Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:08 29.09.2019
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს დროშა მოიხვია და გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა: “საოცარი გულშემატკივრობა იყო. ძალიან დიდი მადლობა“. lelo.ge-ს ცნობით, მსოფლიო თასის ოფიციალურ საიტთან მიცემულ კომენტარში ჰეიგმა საქართველოს გამარჯვების მიზეზები ახსნა. „ურუგვაისთან მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ბიჭები ამას კარგად აცნობიერებდნენ. მსოფლიოს თასისთვის ბოლო ოთხი თვე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით, ისევე როგორც ბოლო ოთხი წელი. ვიცოდით, რომ ურუგვაი სწრაფი გუნდია, თუმცა ჩვენი წინახაზელების შეჩერება გაუჭირდებოდა. ვეცადეთ მეტოქისთვის ჩვენი თამაში მოგვეხვია, დაცვაში ნაკლები შეცდომა დაგვეშვა, შეტევისას კი ძლიერად მივძალებოდით. ყველაფერი კარგად გამოვიდა. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში მეტი ენერგია ვიგრძენით და ამიტომაც გავიმარჯვეთ,“ - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge