Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:51 13.08.2019
დევნილობაში მყოფ ზვიად გამსახურდიას ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს - II ნაწილი

 

(II ნაწილი)

თქვენი ხუნტა პირველი დღეებიდან არბევდა და არბევს მშვიდობიან საპროტესტო მიტინგებსა და დემონსტრაციებს. საქართველოში იანვარ-თებერვალში ,,გვარდიისა” და ,,მხედრიონის” კრიმინალებმა დახოცეს და დაჭრეს ასობით დემონსტრანტი, ხოლო შემდეგ დამალეს მათ მიერ დაღვრილი სისხლი, აუკრძალეს რა ჯანმრთელობის სამინისტროს გარდაცვლილთა გვარების გახმაურება. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს გვარები ყველასათვის ცნობილია და ადრე თუ გვიან მათი მხეცური მკვლელობისათვის მოგეთხოვებათ პასუხი ყველას.

 

თქვენმა ხუნტამ საქართველოში გააჩაღა ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და, რაც ყველაზე საგანგაშოა, არნახულად გააღვივა კუთხური შუღლი. ფოთის, სენაკის და ზუგდიდის ,,დასალაშქრავად” თქვენ გურულებს, იმერლებს და კახელებს აგზავნით, თითქოს უცხო ქვეყანას იპყრობდეთ, ძარცვავთ, არბევთ და აწიოკებთ მოსახლეობას, ხოლო როდესაც ზუგდიდის მოსახლეობა აჯანყდა და ქალაქი გაათავისუფლა ,,მხედრიონის” და ,,გვარდიის” ბანდებისაგან, თანაც ტყვედ აიყვანა მრავალი მათგანი, ამის საპასუხოდ თქვენ თბილისში დააწვევინეთ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, თითქოს იგი მარტო სამეგრელოს კუთვნილება ყოფილიყოს. როდესაც ზუგდიდის მკვიდრი 50-მდე შვილმკვდარი დედა დემონსტრაციაზე გამოვიდა დაღუპული შვილების პორტრეტებით ხელში, თქვენმა ,,შეიარაღებულმა” ძალებმა ისინი დაარბიეს, სასტიკად სცემეს და შვილების პორტრეტები თავზე დაამტვრიეს. აი თქვენი ,,ჰუმანიზმის”, ,,პატრიოტიზმისა” და ,,დემოკრატიის” დამადასტურებელი ნიშნები.

 

დღეს მოსკოვის საინფორმაციო საშუალებებით ხდება თქვენი რეკლამირება, როგორც პოლიტიკოსისა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენ დაიწყეთ ,,გარდაქმნა”, გაანთავისუფლეთ აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიისპირეთი, გააერთიანეთ გერმანია, განუზომლად გადაჭარბებული შეფასებაა თქვენი პიროვნული როლისა. ეგ ყველაფერი რონალდ რეიგანის, ,,სოი”-ს და დასავლეთის პოლიტიკის, აგრათვე საბჭოთა კავშირის დისიდენტური მოძრაობის დიდი გამარჯვებაა უწინარეს ყოვლისა, რამაც აიძულა გორბაჩოვის მთავრობა წასულიყო უდიდეს დათმობებზე. თქვენ და გორბაჩოვმა, ფაქტობრივად მხოლოდ უკან დაიხიეთ ძალის წინაშე და ხელი მოაწერეთ ფაქტობრივ კაპიტულაციაზე, რაც დიდ დიპლომატიურ გამარჯვებაზე ვერ მეტყველებს. სასაცილოა თქვენს მიერ დღეს იმის გაცხადება, რომ ეგ ყოველივე თქვენ გააკეთეთ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიეღწია. საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გდომოდათ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ესოდენ თავგამოდებით არ იბრძოლებდით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის, ნებაყოფლობით არ დაბრუნდებოდით შემდგომში ისევ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და არ განაცხადებდით, რომ საჭიროა სამშობლოს (ე.ი. სსრკ-ს) ხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე რომ ყოფილიყავით, მონაწილეობას მიიღებდით 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებში დიპლომატიური მისიით მოგზაურობისას ერთხელ მაინც განაცხადებდით, რომ ეროვნებით ქართველი ხართ და რომ საქართველო დაპყრობილი ქვეყანაა და იბრძვის დამოუკიდებლობისათვის; მაგრამ თქვენ ქართველად არასოდეს ჩაგითვლიათ თავი, ვინაიდან მუდამ იყავით ნამდვილი ,,ჰომო სოვიტიკუსი”, რაც თქვენ თავად აღიარეთ იტალიური გაზეთის ,,კორიერე და ლა სერასათვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

სასაცილოა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ თურმე გენშერის მიერ ჩამოტანილი 10 მილიონი მარკის ოდენობით კრედიტი მოხმარდება ,,დემოკრატიული ინსტიტუტების” განმტკიცებას, რაც თქვენმა მოკავშირემ, ოსტანკინოს დეზინფორმატორმა გვამცნო. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ,,ინსტიტუტებია” ,,მხედრიონი”, ,,გვარდია”, ,,სამხედრო საბჭო” ანუ ხუნტა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ძარცვავს და არბევს მოსახლეობას, რამაც საქართველო მსოფლიოში ეკონომიურად ყველაზე გაღატაკებულ ქვეყნად აქცია, სადაც ყოველდღიურად უკვე მრავალი ადამიანი იღუპება შიმშილით (საქართველოს რადიოს ცნობა). რაც შეეხება დღევანდელი საქართველოს უკანონო რეჟიმის ცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ეს იმპერიის მხარდაჭერისა და თქვენი დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ხელოვნების შედეგია. მაგრამ გახსოვდეთ: ჯერ საკუთარმა ხალხმა უნდა გცნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი ფასი არ აქვს უცხო ქვეყნების მხრივ ცნობას.

სანუგეშოა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც გადატრიალებამდე სცნეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, აღარ აპირებენ თქვენი უკანონო რეჟიმის ცნობას, საკუთარი ხალხი კი თქვენ არ გცნობთ არასოდეს.

 

ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში თქვენს მიერ მოხდა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაცია. ნარკომანია ღია, ლამის ოფიციალურ პრაქტიკად იქცა, ვინაიდან თქვენი ძირითადი დასაყრდენი ძალების, ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” წევრთა უმრავლესობა ნარკომანები არიან; თითოეულ მათგანს სჭირდება დღეში რამდენიმე ათასი მანეთი მაინც ნარკოტიკული ნივთიერებებისათვის, რის შედეგადაც მათ მიერ იძარცვება საქართველოს მოსახლეობა, იტაცებენ ათასობით კერძო და სახელმწიფო მანქანებს და ყიდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულიად ლეგალურად. ასე გაძარცვეს თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი და სხვა ქალაქები, ახლა კი ქართული მოსახლეობის გაძარცვის შემდეგ, არაქართველ მოსახლეობაზე გადავიდნენ, რაც გვიქადის ახალ ეთნოკონფლიქტებს. დაბა ყაზბეგი, ჩვენი დიდი ალექსანდრე ყაზბეგის სამშობლო, გადაქცეულია ნარკობიზნესის ცენტრად, მეორე ჰონკონგად, აზიისა და ევროპის ნარკობიზნესის ხიდად. ამის შედეგად იძარცვება სახელმწიფო ხაზინაც, რის გამოც ვეღარ არიგებთ ჯამაგირებს, პენსიებს, ჰონორარებს, თუმც პუტჩისტები მაინც ღებულობენ პრემიებს თავიანთი სისხლიანი დანაშაულობებისათვის, როგორც ,,დემოკრატისათვის მებრძოლნი”. აი თქვენი ,,დემოკრატიის” დიდი მიღწევები.

 

თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992წ), სამტრედიის სადგურზე ეშელონიდან გადმოტვირთეს თქვენი ,,გვარდიის” ჯავშანტრანსპორტიორები, რუსი ჯარისკაცებით სავსე, რომელნიც გაემართნენ ცხენისწყლის ხიდისკენ სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად. სნგ-ს სამხედრო ვერტმფრენები თავს დასტრიალებენ წალენჯიხასა და ცელავენ ყველას, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ მიერ განადგურებულია მშვენიერი კურორტი სქური. ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.

 

დემოკრატიული „ინსტიტუტების“ ჩამოყალიბების პარალელურად თქვენ საქართველოში მასობრივი ტერორი და 37 წლის დარი რეპრესიები გსურთ ააღორძინოთ. გრძელდება დაპატიმრებები შეთითხნილი ბრალდებებით, რაც თქვენი ხელწერაა. ყალბი ბრალდებებით არიან დაპატიმრებული უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო კომიის თავმჯდომარე ტარიელ გელანტია, პუტჩისტების 6 ტყვიით დაჭრილი, მომაკვდავი კაცი, ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, უზენაესი საბჭოს სადეპუტატო ეთიკის კომიისის თავმჯდომარე ბიძინა დანგაძე, დიდხანს ტანჯეს ციხეში ქუთაისის დეპუტატი ფირუზ დიაკონიძე, ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი, დეპუტატი ვახტანგ ჭითავა და სხვანი. ახლა შემოიღეთ მიტინგებზე სასიკვდილოდ ცემა და დანით დაჭრა უდანაშაულო ადამიანებისა, რასაც განსაკუთრებით ეფექტურად ნერგავთ უკანასკნელ ხანებში. თქვენი ხელქვეითი კრიმინალები განსაკუთრებით არაადამიანურად ექცევიან ქალებსა და მოხუცებს, მთელი ქალთა სქესი ლამის მტრად გამოაცხადოთ პირუთვნელობისა და შეუპოვრობისათვის.

 

თქვენ, ,,გარდაქმნისა” და ,,საჯაროობის” მედაფდაფემ საქართველოში მოსპეთ ყოველგვარი საჯაროობა, დააწესეთ უსასტიკესი ცენზურა პრესაში და ტელევიზიაში, აკრძალეთ ყველა თავისუფალი გამოცემა. ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთის, ,,იბერია-სპექტრის” რედაქტორს, პრინციპულ და მოუსყიდავ ჟურნალისტს, ირაკლი გოცირიძეს მოუკალით შვილი, შესანიშნავი მხატვარი გიორგი გოცირიძე და ახლა მეორე შვილზე ემუქრებით, ჟურნალისტური სინდისის ერთგულებისათვის. ა.წ. 30 მარტს, როდესაც მოსკოვის ტელევიზიით უნდა გადმოცემულიყო ჩემი ინტერვიუ, საერთოდ გააუქმეთ მოსკოვის პირველი არხი. ნუთუ ეს არის თქვენი დემოკრატია და საჯაროობა? რატომ არ უჩვენებთ ტელევიზიით ყოველივე იმას, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე? რატომ არ უჩვენებთ თბილისის დანგრევასა და დაწვას თქვენი ზარბაზნებითა და რაკეტებით, მიტინგების დარბევას, უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას თქვენი ბანდების მიერ, დასავლეთ საქართველოს აწიოკებას, ხალხის ძარცვა-გლეჯას? რატომ არ აძლევთ სიტყვას თქვენს ოპონენტებს, ან იქნებ ფიქრობთ, რომ ამ გზით ჩაახშობთ სიმართლის ხმას?

 

ახლა ვნახოთ რას წარმოადგენს საქართველოში თქვენი „მოღვაწეობა“ სამართლებრივი თვალსაზრისით, ხელისუფლების უზურპაცია. თქვენს მიერ, კომპარტიის ცკ-ს მსგავსი უკანონო ორგანოს, ე.წ. სახელმწიფო საბჭოს შექმნა და საკუთარი თავის დანიშვნა მის თავმჯდომარედ, არის უდიდესი უკანონობა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა, ვინაიდან ქვეყანას ჰყავს კანონიერი ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული, ხოლო თქვენ არავის აურჩევიხართ და არც დაუნიშნიხართ ამ თანამდებობაზე. თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოში უახლოეს ხანში ჩატარდება ვითომდაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ასეთი არჩევნები საქართველოში უკვე ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელთა გარეშეც არავის აქვს უფლება ახალი არჩევნების დანიშვნისა, ასე რომ თქვენი „არჩევნები“ იქნება ყალბი და უკანონო. ხოლო ახალ საარჩევნო კანონს, თქვენს მიერ შექმნილს, არ ექნება არავითარი იურიდიული უფლებამოსილება. ამგვარ „არჩევნებს“ ხალხი ბოიკოტით შეხვდება, ვინაიდან მან ერთხელ უკვე გამოხატა თავისი ნება. გარდა ამისა, ისეთ პირობებში, როდესაც თითქმის მთელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია, არავითარ არჩევნებზე არ შეიძლება ფიქრიც კი, თუნდაც იგივე მსოფლიო სტანდარტების მიხედვით. ასე რომ, უზურპატორთა ხუნტის მიერ „არჩევნების“ დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში არცერთ მსოფლიო სტანდარტს არ შეესაბამება.

 

თქვენმა ხუნტამ გამოაცხადა 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა, რომლითაც იგი ვითომდაც ხელმძღვანელობს თავის პოლიტიკაში. თქვენ რომ გესმოდეთ, თუ რას ნიშნავს ამ კონსტიტუციის აღდგენა, იმ დღესვე გადადგებოდით და გამოაცხადებდით თვითლიკვიდაციას, ვინაიდან დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას უნდა მართავდეს არჩევითი ხელისუფლება და არა უკანონო ხუნტა.

 

ახლა ვნახოთ როგორ გესმით თქვენ რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა. როგორც აღვნიშნე, თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ მთელს თქვენს ძალებს მუდამ ახმარდით საბჭოთა იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებას, ხოლო ამჟამად, როდესაც დაიმსხვრა ეს თიხისფეხებიანი კერპი, იბრძვით მომაკვდავი რუსეთის იმპერიის შესანარჩუნებლად, რომლის დაშლაც გარდაუვალია, როგორც ყველა იმპერიისა. თქვენ კი ყოველნაირად ცდილობთ, საქართველო კვლავ აქციოთ რუსეთის კოლონიად. რატომ არ სცნობს დღევანდელი რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას და არ ამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას? იმის გამო, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღარ სურს იყოს რუსეთის კოლონია და სამხედრო პლაცდარმი. ამასთან რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის ნაწილებად უნდა სცნოს შიდა ქართლი და აფხაზეთი. ,,თქვენ წახვალთ, ოღონდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე” გვეუბნებოდა გორბაჩოვის მთავრობა. დღევანდელი რუსეთის პოზიციაც ბევრით არაფრით განსხვავდება წინამორბედთაგან.

 

თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დიპლომატიურზე უფრო მეტია. დიპლომატიურზე ,,მეტი” ურთიერთობა საერთაშორისო პრაქტიკამ და სამართალმა არ იცის. რა უნდა ვიგულისხმოთ ამგვარ ურთიერთობაში, კოლონიალური მონობა ხომ არა? მაგრამ გახსოვდეთ, რო რუსეთის იმპერია განწირულია, ისევე როგორც თქვენი ცდები საქართველოში რუსოფილური ნეოკომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისა. საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ერთგული დარჩება თავის არჩევანისა (სხვათაშორის წელს ეს თარიღი ოფიციალურად არც კი აღნიშნეთ). აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ცინიზმი და მკრეხელობაა თქვენის მხრით სამფეროვანი დროშისა და მერაბ კოსტავას სურათის ფონზე ჯდომა. იმ დროშისა, რომლის ეთგულებისათვის მრავალი ადამიანი გაგიგზავნიათ ციხეში. იმ მერაბ კოსტავასი, რომელიც 10 წლის განმავლობაში აწამეთ გულაგის საპყრობილეებში და რომელსაც თქვენმა აგენტებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.

 

ახლა ვნახოთ ვით ემთხვევა ურთიერთს თქვენი სიტყვა და საქმე საოკუპაციო ჯარებთან დაკავშირებით. თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკება ჯარების გაყვანის თაობაზე და საქართველო არასოდეს გახდება სნგ-ს წევრი. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, იმ დროს, როდესაც ამ თანამეგობრობის სხვა წევრები თავისი ტერიტორიებიდან აძევებენ საოკუპაციო ჯარებს, ან თავის იურისდიქციას უმორჩილებენ, თქვენ დღითი დღე უმატებთ მათ რაოდენობას საქართველოში; გაირკვა, რომ თქვენი ჩამოსვლის პირველსავე დღეებში დაგირეკიათ მოსკოვში და გითხოვიათ ამ ჯარების საქართველოში დატოვება, რაც თავისი დაუფიქრებლობით მოსკოვის ტელევიზიით გამოაცხადა თქვენმა მეგობარმა ,,დემოკრატმა” გ. პოპოვმა. თქვენი ხუნტის დასტურით შემოიყვანეს ყარაბაღიდან გამოძევებული 366 მოტომსროლელი პოლკი. ამჟამად, როგორც სჩანს, გენშერთან გარიგების საფუძველზე გეგმავთ გერმანიიდან დემობილიზებული რუსი სამხედროებისათვის ბინების მშენებლობას. ბუნებრივია, ის ვისაც არ გააჩნია საკუთარი ხალხის მხარდაჭერა, დასაყრდენს ეძებს მტრის საოკუპაციო ჯარებში. ასე ყოფილა ოდითგან ჩვენს ავბედით ისტორიაში, ასე იყო ,,საბჭოთა” პერიოდში, ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოში იქნება სნგ-ს, ანუ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი თქვენი ხუნტის სახით.

 

არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ახალგაზრდობის სავალალო მდგომარეობა საქართველოში შექმნილი ვითარების შედეგად. თქვენ და თქვენი „წითელი“ პროფესორები დღენიადაგ ნერგავთ ახალგაზრდობაში კრიმინალების, ნარკომანების, „კანონიერი ქურდების“ მგლურ ჰეროიკას, შეაძულეთ ახალგაზრდებს წიგნი და შეაყვარეთ ნარკოტიკული ნივთიერებები, ავტომატი, ძარცვა-გლეჯა და ყაჩაღობა. ბოლოს, მრავალი მათგანი დამნაშავე რეჟიმის პატარა მონსტრებად აქციეთ, რომელნიც დღეს შეუბრალებლად არბევენ მშვიდობიან მიტინგებს, მხეცურად უსწორდებიან დიდსა და პატარას, ქალსა და ბავშვს, სიმართლის საქმისათვის. მაგრამ, გახსოვდეთ, სიმართლეს ვერავითარი ციხე, ვერავითარი ტყვია და კოცონი ვერ დაამარცხებს. საბედნიეროდ კარგი ახალგაზრდობაც გვყავს, რომელნიც თქვენ პასუხს გაგებინებენ ყველაფრისათვის. ,,უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი, უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”, როგორც იტყოდა დიდი აკაკი.

 

ახლა საბოლოოდ უნდა დაგისვათ მთავარი შეკითხვა: ვინ მოგიხმოთ ჩვენ წინამძღვრად? ვინ მოგიწვიათ საქართველოში, სად არიან ის მშრომელები, ის ახალგაზრდები, რომელნიც თურმე მოსკოვში მოსვენებას არ გაძლევდნენ განცხადებებითა და პეტიციებით, არიქა ჩამოდით საქართველოში და გვიშველეთო? სად არის ეს დოკუმენტები? მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მოგიწვიათ ერთადერთმა კაცმა, კრიმინალმა და რეციდივისტმა, ავადსახსენებელმა ჯაბა იოსელიანმა, რომელსაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და რომლის სახელსაც შეაჩვენებს ქართველი ხალხი თქვენს სახელთან ერთად. დიახ, მისმა ემისრებმა ჩამოგიყვანეს თქვენ თბილისში და აეროპორტში დაგხვდათ მოღალატეთა და კრიმინალთა მცირე ჯგუფი. სამაგიეროდ ქართველმა ხალხმა შეგარქვათ იუდა და ამ სახელის სკანდირება არ შეწყდება სანამ თქვენ მის მიწა-წყალზე დააბიჯებთ.

 

რატომ გეშინიათ სიმართლისა, რატომ არ პასუხობთ სტუდენტთა და ჟურნალისტთა შეკითხვებზე, რომლებიც გაზეთშიც კი გამოგიქვეყნეს? რატომ არ ღებულობთ ჟურნალისტებს? ან იქნებ გგონიათ, რომ დღეს შუა საუკუნეებია და თქვენი ბნელი საქმეები საბოლოოდ მიჩქმალული დარჩება? მერწმუნეთ მალე შეიტყობს დასავლეთი, თუ ვის შეუქმნა დემოკრატის იმიჯი და ვისი ხელით ცდილობს თავისი კავკასიური პოლიტიკის განხორციელებას. თქვენ კი აუცილებლად დამარცხდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, როგორც დამარცხდენ ნაჯიბულა და ბაბრაქ ქარმალი. ასეთივე დამარცხება გელით კავკასიის ხალხების წინააღმდეგ ომში, რომელსაც გეგმავთ იმპერიულ ძალებთან ერთად.

 

ამრიგად, თქვენი ,,გადემოკრატება” მარტოოდენ ფასადის შეცვლა ყოფილა, არსით კი თქვენ იგივე დარჩით, რაც იყავით, ტოტალიტარიზმის, სახელმწიფო ტერორიზმის ერთგული, სულით კომუნისტი, რაც მტკიცდება საქართველოში თქვენი ამჟამინდელი საქმიანობით, სადაც ააღორძინეთ პარტოკრატია და რეპრესიული, ტოტალიტარული რეჟიმი.

 

მახსენდება კანტის ცნობილი სენტენცია: ,,გადაფხიკეთ გერმანელი ფილოსოფოსი და თქვენ თეოლოგს აღმოაჩენთ მასში”. რასაც მე ასე მივუსადაგებდი ჩვენს სინამდვილეს: ,,გადაფხიკეთ ,,პერესტროიკის” ნებისმიერი დემოკრატი და თქვენ კომუნისტ-პარტოკრატს აღმოაჩენთ მასში”.

 

ვით ვირწმუნო თქვენი გარდაქმნა, როდესაც თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ შეინანოთ ერის წინაშე თქვენი უმძიმესი დანაშაულები, კვლავ ცოდვას ცოდვაზე უმატებთ და ყოველივეს ძველებურად განაგრძობთ? თქვენ იმპერიამ მოგავლინათ თავისი შავბნელი ზრახვების განსახორციელებლად, ეს იცის ყველამ საქართველოში და ამის გამო დაგიხვდათ მტრულად მთელი ერი. გახსოვდეთ, ქართველი ერი პოლიტბიურო არ არის, მარკებითა და დოლარებით რომ შეიძლებოდეს მისი მოსყიდვა.

 

ახლა დავუბრუნდეთ იმ ანონიმურ წერილს, რომელიც დასაწყისში ვახსენე. ახლა ვრწმუნდები, რომ ეს არავითარი რუსი და სომეხი ,,ნაცისტების” წერილი არ ყოფილა. ეს იყო იმპერიული სუკ-ისა და თქვენი წერილი, სადაც მოკლედ იყო ჩამოყალიბებული გეგმა საქართველოს განადგურებისა. ბევრი რამ შესრულდა ამ გეგმიდან, დაიწყო ქართველი ერის გენოციდი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, მაგრამ ამასთან ერთი იმპერია დაიშალა, ხოლო მეორე დაშლის პირას დგას. ასე, რომ თქვენს გეგმებს ასრულება არ უწერია. ქართველმა ერმა გამოიღვიძა და ამიერიდან მას ვერავინ მოახვევს მონობის უღელს. იმპერია მოისპობა, ხოლო საქართველო იარსებებს სამარადჟამოდ.

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მე თქვენ ბრალს გდებთ:

 

1. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სისტემატურ დევნასა და ჩახშობაში უსასტიკესი რეპრესიების გზით, მის დისკრედიტაციაში შინ და გარეთ. ქართველი პატრიოტების და ადამიანის უფლებათა დამცველების დევნა-დაპატიმრებაში, ქართველი პატრიოტის ვ. ჟვანიას დახვრეტაში, „თვითმფრინავის საქმეზე“ დაპატიმრებული ახალგაზრდების და მათთან ერთად ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული უდანაშაულო მღვდელის, თევდორე ჩიხლაძის დახვრეტაში, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის მკვლელობაში 1983 წელს ქ.თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

 

2. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობაში, უპრეცენდენტო ცილისწამებლური კამპანიის ორგანიზებაში მსოფლიოს მასშტაბით.

 

3. დასავლეთის ქვეყნების დეზინფორმირებასა და დეზორიენტირებაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

4. საქართველოში კრიმინალური რევოლუციისა და სამხედრო გადატრიალების მოწყობაში, უკანონო, დანაშაულებრივი ხუნტის შექმნაში, ხელისუფლების უზურპაციაში, ქ. თბილისის ცენტრის დანგრევასა და დაწვაში.

 

5. საქართველოში დემოკრატიის ნაცვლად კლეპტოკრატიის დამყარებაში, დამნაშავეთა სამყაროსადმი სამართალდამცავი ორგანოების დაქვემდებარებაში, კრიმინალებისათვის ხელისუფლების გადაცემაში.

 

6. საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის დემოკრატიული არჩევნების მიღწევების განადგურებაში, კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის დევნაში.

 

7. საქართველოში რუსეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების ყოფნის დაკანონებაში, მათთვის საოკუპაციო ჯარების სტატუსის მოხსნაში, საქართველოში ამგვარი ჯარების ახალი კონტინგენტის შემოყვანაში ყარაბაღის 366 მოტომსროლელი პოლკის სახით, გერმანიიდან დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილი სახლების მშენებლობის დაგეგმვაში ჩვენს ტერიტორიაზე.

 

8. საქართველოში კომუნისტური პარტოკრატიისა და მაფიის კვლავ აღორძინებაში.

 

9. იმპერიული სუკ-ის აგენტობაში და მის თავდადებულ სამსახურში წლების მანძილზე.

 

10. იმპერიული სუკ-ის აგენტურულ ქსელში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩათრევაში.

 

11. სახელმწიფო ტერორიზმში, 1992 წლის იანვარ-თებერვლის მშვიდობიანი მიტინგებისა და დემონსტრაციების დარბევა-დახვრეტაში კრიმინალების ხელით.

 

12. დასავლეთ საქართველოს დალაშქვრა-დარბევაში, მოსახლეობის ძარცვასა და გენოციდში, კუთხური შუღლისა და სეპარატიზმის არნახულ გაღვივებაში.

 

13. საქართველოში ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაციასა და წახალისებაში, თბილისის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნარკომანებად, კრიმინალებად ქცევაში.

 

14. პიროვნულად ჩემი და ჩემი ოჯახის, თვით მცირეწლოვანი ბავშვების, დევნაში 20 წლის მანძილზე.

 

15. კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმების გაძარცვასა და დაწვაში (ქ.თბილისი და დაბა ბიჭვინთა).

 

16. კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მასობრივ რეპრესიებსა და ტერორიზებაში.

 

17. გერმანიასთან საძრახის გარიგებაში საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

 

18. იმპერიის ცენტრის დავალებით ქართველი ერის გენოციდში.

 

19. სამშობლოს ღალატში.

 

ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით, მოვითხოვ თქვენგან დაუყოვნებლივ წერილობით პასუხს და ახსნა-განმარტებას. გიწვევთ ტელედებატებში (როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და არა როგორც არარსებული სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს), თქვენი საყვარელი მოსკოვის ტელევიზიით, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებს თქვენს მიმართ სოლიდარობას, თანადგომასა და მიკერძოებას. ტელედებატებს ექნება ტელეხიდის ხასიათი.

 

მზად ვარ უკან წავიღო ჩემი სიტყვები, თუ დამტკიცდება ჩემს ნათქვამში უმცირესი გაყალბება, უზუსტობა ან გადაჭარბება.

 

პოსტ სკრიპტუმი: თქვენდამი ღია წერილი უკვე დასრულებული მქონდა, როდესაც ხელში ჩამივარდა თქვენი ინტერვიუ ,,შპიგელისადმი”, სადაც ირკვევა, რომ თქვენ ყველაფერთან ერთად უწიგნურიც ყოფილხართ. კერძოდ, თქვენ, გერმანიის საქმეების ესოდენ დიდმა ,,ექსპერტმა” ,,შპიგელის” კორესპოდენტის განსაცვიფრებლად განაცხადეთ, რომ თურმე ჰიტლერიც დემოკრატიულად ყოფილა არჩეული, ისევე როგორც გამსახურდია. მან ზრდილობიანად შეგნიშნათ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ სხვა გვერდზე ფრჩხილებში ჩასვა ეს თქვენი ,,აღმოჩენა” და გაგამასხარავათ (,,შპიგელი”, 14 აპრილი, 1992წ). არ ვიცი სკოლაში რა ნიშანი გქონდათ ისტორიაში, მაგრამ ასეთი რამ დღეს საშუალო სკოლის მოსწავლესაც არ ეპატიება. ცნობილია, რომ ჰიტლერი დანიშნა გერმანიის რაიხსკანცლერად პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა, ისევე, როგორც ერთ დროს თქვენ დაგნიშნათ ბრეჟნევმა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად, ამაშია თქვენი სულიერი ნათესაობა, ხოლო ჰიტლერის პარტიამ ისევე ვერ შესძლო რაიხსტაგში უმრავლესობის მოპოვება, როგორც თქვენმა პარტიამ საქართველოში, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში. ასე, რომ ანალოგიები უფრო სხვაგან უნდა ეძიოთ. საერთოდ, გირჩევთ ხშირად ჩაიხედოთ პოპულარულ სახელმძღვანელოებში და ენციკლოპედიებში, მსოფლიო მნიშვნელობის ინტერვიუს მიცემამადე.

 

1992 წელი. 19 აპრილი.  გაზეთი “ქართული აზრი”

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge