Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:59 21.09.2019
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

 

„ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა წარმოადგენს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალ 50.4 კმ სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას, რომელიც იწყება სოფელ ძირულაში E-60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების ადგილიდან და მთავრდება იმავე ავტომაგისტრალის მიერთებასთან ჩუმათელეთში. იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან. პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რიგ დასახლებებთან დაკავშირების შესაძლებლობა და აღნიშნული საავტომობილო გზა გამოყენებული იქნება E-60 ავტომაგისტრალის პარალელურ ალტერნატიულ მარშრუტად,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

 

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში მოექცა იური გოგნაძისა და მადონა ბანცაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ, საუბარია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფაში მდებარე იური გოგნაძის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართი 3500 კვ.მ) 675 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასა და მრავალწლიან ნარგავებზე) და მადონა ბანცაძის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართი 3000 კვ.მ) 260 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასა და მრავალწლიან ნარგავებზე).

 

ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ამ პირებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge