Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:23 22.08.2019
“ოცნებამ” ოპონენტების ჩამოშორება დაიწყო - როგორ იკვრება წრე ხაზარაძის წინააღმდეგ

“ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ოპონენტებისა და სავარაუდო ოპონენტების ჩამოშორება”, - ასე აფასებენ “რეზონანსთან” ანალიტიკოსები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას. მათი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ზუსტად იგივე მეთოდებით ებრძვის ხაზარაძეს, როგორც თავად მას 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი დევნიდა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ანგარიშები დაუყადაღა. ამ პროცესში ასევე საყურადღებოა დეპუტატისა და “ოცნების” წევრის ბიძინა გეგიძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ოპონენტების ან მომავალი ოპონენტების განეიტრალებისთვის გარკვეულ ჯაჭს კრავს. მათი ვარაუდით, გეგიძე გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობის გამო იდევნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნებამ” ოპონენტების ჩამოშორება დაიწყო - როგორ იკვრება წრე ხაზარაძის წინააღმდეგ.

 

“მართალია, ჯერ კონკრეტულ დეტალებზე არაფერია ცნობილი, მაგრამ როცა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკაში მოსვლას ნიშნავს და პროცესში აუცილებლად იქნებოდა ჩართული გიორგი კვირიკაშვილიც. თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს ანაკლიის პორტსაც უკავშირებს და მსჯელობას ამ ხაზითაც ლოგიკურად მიიჩნევენ. “დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!” - წერს ხაზარაძე “ფეისბუქში”. პროკურატურის განმარტებით კი სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძესთან მიმართებაში დღის წესრიგი ეტაპობრივია და ანაკლიის პორტის საკითხს ემთხვევა. მისი აზრით, ხაზარაძის მიმართ ბრალდება აბსურდულია და პოლიტიკურად მოტივირებული. ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი მიდის. მისი აზრით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნოდ მკაცრი ხელი გამოაჩინოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მესამე ძალა არ გამოჩნდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი