Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:41 13.08.2019
"რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი უმოკლეს ვადებში გაკეთდება, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს კი ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება"

ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას იმ ორ ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ისტორიული მნიშვნელობისაა. ესენია - რიკოთის უღელტეხილისა და კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალები. მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო დიდი ფინანსური ინვესტიციები უკვე მოზიდულია.

 

„ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტები. პირველი - ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა. მასში ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებთ და ეს იქნება უმოკლეს ვადებში. ყველას, ვინც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაადგილდება, შეუძლია საკუთარი თვალით დაინახოს ინტენსიური მუშაობის პროცესი.


ასევე, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული პროექტი - ეს არის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე მაგისტრალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოზიდული და ხელმოწერილია.


როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რა დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს. ამის კარგი მაგალითი იყო შარშან განხორციელებული პროექტი - ახალი საბაგირო, რომელმაც კობი გუდაურს დაუკავშირა. შედეგად მივიღეთ ის, რომ კობი გაცოცხლდა. ასეთმა პროექტმა საშუალება მოგვცა, რომ მაგალითად, თრუსოს ხეობაში ახალი დინამიკა შეგვეტანა. ეს არის ორიენტირი, როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოში ეკონომიკა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge