Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:40 03.10.2019
“ოცნების” მმართველობის შვიდი წელი საერთო ჯამში ძალიან წარუმატებელი და ანტიხალხოსნურია”

"რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის რეგიონებში ეს ვიზიტები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, როგორც ჩანს პარტიულ წარმომადგენლებს ხვდება, შესაძლოა სიის ფორმირებაზეც მუშაობდეს, ასევე ადგილობრივ აგიტაციის რეჟიმშიც იყოს. ერთი რამეა აქ საინტერესო, რომ ის ცდილობს უკვე პირადად გაუწიოს ადმინისტრირება იმ პროცესს, რასაც ადრე სხვები აკეთებდნენ-ხოლმე, ივანიშვილი უკვე საკმარისად აღარ ენდობა მის გვერდით მყოფი ადამიანების გარკვეულ ნაწილს და მიაჩნია, რომ უკვე პირადად უნდა იმუშაოს ამ პროცესში”, - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გამზარდია ამბობს, რომ „ოცნებას“ ახლა არც ერთი სისტემური წარმატება არ გააჩნია".

 

“ზოგადად წინასაარჩევნო მზადება პოლიტიკურ სუბიექტს მუდმივად უნდა ჰქონდეს, მაგრამ ივანიშვილი რასაც ახლა ახორციელებს, ეს არა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმაა, არამედ პარტიული სტრუქტურების ფორმალური მართვის, დავალებების გაცემის გაცნობის, ასეც გარკვეულწილად წინასაარჩევნო მუშაობაა, მაგრამ ტიპიური წინასაარჩევნო კამპანიად ეს არ ითვლება... “ქართულ ოცნებას" პირველი სამი წლის განმავლობაში ჰქონდა მკვეთრი პოზიტიური პროცესები, აღმასვლები, რომელიც თანდათან უკან-უკან წავიდა, პრაქტიკულად “ოცნებას” ახლა არც ერთი სისტემური წარმატება არ გააჩნია, მათ გარკვეული პოზიტიური ფრაგმენტები აქვთ, უფრო პროგრამები, რომლებიც საერთო ჯამში არც სისტემაზე და არც სახელმწიფოზე არ მოქმედებს, საერთო ჯამში მათი მმართველობის შვიდი წელი ძალიან წარუმატებელია, ანტიხალხოსნურია, თითოეული მოქალაქისთვის ბევრად დამძიმებული გარემოთ და ცხოვრებით, თუმცა სხვადასხვა ინსტრუმენტის და მექანიზმის წყალობით კვლავ ახერხებს მმართველი პარტიის სტატუსის შენარჩუნებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

 

“რაც შეეხება ლავროვი-ზალკალიანის შეხვერდას, თეორიულად დისკომუნიკაციას ბევრად სჯობს კომუნიკაცია, თუმცა თეორიულ მხარეს მაშინ აქვს დადებითი პერსპექტივა, როდესაც მხარეები თანაბრად არიან დაინტერესებულები კონფლიქტის მოგვარებაში, როდესაც ერთი მხარე თავისი სტატუსის შეცვლას არ აპირებს და მხოლოდ მეორე მხარეა დაინტერესებული, ამ შეხვედრების ეფექტი ფუჭია, შესაბამისად ეს კომუნიკაციები ჩვენს საწინააღმდეგოდ ტრიალდება იმიტომ, რომ საერთო ჯამში ისევ ჩვენდამი ცინიზმის გამოხატულებად დარჩა, იმას კი არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეხვედრა ვისი ინიციატივით მოხდა, რუსულ მხარეს არაფრის გადახედვა არ უნდა, ამიტომ ამ ეტაპზე კონსერვაციის გარდა სხვა მექანიზმი არ რჩება. “ქართული ოცნება”და გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები მაინც ცდილობენ რუსულ მხარესთან ურთიერთობას, და როდესაც იცი, რომ არანაირი პერპექტივა ამ შეხვედრებს არ ექნება და მაინც ხვდები, მერე თავისთავად საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ასეთი შეხვედრები კერძო ინტერესების შემცველი ხომ არაა”, - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “როგორ ფიქრობთ, უნდა გააძლიეროს თუ არა დასავლეთმა რეაქცია ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად?” - პასუხობს:

 

“რას ვითხოვთ დასავლეთისგან, რომ საქართველო აღმოჩნდეს პატარა ბალკანეთი, რომლის გამო თავის დროზე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო? ახლა საქართველომ იტვირთოს ეგ მისია? ჩვენ არასწორი წინასწარგანწყობა ისევ ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული, დასავლეთი ცდილობს, რომ ჩვენი მხარდაჭერა გააძლიეროს, ცდილობს სახელმწიფო უფრო ძლიერი გახადოს და მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული “მმართველობების” თუ იქ მაცხოვრებლებისთვის უფრო მიმზიდველი სახელმწიფო გახადოს, ჩვენ რომ არ მივყვებით ამ პრინციპებს და რომ არ ვიყენებთ დასავლეთის მხადაჭერას ისე, როგორც საჭიროა, ადგილობრივ მანკიერებებს უფრო წინა პლანზე ვაყენებთ, ეს სხვა საკითხია. რაც დასავლეთს შეუძლია გააკეთოს, იმას აკეთებს, უბრალოდ ჩვენ არასწორ მოთხოვნებს ვუყენებთ. ჩვენ იმასაც კი ვერ ვიყენებთ ეფექტურად, რასაც დასავლეთისგან ვიღებთ, ხაზს ვუსვამ ჩვენს განვითარებაზე ორიენტირებულ მხარდაჭრას, და რასაც ვითხოვთ ის რომ მოხდეს, ჩემი აზრით შეუძლებელია”...

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი