Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:44 21.09.2019
„ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, ერთმანეთის შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს“

ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ბოდბის მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიტევების გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩება.

 

„ადამიანი თუ ვერ ხვდება, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, შენდობა უნდა ითხოვოს, ვინც გონიერია მან შეუნდოს და მერე ეს მაგალითი ყველას აჩვენებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ, რომ თუ ასე გავაგრძელეთ, ქვეყანას დავღუპავთ და გადავჩეხავთ. მესია არავინ არაა ჩვენში, მესია ერთი გვყვავს და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეა და ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით, არც ვართ და ამიტომ ერთმანეთის მიტევება უნდა ვისწავლოთ. საქართველოს სიყვარულის გამო ერთმანეთის ბევრი რამ უნდა დავივიწყოთ და ავაშენოთ ის ქვეყანა, რაც ასე სანატრელია თითოეული ქართველისთვის. რა უნდა ვუთხრათ წინაპრებს? ვინ ვართ და რას ვაკეთებთ? ჟორდანიას რჯულს უნდა დავემსგავსოთ? ხომ ვნახეთ, როცა ათეისტი იყო ჟორდანია, რა დაემართა საქართველოს?! ეკლესიას ებრძოდა, გაზიდა ყველაფერი ეკლესიიდან, რა სიტყვებს ეუბნებოდა კათალიკოსს თუ სხვას და დღეს კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები და მასზე რაღაც კარგს ამბობენ. ასეთი ადამიანები რომ იყვნენ იმიტომ დაიღუპა საქართველო და ახლაც ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, ერთმანეთის შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს და როდესაც მოვძლიერდებით და ძლიერი საქართველო იქნება, ვინმეს სურვილი თუ ექნება, „ვისაც ხორცის ჭამა უნდა მოვიდნენ და დაგვგლიჯონ იმ გალესილი კბილებით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge