Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:12 24.09.2019
რა მექანიზმით ხელმძღვანელობს პრეზიდენტი შეწყალებისას და ვინ ადგენს სიას

"პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს; 28 აგვისტოს შეწყალებული 34 მსჯავრდებულის შერჩევა როგორ მოხდა? რამდენი განცხადება იყო შესული? როგორ განიხილეს და რა კრიტერიუმებით გადაარჩიეს? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ გააჩინა. პრეზიდენტს აკრიტიკებენ, როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ასევე პოლიტიკური წრეები და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პერიოდში, შეწყალების კომისიის წევრები, ამ საკითხში თავის დროზე აქტიურად ჩართული პირები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მექანიზმით ხელმძღვანელობს პრეზიდენტი შეწყალებისას და ვინ ადგენს სიას

 

"ამ საკითხთან დაკავშირებით, "რეზონანსი" შეწყალების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს ზვიად ქორიძეს ესაუბრა; მისთვის გაუგებარია პრეზიდენტი რა მექანიზმით მუშაობს დღეს და საერთოდაც, მსჯავრდებულთა შესახებ ვინ აწვდის ინფორმაციას, სანამ უშუალოდ შეწყალების აქტს ხელს მოაწერს. ამ ყველაფერს თვითონ პრეზიდენტი განსაზღვრავს; პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოიფიქრა ის სქემა და მოდელი, რომელიც დებულებით განსაზღვრა, ხოლო ამ დებულებით მუშაობდა კომისია და სწორედ ის აწვდიდა ინფორმაციებს.

 

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ მარტომ განიხილოს ეს საკითხები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კომისია არ აქვს შექმნილი. მას უნდა ჰკითხოთ როგორი სისტემით მუშაობს. ამას ველოდები მედიიდან, - გავიგო რა სისტემით მუშაობს დღეს პრეზიდენტი შეწყალების საკითხებზე. როგორი იყო 2013-2018 წლებში ეს პროცესი, ვიცი, მაგრამ ამის შემდეგ რა ხდება, არ მაქვს ინფორმაცია. არც არავინ გვიყვება, - არც თვითონ პრეზიდენტი საუბრობს და არც არავინ უსვამს ამ კითხვას. როგორ შეარჩია ეს 34 კაცი? რამდენი კაციდან შეარჩია? რამდენი განცხადება იყო შესული? როგორ განიხილეს და გადაარჩიეს? - ეს არის პროცედურა, რომელიც ალბათ უნდა ჰქონდეს გამართული," - განაცხადა ზვიად ქორიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, რომელიც ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროს შეწყალების კომისიის წევრი იყო, "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბიშვილს შეწყალების კომისია არ ჰყავს, რომელიც პირველად გადარჩევას მოახდენდა და ისე მიაწვდიდა სიას, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. პრეზიდენტის აპარატში ეს როგორ ხდება, არ ვიცი; ვიცი როგორ ხდებოდა ეს მარგველაშვილის დროს. პრეზიდენტს არ ჰყავს კომისია. დღეს შეწყალება პრეზიდენტის აპარატში ხდება ისე, რომ არ არსებობს კომისია და აპარატი, რომელიც თავდაპირველ ფილტრს გააკეთებს. იმ დებულების მიხედვით (რომელიც მარგველაშვილის დროს იყო) პირველადი გადარჩევა ხდებოდა და შემდეგ ეს საქმეები კომისიაში მოდიოდა. იქ მზადდებოდა თითოეულ პატიმარზე გარკვეული მოცულობის ინფორმაცია, რომელსაც კომისია ეცნობოდა. ბოლოს კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებდა," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის რომ საქმე მარტივად გამოსაძიებელია - უნდა გაირკვეს ვინ დადო პრეზიდენტის მაგიდაზე მსჯავრდებულთა სია. საუბარია იმის შესახებაც, რომ გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა თავად პრეზიდენტის და მისი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვაც მოხდეს. დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება მას ამ დრომდე არ დაკავშირებია. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი ზურაბ ნადირაძეა. გამოძიების ცნობით, 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზურან ნადირაძემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე თავს ჩეხეთს აფარებდა და მისი ექსტრადაცია მხოლოდ 2017 წელს განხორციელდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია შეწყალების პროცესში მონაწილეობისა და კორუფციული გარიგების თაობაზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო”, - დასძენს გამოცემა.

 

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ქოიავას ოჯახის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, რომ თითქოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ზურაბ ნადირაძის ადვოკატი იყო. მისივე თქმით, ისრები მისკენ მიდის და მასაც აინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს მათი შეწყალება. ცნობისათვის, პრეზიდენტის მიერ მსაჯვრდებულთა შეწყალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო; პრეზიდენტმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება 12 წელიწადი ეძებდა. თბილისში 2004 წელს მომხდარი დანაშაული მხოლოდ 2016 წელს გაიხსნა. შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე. მეტიც, 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი 2009 წლიდან იძებნება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge