Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:18 14.09.2019
ხაზარაძე და მისი სიმბოლოები

"დადებს თუა არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ ლელოს 2020 წელს? ბანკირმა 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა და პირველი ხამამაღალი პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. ხაზარაძის მთავარი რეპლიკა, რაც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, იყო, რომ საქართველოში „ერთი კაცის მართველობა უნდა დასრულდეს“. რა ვიცით ხაზარაძე-ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის შესახებ და რა პერსპექტივები შეიძლება მათ 2020 წლს არჩევნებისთვის ჰქონდეთ? მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ხაზარაძე არ აპირებს არცერთ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას და არც პოლიტიკოსების მის გუნდში მიწვევას. ამის გამო ის უკვე გახდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ კრიტიკის მთავარი სამიზნე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხაზარაძე და მისი სიმბოლოები / 12 სექტემბერი, 12-12 ექსპერტი ყველა სფეროდან, ანაკლია და ყვითელი დაფა ლურჯი ზღვის ფონზე.

 

"ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ პრეტენზაციაზე განაცხადა, რომ მისი მოძრაობა ოქტომბერში პოლიტიკურ პარტიად გადაიქცევა. მისი მიზანი იქნება 2020 არჩევნების მოგება. მოძრაობის ვექტორი არის დასავლეთისკენ. მართვის სტილი იქნება ჰორიზონტალური - აქცენტით გუნდურობაზე. ხოლო ყველა სფეროდან 12 ლიდერს შემოიკრებს - მოძრაობაში გაწევრიანებულები იქნებიან ისინი, ვინც სხვადასხვა დარგში წარმატებას უკვე მიაღწია. „თი-ბი-სი ჯგუფის“ დამფუძნებელმა პოლიტიკურ მოედანზე გადასვლის შესახებ პირველად საჯაროდ 2 თვის წინ განაცხადა, მაშინ, როდესაც პროკურატურას მის წინააღმდეგ გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით უკვე დაწყებული ჰქონდა. ამ საქმეს თავად მამუკა ხაზარაძე მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობას უკავშირებს. ხაზარაძემ თავისი გამოსვლის დასაწყისში რამდენჯერმე ახსენა პორტის მშენებლობა, თუმცა ამჯერად ანაკლია მისი გამოსვლის ფონი იყო და არა ფოკუსი. თუმცა სავარაუდოდ, მისი ბრძოლის ერთ-ერთი ბერკეტი ანაკლისი პორტი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყნის მშენებლობაში ის ადამიანები უნდა იყვნენ ჩართული, ვინც „წარმატების ფორმულა“ იციან და უკვე აქვთ მიღწევები სხვადასხვა სფეროებში. მისი თქმით, დიდი პოტენციალია ემიგრანტებს შორისაც. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში ბიზნეს მენეჯმენტში აპრობირებულ ჰორიზონტალურ სტრუქტურას ირჩევს, რომელიც გუნდურ მუშაობაზეა ორიენტირებული. მისი გუნდის შემადგენლობა კი მას გამოსვლისას არ დაუსახელებია. თავიდანვე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა წინასწარ გამოცხადებული მოძრაობის წევრების ვინაობა, თუმცა ყველა სახელი კვლავ უცნობია. ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამბობენ, რომ მათი ვინაობა ცნობილი ნელ-ნელა გხადება. მათგან დადასტურებულია მხოლოდ შემდეგი ადამაინების ვინაობა, რომლებიც მოძრაობის წევრები გახდნენ: თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; კახა კოჟორიძე - ადვოკატი. ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი; ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, ექს-პრეიზდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი; ქეთი მატაბელი - მხატვარი; მაია ჩიკვაიძე - მხატვარი; საბა ბუაძე - იურისტი”, - დასძენს გამოცემა.

 

"ხაზარაძის სიტყვას და მის განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ყურადღებ მისაქცევია ის ფაქტი, რომ ხაზარაძე "ნაციონალებმაც“ და „ოცნებამაც“ ერთნაირად გააკრიტიკა. ექსპერტები „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ორივე პარტიის დარტმის მთავარი ობიექტი,სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძე იქნება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გაუჭირდება შეაფასოს რა იქნება იმ ადამიანების პოლიტიკური მომავალი, რომლებმაც კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს. „ამ ადამიანს ამ ვალდებულების შესრულება უფრო მართალს გახდიდა. ვალდებულებების შეუსრულებლობის ფონზე იგივე ადგილიდან მოძრაობის დაანონსება საზოგადოების მიერ რამდენად სერიოზულად აღიქმება, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. თუმცა, თუკი ადამიანს ან პირთა ჯგუფს პოლიტიკური ამბიციები უჩნდება, ჯობია ის ვალდებულებები ჰქონდეს შესრულებული, რაც თავის თავზე აიღო“, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ. „ლელოს“ პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი „ფეიბსუკ“ პოსტით გამოეხმაურა. „ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი და უნდა გავარღვიოთ. თურმე ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე. „ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე. ანაკლიის პორტი იგივე ლაზიკის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს“, - წერს სააკაშვილი”, - წერს გამოცემა.

 

"ექსპერტ გია ხუხაშვილი კი „რეზონანსთან“ ხაზარაძის ახალ მოძრაობას აფასებს და ამბობს, რომ მისი ნაბიჯები პოლიტიკურად კარგად არის გააზრებული, თუმცა ფიქრობს, რომ „ლელოს“ პოლიტიკური კომპონენტი სჭირდება, რადგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ხუხაშვილი აქვე დასძენს, რომ ეს ძალიან წვრილმანია და ამ ეტაპისთვის არცთუ ისე მნიშვნელოვანი ხარვეზებია, რაც გამოსწორდება. „რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს და გუნდს, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მისი მთავარი გზავნილი საზოგადობაში არის ასეთი, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა არის ძირითადად კომპრომენტირებული., მათზე აღბეჭდილია წარსული დანაშაული, ან მუდმივი წარუმატებლობა და შესაბამისად, ის ცდილობს დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. „ბუნებრივია, ამას აქვს თავისი რისკები და პრობლემები, იმიტომ, რომ ცნობადობის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს. ცნობადობის ფირმირებისთვის ერთი წელი არის ძალიან ცოტა და ეს მას შეუქმნის პრობლემებს. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე, სრულიად საკმარისია. „მე ვფიქრობ, რომ მას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტის გაჩენა, რომელიც ჯერ არ იგრძნობა და ქმედებებშიც არ ჩანს. თუმცა, ეს ძალიან წვრილმანი და ამ ეტაპისთვის არცთუ ისე მნიშვნელოგანი ხარვეზებია, რაც გამოსწორებადია. „პოლიტიკურად კარგად გააზრებულია მისი ნაბიჯები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჯერ სამოქალაქო მოძრაობა. მას ძლიერი პოლიტიკური კომპონენტის გამოჩენა უფრო დასჭირდება პარტიის დაფუძნების, მისი ყრილობის მომენტში“, - განაცხადა ხუხაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : "რეზონანსი“