Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:58 29.08.2019
ვინ არიან პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატები

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში მოხდება მთავრობის შეცვლა. შს მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კი სავარაუდო კანდიდატებად სახელდება მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია, უმრავლესობის დეპუტატი ოთარ დანელია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. “სამთავრობო ცვლილებები პოლიტიკური დღის მოთხოვნაა და ამ პროცესის დაწყება განპირობებულია ახალი პოლიტიკური სისტემით არჩევნების ჩატარებასთან. ამას სჭირდება ახალი ძალა და ახალი მუხტი, ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და სტაბილურ გარემოში და სიტუაცია ქაოსისკენ არ წავიდეს”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ არიან პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატები / გახარია, დანელია, ცქიტიშვილი, ბაქრაძე - ვის აირჩევს ივანიშვილი.

 

“გახარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ივანიშვილი მაინც მიიღებს გადაწყვტილებას, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშნოს გახარია, ეს მისი ხელისუფლების დასასრული იქნება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, გახარიასა და ღარიბაშვილის კანდიდატურებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობაა თავად “ოცნებაშიც”. მთავრობის შეცვლა პოლიტიკური დღის მოთხოვნაა და ამ პროცესის დაწყება უკავშირდება ახალი პოლიტიკური სისტემით არჩევნების ჩატარებას. ამას კი სჭირდება ახალი ძალა და ახალი მუხტი, ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ, რომ 2020 წლის არჩევნები მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარდეს და ქვეყანაში სიტუაცია ქაოსისიკენ არ წავიდეს. დღევანდელი ტექნიკური მთავრობა კი ამას ვერ შეძლებს. რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, ოთარ დანელიაც და დავით ბაქრაძეც მიუხედავად მათი პროფესიონალიზმისა, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ფიგურები ვერ იქნებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საქართველოში, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავიდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ძალიან მაღალი თანამდებობაა და სწორედ მის ხელშია ქვეყნის მართვის ბერკეტები. პრემიერ-მინისტრს სჭირდება სხვა მიდგომები. იგივე შეიძლებ ითქვას მაია ცქიტიშვილზეც, მიუხედავად იმისა, რომ იგი მუშაობდა ადმინისტრაციაში და ქვეყნის მართვის სტილი იცის. ყველა ამ ოპტიმალური კანდიდატებიდან, გახარიას მეტი შანსი აქვს, მას გააჩნია კრიზისების მართვის უნარი. მიუხედავად 20 ივნისის ტრაგიკული მოვლენებისა და იმ დაშვებული შეცდომებისა, გახარიამ კრიტიკულ სიტუაციაში მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანა ქაოსს გადაარჩინა. ანუ მას შეუძლია კრიზისულ სიტუაციაში პასუხისმგებლობის აღებაც და გადაწყვტილების მიღებაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“შეიძლება ამ ელემენტების გათვალისწინებით იქნეს მისი კანდიდატურა შერჩეული. ივანიშვილი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნით არაფერს კარგავს, ოპოზიცია მასთან ისედაც კონფრონტაციაშია შესული. ექსპერიმენტების დროს წავიდა, წინ არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პირველად ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამიტომ, ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში, არჩევნების შემდეგ კი სიტუაცია ქაოსისკენ არ უნდა წავიდეს. ამიტომ, უნდა შეირჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას შეძლებენ. ვფიქრობ, გახარიას და ღარიბაშვილის ტანდემი ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მთლიანად მთავრობა არ შეიცვალოს და შეიცვალოს მხოლოდ პრემიერი და შს მინისტრი. გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, ღარიბაშვილმა კი შსს მინისტრის თანამდებობა”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge