიზად, შეერთებული შტატები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო“, - აღნიშნავს შტატების თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი. მისივე თქმით, თურქეთისთვის მწვანე შუქი არავის აუნთია. „პირიქით, ჩვენ ყველა დონეზე ვცადეთ ეს ოპერაცია შეგვეჩერებინა“, - აცხადებს ესპერი.

 

შეგახსენებთ, თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციას ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონების ქურთი ძალებისგან გაწმენდასა და ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნას. ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის აღნიშნული რეგიონიდან ჯარები გაიყვანა. ქურთებმა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდნენ, ტრამპის ამ ნაბიჯს, „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge