Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:55 09.09.2019
"პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემომავალი ნაკადებით მკვეთრადაა გაზრდილი" - გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:


"მინდა გამოვეხმაურო ინვესტიციების თემას:


საქსტატის მონაცემებით 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გარკვეულწილად შემცირებისა, უკანასკნელი წლების განმავლობაში მთლიანი ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნადა არის გაზრდილი.


წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზომება არა უბრალოდ, შემომავალი ნაკადებით, არამედ შემომავალი და გამავალი ანუ ინვესტორთათვის ვალდებულებების შემცირების პარამეტრებს შორის სხვაობით. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველო გადავიდა საგარეო ვალებულებების დაფარვის აქტიურ ფაზაში, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის მხრიდან. თავისმხრივ, ინვესტორების მიერ ვალდებულებების დაფარვა გარკვეუწილად ამცირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლს.


ბუნებრივია,სახელმწიფოს არ შეუძლია შეზღუდოს უცხოელ ინვესტორების მხრიდან ვალდებულებების შემცირების პროცესი. მისი ამოცანა ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.


შესაბამისად, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადებით შევაფასებთ, იგი მკვეთრადაა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ორ კვარტალშიც მაღალია და დაახლოებით მილირდ 300 მილიონი დოლარია, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.


ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა საინვესტიციოდ ძალიან მიმზიდველია და აქტიურად მიმდინარებს ინვესტირება სხვადასხვა სფეროებში. საბოლოო ჯამში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებით, და გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი შედეგზე ორიენტირებული სამთავრობო პროგრამის განხორციელებით, წლის ბოლოსთვის, ტენდეცია უკეთესობისკენ შეიცვლება და მაღალი იქნება როგორც შემომავალი ნაკადების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი.

ჩვენთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაიწყო 2014 წლიდან და შესაბამისად ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა მისი პროცენტული თანაფარდობა მშპ-სთანაც. ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს იყო, როდესაც ინვეტიციების მოცულობამ 1 894,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, თუ 2014 წელს პუი-ს თანაფარდობა მშპ-სთან- 6.4 %-ს შეადგენდა, ეს ინდიკატორი 2015 წელს გაიზარდა 11.7 %-მდე, ხოლო 2017 წელს -12 %, რაც საკმაოდ მაღალი, მე-12 პოზიცია იყო საერთაშორისო რეიტინგშიც.

მართალია, 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა(2018 წელს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციებმა 1 232,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და შესაბამისად, მისი მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელი შემცირდა 7.6 %-მდე, მაგრამ 2014-2017 წლების საშუალო მაჩვენებელი 11 %-ის ფარგლებში იყო, მოუხედავად იმისა, რომ დღეს საერთაშორისო, საინვესტიციო ფონი არ არის ოპტიმისტური. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2018 წლის მიხედვით პუი-ს ფარდობა მშპ-სთან საშუალო მსოფლიო დონე ისტორიულ მინუმზეც კი იყო დასული-1.38 %, რაც გაცილებით დაბალია წინა წლებთან შედარებით. შემთხვევითი არც ის იყო, რომ საქართველოში შარშან ამ მაჩვენებელმა 7.3 % შეადგინა, მაშინ როდესაც თუნდაც 2017 წელს, შედარებით უკეთესი საინვესტიციო ფონისას(2016-2017 წლის მიხედვით, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 4.59 %-ს შეადგენდა)-12. 3 % იყო;


როგორც ვხედავთ, მიუხედავად გასულ წელს საინვესტიციო ნაკადების შედარებით შემცირებისა, რაც ზოგადად დამახასიათებელია სინვესტიციო ციკლებისთვის, საქართველოს ბოლო წლებში აქვს პუი-ს ინდიკატორის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი და რაც მთავარია სტაბილური მაჩვენებელი, რაც საუკეთესოა როგორც რეგიონის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზე,"
- წერს გიორგი ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge