Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:36 09.08.2019
თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზად ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის კორუფციულ გარიგებას ასახელებს

აშშ-ი მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია „კომერსანტს“ იმ კორუფციული სქემის შესახებ უყვება, რომლის შედეგადაც, ლარის კურსის გაუფასურება ხდება და რომლითაც სამართალდამცვი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

 

როგორც ბასილია განმარტავს, რეფინანსირების სესხები - ეს არის  კორუფციული სქემა. ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზიც სწორედ ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციული ბანკებისთვის რეფინანსირების სესხების სახით მიცემული  1, 450, 000, 000 ლარია.

 

„ეროვნული ბანკის მიერ პირველ აგვისტოს სავალუტო აუქციონზე გაყიდულმა 32 მილიონ დოლარმა გარკვეულწილად შეამცირა ზეწოლა ბაზარზე, რამაც მცირე ხნით გამოიწვია ლარის მცირედით გამყარება. სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ეს მოქმედება და მისგან გამოწვეული შედეგი დიდი ზარზეიმით გვამცნო ეროვნულმა ბანკმა. თუმცა, რა მოხდა ამის პარალელურად, არავის ულაპარაკიაგასაგებია, რომ ეროვნულ ბანკს არავითარი სურვილი არ ექნება საკუთარ თაღლითობასა და მანიპულაციებზე ისაუბროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოში არიან ამ სფეროს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის.


იგივე პირველ აგვისტოს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა 32 მილიონი დოლარი გაყიდა, ანუ მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 90 მილიონი ლარი, რეფინანსირების სესხების სახით კომერციულ ბანკებს მისცა 1, 450, 000, 000 ლარი. ანუ, ერთის მხრივ, ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს მიმოქცევიდან ამოიღო 90 მილიონი ლარი, ხოლო, მეორეს მხრივ, მიმოქცევაში გაუშვა თითქმის მილიარდნახევარი ლარი. არა მგონია, ამის შემდეგ ვინმესთვის გასაკვირი იყოს ის, რაც ხდება ლართან დაკავშირებით.


პირადად მე, გული მტკივა ამის გამო, რადგან ლარი არის არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტი, ამასთან იგი არის ჩემი შვილობილი. სწორედ, ამით არის გამოწვეული ჩემი მტკივნეული რეაქციები ლართან დაკავშირებით. მესმის, რომ ახალგაზდებმა არ იციან, მაგრამ იმედია, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ რომ სწორედ მე გახლდით იმ სამთავრობო შტაბის ხელმძღვანელი, ვინც მოამზადა ფულის რეფორმა საქართველოში და 1995 წლის სექტემბერში მიმოქცევაში გაუშვა ლარი. ამ საქმეში ჩემთან ერთად უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ვლადიმერ პაპავას, დავით იაკობიძეს, ნოდარ ჯავახიშვილს, მერაბ კაკულიას და სხვებს,“ აღნიშნავს ბასილია.     

 

ფინანსისტის ინფორმაციით, დღემდე ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ლარის კურსი ვარდნა გამოწვეულია ტურისტების რაოდენობის შემცირებით. თუმცა, უკვე გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები, რომლებიც აჩვენებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა მცირედით შემცირდა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, მთლიანობაში ტურისტების რაოდენობამ არა თუ იკლო, არამედ, გაიზარდა კიდეც მიმდინარე წლის 7 თვეში. გარდა ამისა, რაც ნამდვილად მისასალმებელია, ასევე გაიზარდა ამ სფეროს შემოსავლებიც. ანუ, ტურიზმის სფეროს არ ჰქონია რაიმე გავლენა ლარის კურსის ვარდნაზე.

 

„რამდენიმეჯერ მოვისმინე, რომ თითქოს ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი მოლოდინები ყოფილიყოს. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ, ასეთი მოლოდინები ნამდვილად შეიქმნა, რამაც გავლენა იქონია ლარის კურსზე. მაგრამ, ტურიზმის სფეროს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რომლებიც ადასტურებს ტურისტების რაოდენობის და ამ სფეროში შემოსავლების ზრდას, ბუნებრივია, უარყოფით მოლოდინებს არავითარი საფუძველი აღარ აქვს.“

 

ბასილია თქმით, იმისთვის, რომ გავიგოთ, ლარის ვარდნის გამომწვევი რეალური მიზეზები, ცოტა ღრმად უნდა ჩავიხედოთ პრობლემაში. “ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საბანკო სფეროში არსებულ ფუნდამენტალურ პრობლემებზე, ამიტომაც, აღარ გავიმეორებ მათ; მხოლოდ ერთ ფაქტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: ეს გახლავთ რეფინანსირების სესხები. თვალნათლივ რომ ავხსნათ: მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისთვის მიცემული ჰქონდა 270 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი. ამის შემდეგ, ამ სესხების ოდენობა მუდვად იზრდებოდა. კერძოდ, აპრილში იგი გაიზარდა 420 მილიონამდე, მაისში 600 მილიონამდე, ივნისში 850 მილიონამდე, ივლისში 1.23 მილიარდამდე, ხოლო აგვისტოში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეფინანსირების სესხების ოდენობამ 1.45 მილიარდ ლარს მიაღწია. როგორც ვხედავთ, მიმდინარე წლის თებერვლიდან აგვისტომდე ეროვნულმა ბანკმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიმოქცევაში დამატებით გაუშვა 1.2 მილიარდი ლარი. ეს გახლავთ ლარის კურსის ვარდნის ძირითადი მიზეზი,“— აცხადებს ბასილია.

 

რა არის რეფინანსირების სესხები? რატომ სჭირდებათ იგი „წარმატებულ“ ქართულ ბანკებს? ბასილია აღნიშნავს, ეს გახლავთ კორუფციული სქემა, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ. რაც შეეხება იმას, სწორია თუ არა ის, რომ ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს ინტერვენციები, ფინანსისტი განმარტავს:

 

“ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების გაგრძელებას აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს 32 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 90 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც იგივე ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით უშვებს 15-ჯერ მეტ ლარს. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია .... ამიტომაც, პირველ რიგში ფუნდამენტური პრობლემების მოგვარდება უნდა დაიწყოს და ამის შემდეგ გამოჩნდება იქნება თუ არა აუცილებელი სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები, აღნიშნავს ბასილია.

 

კითხვაზე, თვლით თუ არა, რომ ლარის გაუფასურების მიზეზების შესასწავლად უნდა დაიწყოს გამოძიება თუნდაც, საპარლამენტო კომისიის ფორმატში, ბასილია აცხადებს, რომ პირადად მისთვის ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელია. “რაც შეეხება საზოგადოებას, მისთვის ალბათ, ეს კარგი იდეაა, რადგან უფრო ნათელი გახდება არსებული პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრისთვის ხელისუფლების მზად ყოფნარამდენად არის ხელისუფლება მზად ამ თემებზე სასაუბროდ და ამ სფეროში წესრიგის დასამყარებლად - ეს ჩემთვის უცნობია,“—აცხადებს ბასილია.

 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9338 ლარი შეადგინა.  გუშინ  ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარი იყო. ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი განახლდა. როგორც ცნობილია, სებ-მა 1 აგვისტოს სავალუტო ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა $32.8 მილიონი დოლარი შეისყიდა. ტრანზაქცია 2.9283-ის კურსით შედგა.

 

 

 

 

კომერსანტი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge