Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:28 07.10.2019
ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში სრულფასოვან სამხედრო ბაზას აშენებენ

“ჩორჩანაში ისევ შეუჩერებლად მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, მუშაობს ოკუპანტების სამშენებლო ტექნიკა. ძალიან დიდი ტერიტორიაა მოხაზული, სავარუდოდ საგუშაგოს აფართოვებენ და ძალიან დიდი სტაციონალური ბაზა კეთდება. ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება გვეუბნებოდა - რომ რუსები გაჩერდნენ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, -ასეთი ინფორმაცია მოაწოდა “რეზონანსს” სოფელ ატოციდან ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ. მისი თქმით, ოკუპანტები ზამთრისათვის სრულფასოვა ბაზას აშენებენ, სადაც რამდენიმე დიდი კარვის ინსტალაცია შეინიშნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში სრულფასოვან სამხედრო ბაზას აშენებენ.


“ტყის იმ ნაწილში, რომელიც მათ მოხაზეს და უკვე წაგვართვს, შეინიშნება რამდენიმე დიდი კარვის ინსტალაცია. აშკარაა, რომ რუსები თავის გეგმას მიყვებიან. ჯერჯერობით ჩვენს ბლოკპოსტთან მისასვლელი გზა არ გადაუკეტავთ, მათ ძირითადად აქცენტი გაკეთებული აქვთ ბაზის კეთილმოწყობაზე. ჩვენ ვნახეთ სეპარატისტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათმა ე.წ. პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ გაკეთდეს მაქსიმალურად კეთილმოწყობილი საგუშაგო, რადგან მალე დაზამთრდება და ფაქტობრივად მან ბრძანება გასცა, რომ ჯარისკაცებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნას და ჩვენი დაკვირვებით, ის, რაც ნაბრძანები აქვთ, უკვე სრულდება. იმ ტერიტორიის მასშტაბი, სადაც ეს ხდება, საკმაოდ საგანგაშოა. ჯერ ბოლო ხაზი შეერთებული არ აქვთ. ჩორჩანას ტყეში ოკუპანტები წნელისიდან შემოიჭრნენ, ამ წუთისთვის 1300 მეტრით არიან ვერტიკალში შემოჭრილები. თვითონ ახალი საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 3 კმ-მდეა, მაგრამ ეს ხაზი სად დასრულდება, ჯერჯერობით არ ვიცით”, -განაცხადა მოძრაობის ლიდერმა. ქაცარავა ამბობს, რომ ამჯერად ოკუპირებული ტერიტორიის ირგვლივ საინჟინრო ტექნიკით თხრილებს აკეთებენ, რაც სტანდარტულ სამუშაოებს სცდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როგორც ჩვენ ვაფიქსირებთ, ამ ტერიტორიაზე მიდის მძიმე ტექნიკის სამუშაოები, რომელიც თხრის ტერიტორიის ირგვლივ ტრანშეას თუ თხრილებს. მუდმივად საინჟინრო და უზრუნველყოფის მანქანები დადიან. იქით კი ჯარისკაცებს ვხედავთ. ეს სცდება იმ სტანდარტული საგუშაგოების მასშტაბებს, რასაც ჩვენ ვადევნებთ ხოლმე თვალყურს. სტანდარტული საგუშაგოები პატარა ჯიხურის ფორმისაა, სადაც მხოლოდ 2-3 კაცი შედის ხოლმე და ასეთი ტიპის ჯიხურებს ისინი 2-3 დღეში აყენებენ. ოკუპანტები თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. ხელისუფლების რეაგირება ნულოვანია. ჩვენ პასუხად გვაქვს მხოლოდ შეზღვუდვები გადაადგილებაზე. ვართ ატოცში და 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვართ. პოლიცია ერთი ნაბიჯითაც არ გვიშვებს ნებართვის გარეშე. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსებმა კომფორტულ გარემოში შეასრულონ თავიანთი შავბნელი საქმეები. ამ წუთას ატოცში ვარ. გარედან ვაკვირდებით ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, რომ შორიდანაც ვაკონტროლოთ ჩორჩანის ტყე. ის ფაქტიურად ჩვენი თვალთახედვის არეშია. ჩვენი ოპტიკური მოწყობილობებით ვუყურებ იმას, რასაც გიყვებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ქაცარავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge