Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:35 11.09.2019
"საქართველოსგან განსხვავებით გერმანიაში ეთნიკური სეპარატიზმი არ არსებობდა!“ - ჯუმბერ კირვალიძე

საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ნატოს წევრი სახელმწიფოს - ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასის მიერ გახმოვანებულ "რეკომენდაციას": „გერმანიისთვის ნატო-ში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად ორად იყო გაყოფილი", -  მისი ქართველი კოლეგა თინათინ ხიდაშელი "აღფრთოვანებით შეხვდა"?!

 

ჩემი აზრით, ნატოს წევრობის რა გითხრათ, მაგრამ, საქართველოს შემთხვევაში "გერმანული მაგალითის მიხედვით" ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ!.. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ „გერმანული მაგალითი" საქართველოს გამთლიანებისათვის არ გამოდგება და იგი გამორიცხავს ამის შესაძლებლობას! რატომ? იმიტომ, რომ გერმანიის შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვა პოლიტიკურ, ეთნიკურ, ისტორიულ–ფსიქოლოგიურ კონტექსტთან.

 

დიახ, მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, ეთნიკურად ერთიანი გერმანელი ერი ორად იყო გაყოფილი გარეშე ძალების მიერ, რომლის მთავარი საფუძველი "იდეოლოგია" გახლდათ (გფრ - დემოკრატიული, თავისუფალი სამყარო და გდრ - საბჭოთა, კომუნისტური ბლოკი), და რაც უმთავრესია, – არანაირი ეთნიკური სეპარატიზმი გერმანიაში არ არსებობდა! ქართველ პოლიტიკოსებს "ხშირად ავიწყდებათ", რომ საქართველოში არსებობს ოსური და აფხაზური სეპარატიზმი და ეს ეთნიკური სეპარატიზმი ჩრდილოეთ მეზობელმა მოხერხებულად გამოიყენა საქართველოს მთლიანობის დასარღვევად. სწორედ, ამ ხალხების ეთნიკურ სეპარატისტულ განწყობებზე "დგას" დღეს რუსული ოკუპაცია საქართველოს ორივე რეგიონში, რასაც ადგილი არ ჰქონდა გერმანიის ტერიტორიაზე, არც დემოკრატიულ გფრ–ში და არც სოციალისტურ გდრ–ში!..

 

მინისტრ ხიდაშელის და მისი თანამოაზრეების პოზიცია ზუსტად ემთხვევა "ნაცმოძრაობის" ხედვას, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ‘ნაციონალები“ არც მალავდნენ და შესაძლებლად მიაჩნდათ ის ვარიანტი, რომ საქართველოს ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებდა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება "გაწევრიანებულიყო" ნატო–ში, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, – რუსეთის "დაშლის შემდეგ"! დიახ, ამ "ვარიანტთან" დაკავშირებით ერთ–ერთმა მათგანმა (თუ არ ვცდები, დ. ბაქრაძემ) განაცხადა, რომ  – "გერმანიაც ასე იყო გაყოფილი და "მერე გაერთიანდაო" (სსრკ რომ დაიშალაო, ანუ საქართველოს შემთხვევაში რუსეთის "დაშლას" უნდა ველოდოთო!)!?..

 

საქმე ის არის, რომ გერმანელები ერთი ერია და მათ გაუადვილდათ (როცა შანსი მიეცათ) გაერთიანების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ გფრ–ც და გდრ–იც გაეროს წევრი სახელმწიფოები იყვნენ და "ერთმანეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებდნენ" და მაინც, საუკუნეც რომ გასულიყო, ერთიანი გერმანელი ერი მაინც გააერთიანებდა გერმანიას!.. ჩვენს შემთხვევაში კი, ეს გამორიცხულია, რადგანაც მავანს "ავიწყდება", რომ სეპარატისტ აფხაზებს და ოსებს არანაირი სურვილი არა აქვთ, რომ "შემოგვიერთდნენ ერთიან საქართველოში" და მათი "აზრით", ჩვენთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისინი – "თავის დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოებს აშენებენ"?!..

 

მოკლედ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნატოში ამდაგვარი "რეკომენდაციით" გაწევრიანება, საქართველოს ხელისუფლებას (ქართველ ხალხს!) სამუდამოდ დააკარგვინებს ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობას, ანუ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შანსს!..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge