Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:43 11.08.2019
„მე არ ვცვლი თქვენ ტერიტორიებს თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში“ - რა უპასუხა პუტინმა სააკაშვილის შეთავაზებას

ჩვენ არ გვქონდა ისეთი დიპლომატიური პოზიცია, რომ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჰაიდი ტალიავინის კანდიდატურა გაგვეპროტესტებინა. ეს იყო დრო, როდესაც სექტემბერში ბუშმა მითხრა, მიშა, ჩვენ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გვაქვს და თქვენთვის დრო არ გვაქვსო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ტალიავინის კომისიას პოლიტიზებულს უწოდებს და ამბობს, რომ კომისიის უკან მთელი იდეა რუსეთისთვის პასუხისმგებლობის ჩამოშორება იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკელები ამ კომისიის წინააღმდეგი იყვნენ და საქართველოს თანხმობის ან თანხმობის გარეშეც, ევროპელები ამას მაინც გააკეთებდნენ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში ყოფნის დროს, ჰაიდი ტალიავინი პროსეპარატისტული იყო.

 

„ჩვენ არ გვქონდა ისეთი დიპლომატიური პოზიცია, რომ მისი კანდიდატურა გაგვეპროტესტებინა. ეს იყო დრო, როდესაც სექტემბერში ბუშმა მითხრა, „მიშა, ჩვენ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გვაქვს და თქვენთვის დრო არ გვაქვს“. ჩვენ მოკავშირე აღარ დაგვრჩა. როდესაც ასეთი საშინელი სიტუაციაა, კიდევ ევროკავშირის წინააღმდეგ უნდა წახვიდე? ისინი არ იყვნენ შესანიშნავი მოკავშირეები, მაგრამ ჩვენ არჩევანი არ გვქონდა“, – აცხადებს სააკაშვილი ინტერვიუში.

 

ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კონდოლიზა რაისთან საუბრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავის წიგნში რაისმა დეტალები აურია, როცა ამბობს, რომ, „მე გავაფრთხილე სააკაშვილი, არ ემოქმედა ზედაპირულად“. სააკაშვილის განცხადებით, ეს არასწორია, რადგან ის ამბობდა, რომ არ აჰყვეთ პროვოკაციას და ისინი არაფერს მოიმოქმედებენ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ინტერვიუში იხსენებს 2007 წელს, პუტინის ყოფილ მრჩეველთან, ანდრეი ილარიონოვთან ლიეტუვაში შეხვედრას, როდესაც მან უთხრა, რომ რუსეთს საქართველოზე სამხედრო თავდასხმის გეგმა ჰქონდა. სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ 2008 წლის თებერვალში, დე ფაქტო ეს თავად პუტინმაც თქვა. მიხეილ სააკაშვილმა უარყო მოსაზრება, რომ მან კონფლიქტების დარეგულირების სანაცვლოდ, პუტინს, ნატო-ს წევრობის ამბიციებზე უარის თქმა შესთავაზა. „როდესაც მან ღიად დაიწყო ჩვენზე მუქარა, მან თქვა, „კარგი, თქვენ დასავლეთის ნაწილი ხართ. დასავლეთი აკეთებს რაღაცებს კოსოვოსთან მიმართებაში ახლა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც თქვენ წინააღმდეგ“. ამაზე ჩემი პასუხი იყო, „შესაძლოა, ჩვენ არ ვიყოთ დასავლეთის ნაწილი. შეაჩერებს თუ არა ეს თქვენ მოქმედებებს და დაგვტოვებთ თუ არა მარტო?“, რაზეც მისი პასუხი ძალიან ცინიკური, „მე არ ვცვლი თქვენ ტერიტორიებს თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში“. ეს იყო მისი პასუხი. ყველა ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა მათ ყველაფერზე უარი თქვეს“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მეთიუ ბრაიზამ 2008 წელს სოჭში, ბუშისა და პუტინის შეხვედრის შესახებ უამბო. სააკაშვილის თქმით, შეხვედრაზე პუტინმა ყვირილი დაიწყო, რომ საქართველოსთან ომი იქნებოდა, ბუშმა კი არაფერი უპასუხა, რაც პუტინმა სისუსტედ და მწვანე შუქად ჩათვალა. „ჩვენ გვქონდა კოსოვოს მაგალითი და რადგან პუტინს სურდა სარკისებური მოქმედება, ვიფიქრეთ, რომ ის იმოქმედებდა ამ ტერიტორიებზე. ვიფიქრეთ, რომ ყველაზე ცუდი იქნებოდა მცირემასშტაბიანი ჩართულობა ამ ტერიტორიებზე და შორს არ წავიდოდა. არ ყოფილა თავდაცვითი სტრატეგია ფართომასშტაბიანი რუსული შემოჭრის წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა გეგმები აფხაზეთთან მიმართებაში, რადგან ვფიქრობდით, რომ იქ იმოქმედებდნენ. საუბარი იყო თავდაცვით ხაზზე კოდორში ან ენგურზე. როდესაც საქმე სამხრეთ ოსეთს შეეხო, ჩვენ შეცდომა დაუშვით, რადგან ვფიქრობდით, რომ რუსებისთვის ამას აზრი არ ექნებოდა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 



წყარო: for.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge