Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:05 17.08.2019
ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის

"ვრცელდება პროგნოზები საქართველოსა და სომხეთს შორის მოსალოდნელი ომის თაობაზე. ეს ხდება იმ დროს, როცა საუკუპაციო ძალების მხრიდან მომდინარე გამალებული ბორდერიზაცია და კონფლიქტური რეგიონების ანექსიის მცდელობები ისედაც არღვევს საქართველოს სტაბილურობას. მიმომხილველები ისევ განიხილავენ კავკასიაში ახალი ცხელი კერის გაჩენისა და რეგიონული ომის შესაძლებლობას. საქართველოსა და სომხეთს შორის ომის გაღვივების დაანონსება “სპუტნიკ არმენიადან” და სხვა საშუალებებიდან პროვოკაციულად ჟღერს და როგორც ჩანს, შეესაბამება კრემლის ინტერესებს. თბილისი-ერევნის კონფლიქტის საკითხი წამოიჭრა მას შემდეგ, რაც ერევანში 13 აგისტოს მოულოდნელად ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი...”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის.


“პატრუშევი შეხვდა თავის სომეხ კოლეგა არმენ გრიგორიანსა და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს. ფორმალურად, მხარეებმა იმსჯელეს სირიაში მყოფი რუსეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში სომხეთის ჯარისკაცებისა და ოფიცრების მცირე ჯგუფის მონაწილეობის შესახებ, ასევე “მესამე ქვეყნებისათვის” რუსული იარაღის მიყიდვის რეგლამენტაციაზე - “მესამე ქვეყნებში” იგულისხმება აზერბაიჯანი, რომელთანაც მოსკოვი იარაღით ისევე ვაჭრობს, როგორც სომხეთთან. თუმცა კავკასიელი და რუსი ექსპერტების გამოხმაურება გამოიწვია არა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე გაჭიანურებული კონფლიქტის ახალმა ტალღამ, არამედ შესაძლო ომმა საქართველოსა და სომხეთს შორის - ამის საბაბი, მათი აზრით, გახდა გამომწვევი კომენტარები თბილისიდან: მას შემდეგ რაც პატრუშევის ვიზიტის დროს ფაშინიანმა საჯაროდ გამოაცხადა ყარაბაღი სომხეთის განუყოფელ ნაწილად, საქართველოდან გაისმა განცხადებები, რომ ერევანი ზრდის მხარდაჭერას ყარაბაღისა და ჯავახეთის მიმართ. მიმომხილველები ამის საპასუხოდ აცხადებენ, რომ სომხეთის საქართველოსთან ურთიერთობების გარკვევის ერთადერთი გზა სამხედრო გზაა. ეს აბსურდული და ალოგიკური გამონათქვამები საყურადღებოც არ იქნებოდა, რომ არა კავკასიაში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა და რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ყველა მეთოდის აქტივიზაცია საქართველოში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამ ვითარებაში სულ უფრო გაუგებარი ხდება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ორაზროვან განცხადებებს აკეთებს 2008 წლის ომზე და აცხადებს, რომ ის, ვინც მხარს არ უჭერს საქართველოს მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას რუსეთთან, მოღალატეა.... უკარინელი ჟურნალისტი კირილ საზონოვი, რომელმაც შვებულება საქართველოში გაატარა სახტად დარჩა ლოიალური დამოკიდებულებით ოკუპანტი რუსეთის მიმართ. მისი თქმით, 2008 წლის 8 აგვისტოს, ბათუმში თავისუფლად დასეირნობდნენ და ერთობოდნენ ტურისტები რუსეთიდან და არ შეხვედრია ქართველი, რომელიც რუსეთს გააკრიტიკებდა და ოკუპაციას გააპროტესტებდა. “ეს აუხსნელი ფენომენია, იქნებ ყველა პატრიოტი უკრაინაში გადმოვიდა?” - კითხულობს უკრინელი ჟურნალისტი. ამ კითხვაზე მან ზუსტი პასუხი ვერ იპოვა და თავი იმით დაიმშვიდა, რომ ქართველები ომის გამჩაღებლად სააკაშვილს თვლიან და რუსეთს არ ადანაშაულებენ... თუ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში ასეთია აზრია გამჯდარი, მაშინ ამ სეგმენტს არ უნდა გაუკვირდეს იმედზე გასული 2008 წლის ომზე გასული ფილმის შინაარსი”, - დასძენს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა