Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:32 09.10.2019
ახმეტაში, შოთა ჭიჭიაშვილის გასვენებაში მომხდარი ინციდენტის გამო, კახეთის სამხარეო პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახმეტაში შოთა ჭიჭიაშვილის გასვენებაში მომხდარი ინციდენტის გამო, კახეთის სამხარეო პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა, ახმეტაში მცხოვრებ ქალს, დანაშაულებრივი განზრახვა, როცა ის სიტყვიერ დაპირისპირებაში შევიდა გასვენებაში მყოფ პირებთან, შემდეგ კი საკუთარი ავტომანქანით, ორ ადამიანს სხეულის დაზიანებები მიაყენა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

„იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა, რომ ქალბატონს წინასწარი განზრახვა ჰქონდა და ავტომანქანა ორ პირს ამიტომ დააჯახა, მაშინ შესაძლოა, საქმეს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიეცეს, ჯერ მოწმეები უნდა დაიკითხნენ. ამ ეტაპზე საქმე ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის აღიძრა“- განუცხადეს „პრაიმტაიმს“ საგამოძიებო უწყებაში.

 

გუშინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული, შოთა ჭიჭიაშვილის გასვენებაში ინციდენტი მოხდა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ინიციატორ ქალბატონს, სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული წესითაც შეუდგინეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge