Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:25 14.09.2019
ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტის მომხრეა

 

გაზეთ «Петербургский дневник»-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმერ ჟირინოვსკის, რომელიც სანკტ-პეტერბურგზე და მის დამაარსებელზე - პეტრე პირველზე საუბრობს, იხსენებს იმდროინდელ ისტორიულ მოვლენებს და ა.შ. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შესაძლებლობას ეხებოდა.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საჭიროდ თვლით თუ არა პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას ჩვენს მეზობელ საქართველოსთან?

- საქართველოში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები ეროვნულ საკითხში ჩვენი საკუთარი შეცდომების შედეგს წარმოადგენს თითქმის 102 წლის განმავლობაში. ვლადიმერ ლენინი უპირატესობას ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას ანიჭებდა. იგი ყოველთვის წერდა, რომ „საბჭოთა კავშირში მყოფ ყოველ ხალხს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის უფლება უნდა ჰქონდესო“ და მუდამ ხაზს უსვამდა - „მეფე ჟანდარმია“ და „რუსეთი ხალხების საპყრობილეს“ წარმოადგენს. ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენ სხვა ხალხებს ვჩაგრავდით! თუმცა იგივე საქართველოს ჯერ კიდევ ივანე მრისხანე იცავდა ირანისა და თურქეთისაგან! 1783 წელს მეფე ერეკლე თურქებისაგან დაცვას ეკატერინეს სთხოვდა, მაგრამ შემდეგ თვითონ გაიქცა ოსმალებთან - ამგვარად, მან ქართველი მაზეპას როლი შეასრულა. 1801 წელს ალექსანდრე პირველმა საქართველო თავის ქვეშევრდომობაში მიიღო და სპარსეთისაგან გადაარჩინა. საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა ტიფლისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით. იქ ცხოვრობდნენ ქართველები, რუსები, აფხაზები და ათობით სხვა ხალხი... და რა მივიღეთ ჩვენ ქართველების გადარჩენის სანაცვლოდ? ისინი ყოველთვის ბუნტს აწყობენ! 1917 წელს საქართველომ პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, 1956 წელს სტალინის კულტის კრიტიკის გამო ბუნტი მოაწყეს... 1989 წელსაც... ამჯერად ქართველები მხოლოდ ავიამიმოსვლის და „ბორჯომის“ აკრძალვას არ უნდა დასჯერდნენ. საჭიროა ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტა საქართველოსთან, უნდა შეჩერდეს [ელექტრო]ენერგიის მიწოდება, აიკრძალოს ფულადი გადარიცხვები რუსეთიდან, ტოტალურად უნდა შემოწმდეს რუსეთში მყოფი ქართველ მეწარმეთა საქმიანობა და გაძევდეს ყველა ქართველი, ვინც კი ჩვენთან არალეგალურად იმყოფება.

 

 

 

spbdnevnik.ru-ს მიხედვით მოამზადა სიმონ კილაძემ …

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge