Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:32 30.07.2019
კრემლის მოულოდნელი სვლა - ვინ არის მოსკოვის ახალი მომლაპარაკებელი აბაშიძე-კარასინის ფორმატში

“გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს, ასაკის გამო. რუსი დიპლომატი 23 აგვისტოს 70 წლის ხდება. მის შემცვლელად კი სამი კანდიდატურა სახელდება და როგორც რუსული „კომერსანტი" წერს, მთავარი კანდიდატი ივან ვოლინკინია, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებაში საკონსულო დეპარტამენტის დირექტორია და რომელიც 2007 წელს საქართველოდან გააძევეს 2 რუს დიპლომატთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით. რა ბედი ელის კარასინი-აბაშიძის ფორმატს და დათანხმდება თუ არა ქართული მხარე კარასინის ნაცვლად დიალოგი გამართოს დიპლომატთან, რომელიც 2007 წელს პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კრემლის მოულოდნელი სვლა - ვინ არის მოსკოვის ახალი მომლაპარაკებელი აბაშიძე-კარასინის ფორმატში / “2007 წელს საქართველოდან გაძევებული დიპლომატი ვოლინკინი ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში და ცდილობდა გავლენის მოპოვებას”


"საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი შენარჩუნდება, თუმცა, ვინ იქნება კარასინის ნაცვლად, არ იცის და კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც რუსეთის საგარეო უწყებიდან ცვლილებაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება. "კარასინის შესაძლო შემცვლელის ვინაობასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებიდან შევიტყვეთ დღეს, რაიმე ოფიციალური კომენტარი რუსეთის საგარეო უწყებიდან არ ყოფილა, შესაბამისად, როგორც კი იქნება ოფიციალური ინფორმაცია, შესაბამის კომენტარს ამის შემდეგ გავაკეთებთ. ვოლინკინს პირადად არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი მასზე. კარასინთან მომდევნო შეხვედრა სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ დიალოგის ეს ფორმატი შენარჩუნდება, მაგრამ პერსონალურ ასპექტებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებდით,"- ამბობს აბაშიძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ივან ვოლინკინის გაძევებას ადასტურებს წინა ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია. მისი თქმით, თუკი ეს დიპლომატი დაინიშნება კარასინის შემცვლელად, რუსეთი სწორედ ამ დიპლომატით ჩაანაცვლებს კარასინი-აბაშიძის ფორმატში კარასინს და ეს მათი მხრიდან იქნება ცინიკური ნაბიჯი. „ეს ქეისი მახსოვს, ვოლინკინი მუშაობდა თბილისში საელჩოში და რუსეთის საელჩოში ძირითადად ასე იყო, ყველა რომელიღაც სპეცსამსახურის წარმომადგენელი იყო. "ასე, საგარეო დიპლომატი არც არსებობდა და არც არსებობს და ფაქტი, რომ ვინმე ვოლინკინი ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, ხვდებოდა პოლიტიკურ პარტიებს და შიდა პროცესებში ცდილობდა გავლენის მოპოვებას, ასეთი ფაქტი მახსოვს. "ჩვენი სუვერენული უფლებაა ასეთ ფორმატში არ მივიღოთ მონაწილება, მით უმეტეს, ასეთ ცინიკურ ნაბიჯს გადადგამენ და გაძევებულ დიპლომატს დანიშნავენ კარასინის ნაცვლად პრაღის ფორმატში. "მეორე მხრივ, ზოგადად კარასინი-აბაშიძის ფორმატი საერთოდ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მითუმეტეს, თუკი დადასტურდება, რომ კარასინის ნაცვლად ნიშნავენ საქართველოშ არასასურველ პერსონად გამოცხადებულ ადამიანს. ამ ცინიკური ჟესტისთვის პასუხის გაცემა მოუწევს „ქართულ ოცნებას", ისინი არ გადაყლაპავენ ჩვენი ქვეყნის ღირსების ხარჯზე, ან ღირსეულ პასუხს გასცემენ,"- ამბობს ქუთელია” - განაგრძობს გამოცემა.

 

"ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით, ქვეყნის პრესტიჟისთვის წამგებიანია, როცა წლების წინ გაძევებულ დიპლომატთან ერთად რაღაც ფორმატში დიალოგს წარმართვა ხდება, თუმცა მოლოდინი აქვს. "წესით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულ ადამიანთან არ უნდა გაგრძელდეს. დიპლომატს ეკრძალება აწარმოოს ჯაშუშური საქმიანობა და ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. თუმცა, სამწუხაროდ, ვიცით რომ 2008 წლამდე რუსეთის საელჩო საქართველოში ახორციელებდა დახლოებით იგივე ჯაშუშურ ფუნქციას, რასაც საბჭოთა რუსეთის საელჩო 1921 წლის 25 თებერვლამდე, საბჭოთა ოკუპაციამდე. შეიძლება დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვას, რომ ეს დიპლომატი წინა ხელისუფლებამ გააძევა და ამიტომ ახლა მიიღოს. პუტინმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ იყო და საქართველო ოკუპანტიაო, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხიც არ გასცა, ამიტომ შესაძლებელია აბაშიძესთან მოლაპარაკების ფორმატში ამ დიპლომატის დანიშვნაზეც დახუჭოს თვალი. თუმცა, წესით, მნიშვნელობა არ აქვს ეს დიპლომატი როდის აწარმოებდა ჯაშუშობას, ის გაძევებულია და მასთან საქმიანი ურთიერთობები მიუღებელია. მიუხედავად ამის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი სწორედ მას დანიშნავს კარასინის შემცვლელად აბაშიძის ფორმატში და ხელისუფლებაც მასთან ურთიერთობაზე თანხმობა განაცხადოს,"- ამბობს ჩიტაძე”, - დასძენს გამოცემა.

 

"გრიგორი კარასინის თანამდებობიდან წასვლაზე და მის შემცვლელად ივან ვოლინკინის მოაზრებაზე ინფორმაცია რუსულ მედიაში გაჩნდა. ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. მათ შორის იყო რუსეთის ელჩი საქართველოში. 2007 წელს ივან ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ ორ რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. 2007 წლის ნოემბერში, შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიცია სპეციალურ მოლაპარაკებებს ატარებს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებთან. რაც შეეხება გრიგორი კარასინს, ოფიციალური ინფორმაციით, ის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს. რუსეთში საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად 70 წლის ასაკის ზემოთ მყოფ პირს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს, კარასინი კი 70 წლის ერთ თვეში ხდება. ცნობილია, რომ რუსი დიპლომატი ფედერაციის საბჭოში გადაინაცვლებს. მის კანდიდატურას სენატორის პოსტზე სახალინის გუბერნატორი აყენებს”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი