Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:41 03.10.2019
დედაქალაქიდან ტაქსები გაქრა, მგზავრობა კი გაძვირდა

“თბილისის მერიის ახალმა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც ქალაქში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსებმა უნდა იმოძრაონ, მომსახურების გაძვირება გამოიწვია. უკვე 2 დღეა დედაქალაქში ტაქსები მკვეთრად შემცირებულია, რის შედეგადაც მგზავრობის ტარიფმა მკვეთრად მოიმატა. თავად ავტომობილების რაოდენობამ კი იკლო. ამის გამო, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს და ტაქსით მგზავრობას უფრო მეტად გაურბის. პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული გამოძახებული ტაქსის ტარიფი დაახლოებით 2 ლარით გაიზარდა, ქუჩაში მოძრავის კი უფრო მეტით. ამიტომ რეგულაციების გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა სხვადასხვა გზებს მიმართეს - “გირჩის” ლიდერი ზურაბ ფაჯარიძე ორი დღის წინ, რეგულაციების დარღვევისთვის მიზანმიმართულად გადაადგილდებოდა ფერადი ტაქსით, რის გამოც 200 ლარით დააჯარიმეს და მართვის მოწმობაზე 20 ქულა ჩამოაკლეს...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დედაქალაქიდან ტაქსები გაქრა, მგზავრობა კი გაძვირდა / კომპანიები შეკვეთებს ვერ აუდიან, ხშირად გამოძახებული ტაქსი მგზავრებთან საერთოდ არ მიდის.


“ბოლო პერიოდში ტაქსებზე მოთხოვნამ მოიმატა, რადგან რეალურად ფერად ტაქსებს აღარ შეუძლიათ ქუჩებში სიარული და კლიენტის აყვანა. შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის გამო, ტარიფიც გაიზარდა. სულ უფრო მეტად იმატა იმ ხალხის რაოდენობამაც, რომელიც ტაქსებს ქუჩაში აჩერებენ, რადგან გადატვირთულობის გამო გამოძახებული ტაქსი ხშირად ვერ მიდის დაშნულების ადგილას. ტაქსისტი თემურ ბილიხოძე “რეზონანსს” უყვება, რომ სხვადასხვა ფერის ტაქსები, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ქუჩაში მყოფ კლიენტებზე მუშაობდნენ, ბოლო ორი დღის განმვალობაში მასობრივად მიაწყდნენ სატაქსო კომპანიებს და იქ რეგისტრირდებიან, რომ მუშაობა შეძლონ. “საბოლოო ჯამში, მომავალში, ალბათ, ესეც აიკრძალება და უკვე თეთრი ავტომობილის გარდა, არც ერთი სხვა ფერის მანქანას აღარ შეეძლება, თუნდაც გამოძახებაზე კლიენტთან მისვლა”, - აცხადებს თემურ ბილიხოძე და დასძენს, რომ მერიის რეგულაცია სულაც არ არის ურიგო, რადგან ამ სფეროში მდგომარეობა ბოლოს და ბოლოს უნდა მოწესრიგდეს. გარდა ამისა, ტაქსისტების ნაწილი გაკვირვებულია, თუ რატომ არ ისარგებლეს ფერადი მანქანების მფლობელებმა მერიის ტაქსის გადაღებვის ვაუჩერით და შეღავათით. ამან ქალაქში პრობლემები შექმნა. გადატვირთულობის გამო სატაქსო კომპანიების, ხშირ შემთხვევაში, კლიენტთან მისვლას აგვიანებენ ან საერთოდ არ მიდიან. კომპანიების ნაწილი უარყოფს ფასის გაზრდას, თუმცა რეალურად მომახმარებელს სხვა სიტუაცია ხვდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ვითარება ჯერ არ შეცვლილა, ვმუშაობთ ამ საკითზე”, - გააცხადეს “რენოტაქსში”, თუმცა არ ამბობენ აპირებენ თუ არა ტარიფის გაზრდას. გაძვირებული მგზავრობის გამო, მოსახლეობა უკმაყოფილებას სულ უფრო მეტად გამოხატავს. ისინი ადასტურებენ, რომ ტაქსის გამოძახებას გაურბიან, რადგან ფასმა მკვეთრად მოიმატა. ტაქსის ხშირი მომხმარებელი თათია ჭყონია ამბობს, რომ კონკრეტულ მიმამართზე გადასახადი დაახლოებით 2 ლარითაა გაზრდილი. პრობლემებია გამოძახებაზეც, რადგან სატაქსო კომპანიის ავტომობილები მისამართზე, ძირითადად, აგვიანებენ ანდა საერთოდ არ მიდიან. “კონკრეტულ მისამართზე ადრე თუ ვიხდიდი 9 ლარს ახლა ტარიფი 11 ან 12 ლარია. გარდა ამისა, ქალაქში ტაქსების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია. ეს, რა თქმა უნდა, გადასახადის გაზრდას ხელს უწყობს. რაც შეეხება სატაქსო კომპანიებს, გაზრდილი გადასახადის მიუხედავად, ხშირად აგვიანებენ ან დანიშნულ მისამართზე საერთოდ არ მოდიან”, - თქვა თათია ჭყონიამ. რეგულაციებმა ბაზარზე უარყოფითი ეფექტი მოახდინა. “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ბაზრის ამ სეგმენტის განვითარების ერთადერთი გზა კერძო ინვესტიციების მოზიდვაა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ტაქსის რეგულაციები ბაზარზე უარყოფითად აისახა. ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში კარგად ჩანს რა მდგომარეობაა და რა შედეგი მივიღეთ თბილისის მერიისგან, რასაც ტაქსების რეფორმა ჰქვია. ამით ტაქსის მძღოლებს და მომხმარებელს ბარიერები შეექმნათ. ახლა ამ სფეროს განვითარების ერთადერთი გზა არის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. ამისთვის კი საჭიროა ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნა. თბილისის მერიას რეკომენდაციები შევთავაზეთ, რომ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტიციას განახორციელებდენ, ანუ შეიძენდნენ ახალ ავტომობილებს, გადაამზადებდნენ მძღოლებს და ა.შ., გაეთავისუფლებინათ 10 წლით სახელმწიფო გადასახადებიდან. ეს მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საჭიროებდა და დღეს ათობით მსხვილი კერძო კომპანია გვეყოლებოდა. დღევანდელი შედეგი კატასტროფულია. ის თეთრი ავტომობილები, რომლებიც ქუჩაში მოძრაობენ, ტექნიკურად გაუმართავია და მძღოლები კი ისევ მოუწესრიგებლები. ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობდა, ისევ არსებობს. მხოლოდ თეთრი ავტომობილი მივიღეთ. ქუჩაში იმდენი ტაქსი მოძრაობდა და აპლიკაციას იმდენი ადამიანი იყენებდა, რამდენიც მოთხოვნა იყო. ამ რეგულაციებმა მოთხოვნის ბალანსი დაარღვია და ახლა უფრო მეტია მოთხოვნა, ვიდრე ტაქსი დადის. აპლიკაციაზეც უფრო დიდია შეკვეთები, ვიდრე მომსახურება - გარკვეული პერიოდი, რა თქმა უნდა, ვითარება იქნება არასახარბიელო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვასო ურუშაძე.


“ტაქსის რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლს 200-ლარიანი ჯარიმა ემუქრება. თუმცა, როგორც გუშინ დღის ბოლოს გაირკვა პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმებს გაუუქმებენ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, რომელიც ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით გეგმავს. ინფორმაცია უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : “რეზონანსი”