Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:26 30.09.2019
"გამოძიებას მივცემ შესაძლებლობას საგამოძიებო არეალი გაშალოს" - ეკა ბესელია

საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, რაც ეხება საკუთარი სტატუსის გამოყენებას და უკანონო კავშირს სასამართლოს წარმომადგენლებთან,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეს.

 

მისი თქმით, ის პროკურატურასთან არ აპირებს იმ ადამიანების შესახებ საუბარს, რომლებზეც ფარული ჩანაწერებით ზეწოლა ხორციელდება და რომლებმაც მას ეს ინფორმაცია გაანდეს, თუმცა გამოძიებას პარლამენტის იმ წევრების გვარებს მიაწვდის, რომლებიც პირად გავლენებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის იყენებენ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ ვანო ზარდიაშვილისა და დავით მათიკაშვილის გვარები ახსენა. ჟურნალისტების კითხვაზე, ამ საქმესთან ხედავს თუ არა ამ გვარების კავშირს, დეპუტატმა უპასუხა, რომ კავშირს ხედავს და ფაქტებიც აქვს.

 

„კი, პირდაპირ კავშირს ვხედავ და ამის ფაქტები მაქვს. შეუძლებელია, რომ ეს ვერ დაადგინო. რა დროც არ უნდა დასჭირდეს, დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე ამას სახელი დაერქმევა.

 

კარგია თავისთავად ფაქტი, რომ ამ განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო იმიტომ, რომ ჩემი ეს განცხადება მიჩნეული იქნა საყურადღებოდ. არ ვიცი რა დროში, მაგრამ დაწყებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა შესაძლოა გამოავლინოს ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მძიმე ფაქტები, როგორიც არის ადამიანის პირად სივრცეში ჩარევა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იქამდე, ვიდრე დღევანდელი პროცედურა არ დასრულდება. მე რა თქმა უნდა, თავს უფლებას არ მივცემ გავასაჯაროვო ინფორმაცია, რომელიც მე გამანდეს და ეხება სხვის პირად სივრცეს, მაგრამ რაც საჭიროა ამ ტიპის პრევენციული ქმედებისთვის, რომ დაცული იყოს ზოგადად ნებისმიერი ადამიანის პირადი სივრცე, ამისთვის შემიძლია გარკვეული ნაბიჯები გადავდგა და ვისაუბრო საგამოძიებო ორგანოსთან. ვისაუბრებ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, რაც ეხება საკუთარი სტატუსის გამოყენებას და უკანონო კავშირს სასამართლოს წარმომადგენლებთან, რისი საშუალებითაც პირადი ინტერესების ლობირება ხდება. პარლამენტის წევრი არ შეიძლება ლობირებდეს საკუთარი ოჯახის წევრს და უკანონოდ იყენებდეს საკუთარ მდგომარეობას იმისთვის, რომ საკუთარი თუ ოჯახის წევრების მატერიალური და ანგარებით მიზნების რეალიზება მოახერხოს. ამას ჰქვია ზეგავლენით ვაჭრობა. ჩვენ იმისთვის არ ვართ პარლამენტში, რომ საკუთარი ინტერესების რეალიზება მოვახდინოთ. გამოძიებას მივცემ შესაძლებლობას საგამოძიებო არეალი გაშალოს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge