Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:39 08.10.2019
თურქეთის ინტერვენცია სირიაში – დიდი საფრთხე რეგიონის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვის

სირიაში თურქეთის სამხედრო აქტიურობას, რომელიც აშშ–ის მოკავშირე ქურთების წინააღმდეგაა მიმართული, უკვე მოჰყვა ანკარისთვის არასასურველი ეკონომიკური ეფექტი. ეს კი, დიდი ალბათობით, რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებსაც შეეხება.

თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში ერთ დღეში 2%–ით გაუფასურდა, ამასთან ომის მოლოდინები აისახა საფონდო ინდექსზეც, BIST 100–ის ძირითადი აქციების ინდექსი 0,45%–ით შემცირდა.


რეგიონში შექმნილ ახალ გამოწვევებთან და მოსალოდნელ მძიმე ეკონომიკურ ეფექტებთან დაკავშირებით M2B ექსპერტს საბანკო–საფინანსო საკითხებში, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.


– რამდენად რეალურია ვაშინგტონის მხრიდან ანკარისთვის მძლავრი სანქციების დაწესება?


– ის რომ ამერიკა სერიოზულ სანქციებზე წამსვლელია გარდა ტრამპის მუქარისა, ამერიკელი სენატორის დემოკრატიული პარტიიდან ლინდსი გრეჰემის განცხადებაც ცხადყოფს. თურქეთის მხრიდან სირიაში სამხედრო ოპერაციას გაგრძელების შემთხვევაში, კონგრესი ანკარისთვის სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს განიხილავს, ხოლო კრიზისის გაღრმავების სცენარში თურქეთისათვის არც ნატოს წევრობის შეჩერებაა არის გამორიცხული.


თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია 7 ოქტომბერს, თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიის და ერაყის საზღვარზე ორი ხიდი გაანადგურეს, თურქეთმა ამ რაიონში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება, აშშ–ის მუქარის გამო, რამდენჯერმე უკვე გადადო.


– სირიაში განვითარებულ მოვლენების პესიმისტური სცენარით განვითარებაში, რა საფრთხეები ექმნება საქართველოს ეკონომიკას, რომლის მთავარი სავაჭრო პარტნიორიც თურქეთია?


– თუ ჩვენ გავაანალიზებთ გასულ წლებში თურქული კრიზისების ზეგავლენას ქართულ ეკონომიკაზე, იგი ნეგატიურ ხასიათს ატარებდა და პირველ რიგში ლირას რყევები სერიოზულად ზემოქმედებდა ლარის გაცვლით კურსზე აშშ დოლართან მიმართებაში. მაგრამ, შედარებით ხანგრძლივი კრიზისის შემთხვევაში, ანუ თუ თურქეთმა მაინც გადაწყვიტა სამხედრო ოპერაციის გაგრძელება და ჩაერთო ფართომაშტაბიან ომში სირიის დემოკრატიულ ძალებთან, რომლის შემადგენლობაში ქურთული რაზმებიც შედიან, ეს თურქულ ეკონომიკაზე არა თუ ნეგატიურად აისახება, არამედ ეკონომიკის ვარდნასთან ერთად თურქული ლირის მნიშვნელოვანი რყევებიც შეიძლება გამოიწვიოს, რადგან დაიწყება ქვეყნიდან უცხოური კაპიტალის მასიური გასვლა.


ამ შესაძლო სცენარის დადგომისას, მისი ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკაზეც არასახარბიელო იქნება. რადგან ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდანაც, რომ თურქეთი არის ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, რაც ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს როგორც ინვესტიციებზე, ასევე ტურიზმზეც და ფულად გზავნილებზეც – ანუ სავალუტო შემოდინებებზე მთლიანად.


აქედან გამომდინარე, ომის სცენარი იქნება ჩვენთვისაც არასასურველი, თუმცა იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ანკარა სიტუაციის ბოლომდე ესკალაციაზე მაინც არ წავა და პირველ რიგში სწორედ ეკონომიკური მრუდე პერსპექტივის გამო. თუმცა საქართველო ყველანაირი პესიმისტური სცენარისთვის მზად უნდა იყოს.

ავტორ(ებ)ი : m2b.ge