Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:16 26.08.2019
“ოცნებამ” ან “ჯადოსნური ჯოხი” უნდა იპოვოს, ან...” - ვახტანგ ძაბირაძე

“როდესაც 20-21 ივნისს ხელისუფლებამ მომიტინგეები კი არ დაშალა, არამედ დაარბია, მან აჩვენა, რომ შეცვალა მიდგომები საზოგადოებისა და ქვეყნის მიმართ და "ქართული ოცნების" ისტორიაში დაიწყო ახალი ეტაპი. დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საკუთარი ძალა ეჩვენებინა. აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" მართვის მეთოდები ნელ-ნელა ემსგავსება "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებს. საქართველოს ტიპის ქვეყნებში, სადაც დემოკრატია სუსტია, მუდმივად არის საფრთხე, რომ ხელისუფლებას ხელი წაუცდეს ავტორიტარულ მეთოდებზე. რადგან ეს პროცესი დაიწყო, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ უნდა აკონტროლონ ყველა და ყველაფერი. სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ბევრი პრობლემა, მათ შორის ხაზარაძე-ჯაფარიძის საკითხიც, თუმცა ეს გაცილებით უფრო კომპლექსური თემაა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებამ” ან “ჯადოსნური ჯოხი” უნდა იპოვოს, ან...” /„დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი საყრდენი. ერთი არის სახელისუფლებო რესურსი, მეორე _ „ნაციონალური მოძრაობა“, რომლითაც აშინებს ამომრჩევლის იმ კატეგორიას, რომელსაც მათი ხელისუფლებაში დაბრუნების გაგონება არ სურს“.


“თუ დააკვირდებით, ეს პროცესი დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო ხაზარაძესთან დაკავშირებული პრეტენზიებით. გაგახსენებთ “ქართული ოცნების” ლიდერების დაახლოებით ასეთ განცხადებებს - საქართველოში ორი ბანკია, რომლებიც კი არ აშენებს, ანადგურებს ქვეყანასო. შემდგომ გამოჩნდა, რომ ხაზარაძისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ბანკის თემა და ეს უკავშირდებოდა ანაკლიის პროექტს. როდესაც მის წინააღმდეგ შეტევები განახლდა, მაშინვე ვივარაუდე, რომ ხაზარაძეს პოლიტიკაში წასვლის გარდა სხვა გზა არ რჩებოდა. ჩვენთან ტრადიციულად ასე ხდება - როდესაც ბიზნესმენს ავიწროებენ, ის ან საზღვარგარეთ მიდის, ან პოლიტიკაში. როგორც კი ეს 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია წამოსწიეს და გამოძიება დაიწყეს, მაშინვე ამოტივტივდა ახალი _ "ტვ პირველის" თემაც. მოკლედ, აშკარაა, რომ კარგად დაგეგმილ და კომპლექსურ დარტყმასთან გვაქვს საქმე, რომელსაც, სავარაუდოდ, ასევე კომპლექსური ანუ მრავალწახნაგიანი მიზეზები აქვს... ანაკლიას რომ დავუბრუნდეთ, უკვე ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. ეს არის პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და პირდაპირ უკავშირდება აშშ-ის ინტერესებს. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს პროექტი შეიძლება შეწყდეს, უსაფუძვლოა - რაც უნდა მოინდომოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ვფიქრობ, ამას ვერ მოახერხებს, თუმცა ეს სკანდალური ვითარება აფერხებს მის განხორციელებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.


“დღესდღეობით, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება და მიმართულია 2020 წლის არჩევნებისკენ. "ტვ პირველი" აშკარად ყელზე ადგას ხელისუფლებას, რომელმაც მედიაზე ზეწოლის პირველი ეტაპი “იმედისა” და “მაესტროს” მოთვინიერებით დაასრულა და ახლა უკვე მეორე ეტაპზე - “რუსთავი 2”-ისა და “ტვ პირველისთვის” ჭკუის სწავლებაზე გადავიდა. არჩევნების წინ ეს განსაკუთრებით დასჭირდა. სამწუხაროდ, ჩვენს უბედურებად იქცა ის, რომ ხელისუფალი წინასგან ვერაფერს სწავლობს და იმავე შეცდომებს იმეორებს. “ნაციონალური მოძრაობისთვის” მუშაობდა თითქმის მთელი მედია, ანტენების დაპატიმრებაც კი სცადეს, მაგრამ დამარცხებისგან სააკაშვილი ვერავინ იხსნა. რაც დღეს ხდება, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ რას ვიზამთ - ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება”, - განაგრძობს რესპონდენტი.


“ქვეყანაში მესამე ძალის გაჩენის მოთხოვნილება, მოლოდინი და პოტენციური რესურსიც არსებობს, რომელსაც გამოყენება სჭირდება. აქ ნაკლებად არის ლაპარაკი ფინანსებზე, უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ხედვა და ორიენტირები. ხაზარაძისგან ჯერ მხოლოდ განცხადებებს ვისმენთ. როგორც ყური მოვკარი, ის ლაპარაკობს, რომ შექმნის ძლიერ ორგანიზაციას, რომელიც ძველი პოლიტიკური სახეებისგან თავისუფალი იქნება, რაც ცოტა მაეჭვებს. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრზე დიდი წარმოდგენის არც მე ვარ, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა - თუ მოქმედ პოლიტიკოსებზე უარს იტყვის, სად უნდა მოძებნოს ახალი სახეები და თუ მოძებნის, ექნებათ კი მათ იმგვარი გამოცდილება, რომ ხაზარაძის მომავალ ორგანიზაციას წარმატება მოუტანონ?! ვფიქრობ, ასე ერთი ხელის მოსმით ყველაზე უარის თქმა ადვილი არ იქნება, რადგან ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორი გუნდი ეყოლება ხაზარაძეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.


“გაგახსენებთ - 2012 წლის არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობისადმი” საზოგადოების დამოკიდებულება იყო კატასტროფულად უარყოფითი, ივანიშვილის ავტორიტეტი კი - ლამის მითურად პოზიტიური, თუმცა მას პოლიტიკური გუნდის ჩამოსაყალიბებლად დასჭირდა სწორედ მაშინდელი ოპოზიციური სპექტრი. მან ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულზე ეხატებოდა - ვნახეთ, რომ ოთხ წელიწადში ყველა მოიშორა, მაგრამ 2012 წლის არჩევნებში იმ გუნდის გარეშე ის ვერაფერს მოახერხებდა... დღევანდელ ვითარებას რომ შევხედოთ, საზოგადოებაში “ქართული ოცნების” მიმართ ნამდვილად არ არის ისეთი კრიტიკულად უარყოფითი განწყობა, როგორიც 2012 წლის არჩევნების წინ იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, არც ხაზარაძეს აქვს იმგვარი ავტორიტეტი, რაც მაშინ ივანიშვილს ჰქონდა, შესაბამისად, ვიმეორებ - უდიდესი მნიშვნელობა ექნება სწორედ იმას, როგორი გუნდით მოვა პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძე. მას აქვს მესამე ძალად ქცევის შანსი. ვნახოთ, რას იზამს და ამ შანსს როგორ გამოიყენებს...”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

 

“დღეს რამდენიც უნდა ილაპარაკონ “რუსთავი 2”-ზე, რომ ის იყო თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი, საზოგადოება მას ასე არ აღიქვამდა. ის გახლდათ უკიდურესად კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ გამოხატავდა ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს, შესაბამისად, მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ხელისუფლებაში განიხილავენ არა როგორც თავისუფალი სიტყვის, არამედ როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ შეტევას და ამას ასე აღიქვამს მოსახლეობის დიდი ნაწილიც. ანუ ებრძვი “რუსთავი 2”-ს, ე.ი. ებრძვი “ნაციონალურ მოძრაობას”. ამით "ქართული ოცნება" საზოგადოებას ეუბნება, ჩემი მთავარი მეტოქე კვლავაც “ნაციონალური მოძრაობააო”. ის ისევ და ისევ “ნაციონალური მოძრაობის” კარტს ათამაშებს, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც კი დგება საკითხი - “ქართული ოცნება” თუ “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნებისგან” წასული ამომრჩეველი ისევ “ოცნებას” აძლევს ხმას. რა შედეგს მოუტანს "ქართულ ოცნებას" ეს პოლიტიკა? საქმე ის არის, რომ როდესაც ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია, ამგვარ მეთოდებზე გადადის”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

“ქართულმა ოცნებამ” ან რაღაც “ჯადოსნური ჯოხი” უნდა იპოვოს, რომლის საშუალებითაც სასწაულ პროექტს განახორციელებს და მხარდამჭერებს დაიბრუნებს, ანაც უკვე გაკვალული გზით წავიდეს... “ჯადოსნური ჯოხის” რესურსს ამ პოლიტიკურ ძალაში ვერ ვხედავ. ინტელექტუალური გუნდი, რომელიც შეძლებდა ახალი იდეების გენერირებას, დღეს “ქართულ ოცნებაში” არ ჩანს. ამ პარტიაში არათუ კარგი, ცუდი იდეების გენერირებაც არ ხდება. როდესაც არ არსებობს ასეთი გუნდი და ახალი იდეები, ბუნებრივია, ყველაფერი გაკვალული გზით მიდის, ეს გზა კი არაფერია, გარდა იმისა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა თავის დროზე. დღეს”ქართულ ოცნებას” აქვს ორი საყრდენი. ერთი არის სახელისუფლებო რესურსი, მეორე - “ნაციონალური მოძრაობა”, რომლითაც აშინებს ამომრჩევლის იმ კატეგორიას, რომელსაც მათი ხელისუფლებაში დაბრუნების გაგონება არ სურს. ამიტომაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პოლიტიკური სივრცის იმგვარად მოსასუფთავებლად, რომ როგორმე ეს ორპოლუსიანი სისტემა შეინარჩუნოს და მესამე ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვას”, - დასძენს ძაბირაძე.

ავტორ(ებ)ი : კვირის პალიტრა