Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:13 25.09.2019
რუსეთის საგარეო უწყება კარასინის ფედერაციის საბჭოში გადასვლის მიუხედავად, საქართველოსთან დიალოგის შენარჩუნების იმედს გამოთქვამს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გრიგორი კარასინის წასვლის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნებაზე ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ თბილისთან დიალოგის ეს არხი შენარჩუნდება, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ეს საკითხი ახლა წყდება.

 

„მე იმედი მაქვს, რომ დიალოგის ეს არხი ამა თუ იმ ფორმით დარჩება“, - განაცხადა რუდენკომ.

 

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები. ქვეყნებს შორის დიალოგი მიმდინარეობდა მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში. გრიგორი კარასინი პენსიაზე გასვლის გამო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და ის რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის - ფედერაციის საბჭოს წევრი გახდა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge