Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:58 10.08.2019
კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია

მმართველ პარტიაში შეგუებულები არიან, რომ სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალია. გადაწყვეტილია პრემიერის გამოცვლაც. “ქართული ოცნების” ბაზაზე არსებული რამდენიმე დაჯგუფება ცდილობს საკუთარი ფავორიტი გაიყვანის პრემიერის პოსტზე. თბილისის მერი “ოცნებაში” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. კახა კალაძეს თავის გუნდიც ჰყავს, მაგრამ ამ გუნდში ისეთი არავინაა, ვინც ეტყვის ბიძინა ივანიშვილს. კალაძე კარგი პრემიერი იქნებაო. ამიტომ კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა. ეს ცოტა ხნის “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია.

 

“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მერმა პირდაპირ თქვა, ქალაქს უკვე ჩემი ხელი დავატყვე და ცუდი პრემიერი არ ვიქნებიო. აქამდე მას შინაგან საქმეთა მინისტრობა უნდოდა, თანაც საშინლად, მაგრამ ივანიშვილმა ცოცხალი თავით არ გაუშვა ამ უწყებაში. უთხრა, ისიც გეყოფა 2012 წელს სამინისტრო რომ გამოგიცვალეო... ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა კალაძე თავიდან ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშნა, მაგრამ მინისტრმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ინფრასტრუქტურა ჩემი საქმე არ არისო, დიდი წივილ-კივილით გადააყვანინა თავი ენერგეტიკის მინისტრად მთავარ მეოცნებეს. ენერგეტიკის სფეროში თბილისის მოქმედ მერს რომ ინტერესები აქვს, ეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იყო ცნობილი, როცა ის სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო. კალაძე იმდენად ახლოს იყო სააკაშვილთან, რომ ნაციონალების ბელადი ორი ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტად მისი კანდიდატურის დასახელებას აპირებდა. 1023 წლისთვის ქვეყანაში მთავარი პირი ხდებოდა პრემიერი და პრეზიდენტი კალაძე მას ხელს არ შეუშლიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობა კალაძემ თავად მოისურვა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იხსენებდა, რომ კალაძემ გამაცხადა, რომ პრტეზიდენტობა სურდავ - იმ დროს კალაძე ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი იყო. როგორც ადეიშვილი ყვება, მათ ეგონათ, რომ ფეხბურთელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა, მასგრამ როცა დააზუსტეს გაიგეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტობა სდომებია. თავმდაბლობა კალაძემ არც ამ შემთხვევაში გამოავლინა და განაცხადა, რომ ცუდი პრემიერი არ იქნება. სხვა ჩინოსნებისგან განსხვავებით ის რაღაცას მაინც აკეთებს და ბახტაძეზე უკეთესი პრემიერი მაინც იქნება.. თან არც ივანიშვილზე იქნება თავიდან ბოლომდე დამოკიდებული. წყაროს ინფორმაციით, თბილისის მერმა თქვა, რომ გაპრემიერების შემთხვევაში მთავრობას თავისი გუნდის წევრებით დააკომპლექტებს და მათ მუშაობაზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენი წყაროს თქმით, კალაძე მთავრობაში დასაქმებას ირაკლი კობახიძესაც უპირებს", - დასძენს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : “ახალი თაობა”