Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:27 06.10.2019
„დროთა განმავლობაში საქართველოდან კაკლოვანი კულტურების ექსპორტი ღვინოს გადაუსწრებს - ნიგოზი და ნუში სამრეწველო წარმოებისთვის ძალიან პერსპექტიული პროდუქტებია“

„ისე მოხდა, რომ საქართველოში ძირითადად თხილი იწარმოება. სხვა სახის კაკლოვანი კულტურები, განსაკუთრებით, ნუში და ნიგოზი სამრეწველო დანიშნულებით არ იწარმოებოდა, რადგან ადამიანებმა არ იცოდნენ მისი შესაძლებლობების შესახებ. ამასთან, დღეს უკვე არსებობს ტექნოლოგიები მათი წარმატებული ინდუსტრიული წარმოებისთვის. FAO უკვე ორი წელია საქართველოში კაკლოვანი კულტურების წარმოების სარგებლიანობაზე მუშაობს. შესაძლოა, საქართველოს ბუნებრივი პირობები თხილისთვის უფრო უკეთესია, ვიდრე კაკლისთვის, თუმცა ორივე შემთხვევაში იდეალურთან ახლოსაა. ნიგოზს შეუძლია გაიხაროს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მთავარია სწორი ჯიშის შერჩევა“,- განაცხადა ანდრეი იარმარკმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ნუშის მოშენებისთვისაც შესანიშნავი პირობებია.

 

„ყოველ შემთხვევაში, ნუშის მოშენებისთვის საქართველოს ბუნებრივი გარემო უარესი ნამდვილად არ არის, ვიდრე თხილისთვის. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს ტერიტორიები, სადაც თავისუფლად შეიძლება ფისტას წარმოება. ეს არის ძალიან მომგებიანი კულტურა და მისი წარმოება ძალიან საინტერესო ბიზნესი შეიძლება გახდეს. ჩემი პირადი პროგნოზი ასეთია: დროთა განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს 10 ან 15 წელი, საქართველოს კაკლოვანი კულტურებიდან მიღებული შემოსავალი, ღვინიდან მიღებულ შემოსავალს გადააჭარბებს“,- განუცხადა ანდრეი იარმარკმა East fruit-ს. ექსპერტის თქმით, ინვესტორები დიდ ინტერესს გამოთქვამენ საქართველოში კაკლოვანი კულტურების წარმოებაზე. „ბევრი ადამიანი, ვისაც ფული აქვს, ეძებს ინვესტიციის ჩადების გზებს და ამ შემთხვევაში, კაკალოვანი კულტურები ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა. თუმცა, უნდა ესმოდეს ყველას, რომ ეს სოფლის მეურნეობაა და შეიცავს ამინდის პროგნოზის რისკებს და გრძელვადიან პერსპექტივასთან ასოცირდება“, - განაცხადა ანდრეი იარმარკმა.

 

ექსპერტმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოში თხილის წარმოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე, რომლის მიხედვითაც მან საერთო საექსპორტო პროდუქციაში უკვე რამდენიმე წელია წამყვანი პოზიცია დაკარგა. ამის მიზეზი კი ფაროსანა და სოკოვანი დაავადებები იყო. ანდრეი იარმარკმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება და კაკლოვან ინდუსტრიაში დიდი ცვლილებები დაიწყება. „ამჟამად თხილის წარმოება ძირითადად მცირე მეურნეობებზე მოდის. რაც მოხდა ეს არის სიგნალი, რომ ინდუსტრიამ მოახდინოს რეორგანიზაცია, მაგალითად ფერმერების ცოდნის ამაღლებისა და უფრო პროფესიონალური მიდგომების დამკვიდრების მიმართულებით. ამასთან, პროდუქტიულობის ზრდისთვის კონტროლი გააძლიეროს მავნებლებზე და სხვადასხვა დაავადებებზე“,-აღნიშნა ანდრეი იარმარკმა.

 

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით, 70 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ღვინოს, საექსპორტო პროდუქტებს შორის მეოთხე პოზიციაზე იყო. მისი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 197 მლნ აშშ დოლარი იყო.

 

 

 

 

 

bpn.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge